ნეტგაზეთი • RU

როგორ სწავლობენ „აზოვსტალის“ დამცველები ხელახლა სიარულს – ფოტორეპორტაჟი

წყარო: Hromadske.ua

პატარა სარეაბილიტაციო ცენტრს კიევის გარეუბანში დიდი მისია აქვს – მარიუპოლის დამცველებს ეხმარება. მებრძოლი, მეტსახელად „ბუივოლი“ პროთეზით სიარულს სწავლობს – მარიუპოლში ფეხი დაკარგა. კიდევ ერთი სამხედრო ტრენაჟორზე ვარჯიშობს – მოძრაობის კოორდინაციას ამუშავებს. მესამე – სხვადასხვა მხარეს მოძრავ მრგვალ დისკ-ტრენაჟორზე დგას – ხელახლა უნდა ისწავლოს, როგორ დაიჭიროს წონასწარობა.

ცენტრი კერძოა, თუმცა „აზოველებისთვის“ რეაბილიტაცია უფასოა.

„ბარსიკი“

„ბარსიკი“ რუსია. „აზოვს“ ჯერ კიდევ 2014 წელს შეუერთდა, როდესაც ომი დაიწყო. 2017 წლიდან სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა 24 თებერვლის დილით ისევ ფრონტზე დაბრუნდა. „აზოვის“ ტერიტორიულ დაცვასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ავიაციისა და არტილერიის წინააღმდეგ ბუჩისა და მოსჩუნის პირველ ბრძოლებში.

“ბარსიკი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua

როდესაც მისი ასეული კიევის ოლქიდან გამოიყვანეს, „ბარსიკი“ ოკუპირებულ მარიუპოლში გაფრენას დათანხმდა. მარტის ბოლოს 33 მოხალისე გადასვეს „აზოვსტალში“. „ბარსიკის“ ჯგუფს ასეთი დავალება ჰქონდა: ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე სამი ათსართულიანი კორპუსის ეზოს დაცვა უნდა გაემაგრებინა. ეს პოზიცია სამხედროებს 30 მარტამდე ეკავათ, ვიდრე „ბარსიკსა“ და მის მეგობარს დაჭრიდნენ. ისინი მეორე დღესვე გამოიყვანეს ვერტმფრენით.

“ბარსიკი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua

„ბარსიკი“ ახლა რეაბილიტაციას გადის და სამხედრო სამსახურში დაბრუნებას გეგმავს.

„ბუივოლი“

„ბუივოლმა“ ეროვნულ გვარდიასთან კონტრაქტს 2020 წელს მოაწერა ხელი – როგორც კი 18 წლის გახდა. პირველად ფრონტზე 24 თებერვალს მოხვდა. მისი დანაყოფი მარიუპოლში, „ილიჩის“ ქარხანაში იყო გამაგრებული.

“ბუივოლი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua

„ბუივოლი“ ქალაქის ბრძოლებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთის დროს, 23 მარტს, დაიჭრა და „აზოვსტალში“ გადაიყვანეს. როგორც ამბობს, „გაუმართლა“ – იმ დროისთვის ექიმებს ჯერ კიდევ შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია ანესთეზიით. მერე ამპუტაციას პირდაპირ, გამაყუჩებლის გარეშე, აკეთებდნენ.

“ბუივოლი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua

4 აპრილის ღამეს „ბუივოლი“ აზოვსტალიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. ახლა რეაბილიტაციას გადის და ფეხზე დადგომას სწავლობს. ერთ ფეხზე მას პროთეზი აქვს.

“ბუივოლი” პროთეზით სიარულს სწავლობს/ფოტო: Hromadske.ua

„შკოლნიკი“

როდესაც „შკოლნიკი“ „აზოვის“ წევრი გახდა, ის მხოლოდ 18 წლის იყო. უკვე ერთ წელიწადში კი საბრძოლო დავალებებს ასრულებდა.

“შკოლნიკი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua

როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ის თანამებრძოლებთან ერთად მარიუპოლთან, ბაზაზე იმყოფებოდა. მებრძოლებმა მაშინვე დაიწყეს ქალაქის დაცვაზე ზრუნვა. რუსები ჯერ ავიაციითა და არტილერიით ასწორებდნენ მიწასთან ქალაქის უბნებს, შემდეგ კი ქვეითები შედიოდნენ.

“შკოლნიკი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua

11 მარტს, სროლის დროს, ზღვის სანაპიროზე, „შკოლნიკი“ მენჯში დაიჭრა. 31 მარტს ის და მისი დაჭრილი თანამებრძოლები მარიუპოლიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს.

“შკოლნიკი” სარეაბილიტაციო ცენტრში/ფოტო: Hromadske.ua

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.