ნეტგაზეთი • RU

9 დღე და 18 საათი – ნიჩბებიანი ნავით 4 კაცი რუმინეთიდან ბათუმამდე ჩამოვიდა

9 დღე-ღამე და 18 საათი დასჭირდა 4 მოგზაურს რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან ბათუმის ნაპირებამდე გადმოსაცურად ნიჩბებიანი ნავით, რომელსაც ძრავაც კი არ აქვს.

„ალბათ, დრო მჭირდება, რომ გავიაზრო და გიპასუხოთ, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი,“ – პაუზის შემდეგ გვიტხრა დენიელ ლონგმენმა, 4 მოგზაურიდან ერთ-ერთმა, რომელმაც ნიჩბებიანი ნავით გადმოცურა შავი ზღვა.

დენიელ ლონგმენი პროფესიით ბიოლოგია, ის კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორია და მკვლევარი. სხვა ნიჩბოსნები კი ბიზნესში მუშაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთს სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ ერთად მოგზაურობის სურვილით.

დენიელ ლონგმენი 3 მეგობართან ერთად მოგზაურობს ნიჩბიანი ნავით. ამ დრომდე მხოლოდ ერთ-ერთს – ალექსის ჰქონდა ზღვაში ნიჩბიანი ნავით მოგზაურობის გამოცდილება. ოთხივეს დაღლილობა ეტყობა, თუმცა საგრძნობია შემართება – როგორ შეავსო პოზიტიური ენერგიით მოულოდნელობების გადალახვის შეგრძნებამ – „ალბათ, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ვარსკვლავების ცვენა იყო ღამით, ღია ზღვაში…

იყო შტორმიც, ზოგჯერ ტალღები ნავში შემოდიოდა, მაგრამ სულ სხვაა იგრძნო წვიმის სილამაზე, მზის ჩასვლა და ამოსვლა, ეს უბრალოდ ფანტასტიკაა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.

„ორი ადამიანის დაძინება არის შესაძლებელი აქ,“ – პატარა ნავს გვათვალიერებინებს ალექს დუმბრავა და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოთავსდეს ორი ადამიანი ნავის გადახურულ, ვიწრო ნაწილში დასაძინებლად იმ დროს, როცა ორი მგზავრი ნიჩბებთან რჩება.

ოთხი კაცი რუმინეთიდან ბათუმამდე ნიჩბებიანი ნავით ჩამოვიდა

ალექსი დუმბრავა

„მეორე ნაწილში მზის ბატარეაა, რომ ნავიგაცია შეძლო, ელექტრომოწყობილობები დამუხტო,“ – ნავის მეორე მხარისკენ გვითითებს ალექსი, სადაც რუმინეთისა და საქართველოს დროშებთან ერთად უკრაინის დროშაც ფრიალებს.

„ეს სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ და ის, რომ ეს საკითხი საქართველოს გულთანაც ახლოს არის, ქართველმა ხალხმაც განიცადა მსგავსი რამ,“ – გვიყვება დენიელ ლონგმანი.

როგორ იყო დაზღვეული უსაფრთხოება? – დენიელი გვარწმუნებს, რომ „რისკი ყოველთვის და ყველგან არის“, თუმცა ღამით ნავზე ნიჩბოსნები სპეციალური აღჭურვილობით ყოფილან მიმაგრებული.

„თუ გადავარდები ბორტიდან, ვერ ამოგიყვანენ, ნავი დიდად მანევრირებადი არ არის, თუ ტალღები რომელიმე ჩვენგანს წაიღებდა, მისი ამოყვანა ძალიან რთული იქნებოდა. ბუნებრივია, არსებობს საფრთხის ელემენტები, მაგრამ ეს გათვალისწინებული გვქონდა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.

ნიჩბოსნების თქმით, გზად ძირითადად მომარაგებულ ხილს ჭამდნენ, ასევე მშრალ საკვებს, რომელიც ნავში მცირე ოდენობით ჰქონდათ. „ცხელი საკვები, რა თქმა უნდა, არ გვქონდა“, – იღიმის დენიელი.

„ალბათ, 4-5 დღე გავჩერდებით აქ, ბათუმში. გვაინტერესებს ქალაქის არქიტექტურა, მთების ნახვაც გვინდა, კლდეზე ცოცვაც კარგი იქნებოდა… უკან გზაზე გავფრინდებით ალბათ“, – ამბობს დენიელი და ბათუმის სანაპიროდან  მთებს გაჰყურებს.

 

მოგზაურები ბათუმში 4-5 დღე გაჩერდებიან

ნიჩბოსნების თქმით, მათ ახალი რეკორდი დაამყარეს, რადგან მანძილი რუმინეთიდან ბათუმამდე დროის ამ მონაკვეთში ამ დრომდე არავის დაუფარავს.

ნიჩბიანი ნავი, რომლითაც მოგზაურები დღეს ბათუმში შემოვიდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი