აჭარაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის, ან ქვეპროგრამის დაფინანასებას მოქალაქეები ითხოვენ.
შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგიტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისაგრებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს.
პეტიციაში ჩამოთვლილია იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ბენეფიციარს პროგრამის დაფინანსება მისცემს.
კერძოდ, ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/ზრდასრული პირი დამოუკიდებლად ან ნაწილობრივ დამოუკიდებლად განახორციელებს რიგ აქტივობების რაშიც მანამდე სჭირდებოდა გარე პირის დახმარება სრულ პროცესში;
გაუმჯობესდება კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს და საბავშო ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის თუ დასაქმების ადგილზე მყოფ პერსონალს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფის ეფექტურ ჩართულობასა და მონაწილეობას მისთვის აქტუალურ საკითხებში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის/ზრდასრული პირისთვის ხელმისაწვდომი და მართვადი ხდება გარემოში არსებული ელექტრო მოწყობილობები და კომპიუტერული სისტემები. ეს უკანასკნელი კი, პირს ეხმარება ინფორმაციის მოძიების, განათლების, კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ჩართულობაში;
შესაძლებელი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და ამით მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
პეტიციის მიხედვით, პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
„თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის მასალა გადაეცემა“ – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში.
როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
ხანძარი ხულოს სოფელ მეხალაშვილებშიხანძარი ხულოს სოფელ მეხალაშვილებში / ფოტოები მოგვაწოდეს ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულიდან
—
ხულოს მუნიციპალიტეტის ამავე სოფელში, 2019 წელს, 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა:
აშშ-ის ომის ინტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ადმინისტრაციები „თვითმობილიზაციის“ შესახებ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მოწოდების გარშემო ერთიანდებიან და მოხალისეთა ბატალიონებს ქმნიან.
როგორც ISW-ის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 16 სექტემბერს ვლადივოსტოკის მერიამ დაადასტურა, რომ 25-დან 63-წლამდე კაცებს, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ქალაქის ადმინისტრაცია წერილებს უგზავნის და ქვეყნის სამხედრო საარმიო რეზერვში ან მოხალისეთა დანაყოფ „ტიგრში“ ჩაწერას სთავაზობს.
„ვლადივოსტოკის შემთხვევა მიუთითებს, რომ რუსეთის მუნიციპალური ხელმძღვანელობა შეიძლება განიცდიდეს ზეწოლას ფედერალური ხელისუფლებისგან, რათა გარკვეული რაოდენობის „მოხალისეთა ბატალიონები“ შექმნას,” – წერს ISW.
ანალიტიკოსების ცნობით, სხვა ადგილობრივმა ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი კადიროვის მოწოდებას და ახალი ბატალიონების შესახებ გამოაცხადეს:
კიროვის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ სოკოლოვის თქმით, ოლქმა შექმნა თავისი მეორე ბატალიონი, სახელად „შირონინი“, ხოლო მისი პირველი მოხალისეთა ბატალიონი „ვიატკა“ უკვე უკრაინაში იბრძვის.
მოხალისეთა მოწვევის შესახებ გააკეთა განცხადება ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმაც. სერგეი აქსენოვმა 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყირიმი მოხალისეთა მოსაზიდად სამუშაოებს ააქტიურებს.
მაგადანისა და კემეროვის ოლქების გუბერნატორებმა ფინანსური დახმარება აღუთქვეს მოხალისეთა ბატალიონებს და იგივესკენ მოუწოდეს სხვა რეგიონებსაც.
„თვითმობილიზაციას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ვორონეჟის, ჩუვაშის, ბაშკირეთის ოლქების ხელმძღვანელებმაც და დასძინეს, რომ დაახლოებით 1000 მოხალისე თითოეული ოლქიდან უკვე ჩართულია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.“
თავად კადიროვმა 16 სექტემბერს გამოცხადა, რომ მისი ჩეჩნური ბატალიონები „ახმადი“ „ვოსტოკი“ და „ზაპადი“ დონბასში არიან. დასძინა, რომ ჩეჩნეთში კიდევ ერთი დანაყოფი შეიქმნა, „ახმად 1“, რომელშიც კბილებამდე შეიარაღებული 2 000 სამხედროა და პირობა დადო, რომ ეს ჩეჩნების ბოლო რაზმი არ იქნება.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხებისა და წამების საკნების აღმოჩენა ადასტურებს ISW-ის ადრინდელ შეფასებას, რომ ბუჩის სისასტიკე არა ცალკეული შემთხვევა, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არმიის ტრადიციული ქცევის მაგალითი იყო.
უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, რუსეთი უკრაინისთვის დაბრალების მიზნით პროვოკაციას გეგმავს.
უკრაინის ძალებმა 16 სექტემბერს მთლიანად დაიკავეს ქალაქი კუპიანსკი და განაგრძობენ შეტევას მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით.
უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, „ჰაიმარსით“ დაარტყა რუსეთის შტაბებს ხერსონში და ოლქის სამ ზონაში სახმელეთო მანევრებს განაგრძობს.
დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია.
შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია გამარჯვებულის გამოვლენის ვადებმა, შესაბამისად, გადაიწევს გაზიფიცირების დაწყების სამუშაოებიც. ეს ვადები კიდევ გადაიწევს, თუ ხელახალი ტენდერებიც არ შედგა.
ამ შემთხვევაში არის თუ არა გამოსავალი შესყიდვის სავარაუდო თანხების გაზრდა და, ტენდერებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პრეტენდენტები, ეს შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ, 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოჩნდება.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აჭარის ორი დაბისა და 11 სოფლის გაზიფიცირებაზე ორი ტენდერი ქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 16 სექტემბერს დასრულდა. არცერთ ტენდერში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაწილეობა არავინ მიიღო:
ერთი ტენდერი – ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე, სადაც სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარი იყო.
ხელახალ ტენდერში ეს თანხა 1 122 967 ლარით არის გაზრდილი და 6 163 287 ლარია.
მეორე ტენდერი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ 261 ათას 725 ლარი იყო.
ხელახალ ტენდერში ეს თანხა 1 227 153 ლარით არის გაზრდილი და 5 488 878 ლარია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი [850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი] უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო რუსეთის ძალებმა თავდაცვითი ზღუდე მდინარე ოსკილსა და ქალაქ სვატოვოს შორის შექმნეს.
„რუსეთი მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნევდეს ამ ზონაზე კონტროლის შენარჩუნებას, რადგან სწორედ მასზე გადის ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო ლოგისტიკური მარშრუტი, რომელსაც რუსეთის ჯერ კიდევ აკონტროლებს ბელგოროდის ოლქიდან, რუსეთიდან,“ – წერს უწყება 17 სექტემბრის რელიზში.
დაზვერვა მიუთითებს, რომ ეს ზონა დონბასის ნაწილია, ლუგანსკის ოლქის, რომლის „გათავისუფლებაც“ რუსეთს თავის უახლოეს მიზნად აქვს დასახული.
„ნებისმიერი მნიშნელოვანი დანაკარგი ლუგანსკის ტერიტორიაზე ერთმნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთის სტრატეგიას. სავარაუდოდ, რუსეთი ამ რაიონის დაცვას ეცდება, თუმცა გაურკვეველია, აქვთ თუ არა რუსეთის მოწინავე ძალებს საკმარისი რეზერვები და საკმარისი მორალური განწყობა, რათა წინააღდეგობა გაუწიონ უკრაინელთა კიდევ ერთ კონსოლიდირებულ შეტევას,“ – აღნიშნავს დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსეთის არმიაში პირადი შემადგენლობის დეფიციტზე მიუთითებდა და წერდა, რომ მოსკოვი დანაკარგების შევსებას ყველა შესაძლო გზით ცდილობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 2 202 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 4 701 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 1 306 ერთეული [+4]
MLRS – 312 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 251 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 216 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 911 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 236 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 571 ერთეული [+21]
სპეცტექნიკა – 121 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
293 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
1 973 უპილოტო საფრენი აპარატი
375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
837 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 393 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 640 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„რუსები ახლა ფრონტზე გადაჭიმულობას ამცირებენ“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისთვის მკაფიოდ ჩანს ბრძოლის ველიდან ის, რომ რუსებს უჭირთ, როგორც აღჭურვილობის ნაწილში, ისე ჯარისკაცების რაოდენობით.
„საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს პუტინმა, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას რუსეთში,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი და ამჯერად გადამწყვეტ ფაქტორად „ხერსონზე კონტროლს“ ასახელებს: თუ რუსები უკრაინელებს ხერსონში გაუმკლავდნენ, რუსები ძალებს მოიკრებენ, ხოლო ხერსონიც თუ დაიბრუნეს უკრაინელებმა დაზამთრებამდე, მაშინ უკვე ზაპოროჟიეს გათავისუფლებაც მარტივდება.
„მერე აზოვის ზღვაზეც თუ გავიდნენ, ყირიმის ხიდსაც კი მისწვდებიანო,“ – დასძენს გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე უკრაინა დასავლეთიდან „ლენდ-ლიზის“ სრულად მიღებას ელის, მნიშვნელოვანია წარმატების შენარჩუნება უკრაინის მხარეს. „ამ დროს სხვანაირად აქტიურდება წინააღმდეგობის მოძრაობა და რუსებსაც ოკუპირებულ მიწაზე სადივერსიო მოქმედებებს უნდა ელოდნენ“, – ამბობს ის.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად კონტრშეტევის შეჩერებით დავიწყოთ – რა მოხდა მას შემდეგ, როცა უკრაინელებმა აიღეს ინიციატივა და გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი, რატომ შეჩერდა ეს პროცესი?
ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იმდენი ტერიტორია უნდა დაიკავო, რამდენის შენარჩუნებასაც შეძლებ. არ შეიძლება მოწყდე მთლიანად ეშელონებს და სიღრმეში რეზერვებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად უკრაინელები მოხვედრილიყვნენ დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, უკრაინელებმა მართებულად აიღეს ტაქტიკური პაუზა, რომ დაკავებულ ტერიტორიები გაამაგრონ, გადაჯგუფებები განახორციელონ, თავდაცვითი ნაგებობები და სისტემები მოაწყონ, ასევე საინჟინრო ნაგებობები, კომენდანტის ორგანიზებაა საჭირო და ასე შემდეგ.
ბოლოს აქტიური კონტრშეტევა იყო ლიმანზე და ახლაც განაგრძობენ, მაგრამ წარუმატებლად. რუსებმა იქ შეძლეს ასკოლიის წყალსაცავის ნაპირზე გამაგრება. ამ წყალსაცავის სიგანე ერთიდან ოთხ კილომეტრამდეა და უკრაინელებისთვის არ არის მარტივი ამ წინააღმდეგობის გადალახვა. ამას სჭირდება სიღრმიდან ეშელონების შემოყვანა, მოსაწყობია არტილერია, პოზიციები. ყველამ ვნახეთ თავდაპირველად როგორ მივიდნენ რუსები კიევამდე, მაგრამ მოწყდნენ რეზერვის ხაზებს, მომარაგების ხაზებს და გაანადგურეს.
უკრაინა ცდილობს განაახლოს კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც მდინარე ენგულეცთან გარკვეული პლაცდარმია შექმნილი და უკრაინული ძალების გარკვეული კონცენტრაციაა, თუმცა წყალდიდობის დროს წყლის დონემ მოიმატა და უკრაინელების მიერ მოწყობილი საპონტოვნე ხიდები დააზიანა. ეს მომზადების პროცესი გრძელდება.
რუსების ტაქტიკა რა არის ამ დროს? გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი ამბობს, რომ „ელვისებური კონტრშეტევა შესაძლოა არ იყოს ეფექტური მოსკოვის ჯარების დიდ ტერიტორიაზე უკან დახევაში.“
რუსები ცდილობენ ხარკოვიდან გამოყვანილი ძალები გადააწყონ სამხრეთის მიმართულებაზე. ჩანს, რომ ემზადებიან თავდაცვისთვის…. დონბასში, ბახმუტის სამხრეთით კი, ისევ განაგრძობენ პერიოდულად შეტევას და გარკვეული წარმატებაც აქვთ. სხვათა შორის, იქ დამოუკიდებლად მოქმედებს „ვაგნერი“, ეტყობა, იმდენად გააძლიერეს, რომ დამოუკიდებლად წარმართავს ოპერაციას, ადგილობრივი დანაყოფებიც ემატება… მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ცდილობენ ინიციატივა შეინარჩუნონ.
რუსებისთვის უკანდახევა არის ლოგიკური, რადგან ვიცით, რომ მათ მთლიანად ჰყავთ სადღაც 120 ათასამდე და ეს დანაყოფი გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე. კლასიკური, ოპერატიული გათვლებით თუ მივუდგებით, ეს რაოდენობა საკმარისია მხოლოდ 60 კილომეტრისთვის.
თანაც, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინა უკვე ახერხებს თავისი რესურსებით არათუ გაუთანაბრდეს, არამედ უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომაც, რუსები ახლა ცდილობენ შეამცირონ უკრაინის ფრონტზე გადაჭიმულობა და მოახდინონ თავდაცვაში სიმჭიდროვის ორგანიზება.
რა ხდება ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც უკრაინელებს აქვთ პლაცდარმი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. საითკენ მიდის პროცესი, თქვენი დაკვირვებით?
თუ უკრაინელები მართლაც აპირებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით, საითკენაც ჩანს ძალების კონცენტრაცია, ჩემი გადასახედიდან და ოპერატიული ხელოვნების თვალსაზრისით, თუ ჯერ ხერსონი არ გააკონტროლეს, შესაძლოა, ორი მხრიდან ერთდროულად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ უკრაინელები, თანაც, უკრაინელების მინუსი ისაა, რომ არ აქვთ საზღვაო ძალები და აზოვის ზღვიდან მხარდაჭერა ვერ ექნებათ. მერე თუ შეაღწიეს აზოვის ზღვაზე, მაშინ ყირიმის ხიდსაც იოლად მისწვდებიან.
მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია უკრაინელების შესაძლებლობებზე, შესაძლოა, მათ სხვა გათვლა აქვთ, მაგრამ ხერსონის კონტროლის გარეშე შესაძლოა აღმოჩნდნენ ორი რუსული დაჯგუფების შუაში და ეს დიდი რისკია. მაშინ იმდენი ძალა უნდა ჰქონდეთ, რომ ორივე მხარეს შეძლონ წინსვლა.
რუსებს რა ძალა აქვთ ამასობაში? იგივე გერმანელი გენერალი ცორნი არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ძალუძს მეორე ფრონტის გახსნაც და იერიშის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად საქართველოსაც ასახელებს, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესის აზრით კი, ეს სუსტი ანალიზია და გერმანიის „ელიტის“ აზროვნებას ასახავს. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ „მარტო ფინეთი დაამარცხებს რუსეთს“.
არა მგონია, რომ ახლა რუსებს სხვა მიმართულებით ბრძოლა შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის ძალა, რომელიც ეფექტურად გაუწევს წინააღმდეგობას.
რუსეთს საკმაოდ რთული ვითარება აქვს: მას სჭირდება ხალხი, მობილიზაცია, ამოსუნთქვა, რომ როგორმე ზამთრამდე მიაღწიოს. დაახლოებით ერთი თვე კიდევ აქვთ დარჩენილი უკრაინელებს, რომ დამატებით წარმატებებს მიაღწიონ.
თუმცა პუტინი ისევ სწორ ნაბიჯად მიიჩნევს ომის დაწყებას უკრაინაში და არ ვაპირებ ომის დასრულებასო, ასე უთქვამს გერმანიის კანცლერისთვის, როცა მას ტელეფონით ესაუბრა.
რას ეტყოდა, აბა? პუტინი იმას ხომ ვერ იტყვის, მივქარე და შევცდიო. ეს რომ თქვას, მისი დასასრული იქნება.
ანუ ფიქრობთ, რომ პუტინი უშვეს რუსეთის დამარცხებას ამ ომში?
მე მგონია, რომ ის ხვდება ამას. წარმოიდგინეთ: უკრაინა რომც გავიდეს თავის ადმინისტრაციულ საზღვარზე 24 თებერვლის მდგომარეობით და გაყაროს რუსი დამპყრობლები, არა მგონია, ეს ომის დასასრული იყოს. ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. სხვა დასასრული და გამოსავალია საჭირო, არ ვიცი, ეს ალბათ იქნება თვითონ ცვლილებები რუსეთში.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მორიგ მარცხს რუსეთისთვის? პროპაგანდისტები რუსეთში მოსახლეობას სთხოვენ, რომ დაეხმარონ ჯარს საჭმლით, თბილი ტანსაცმლით. თქვენი აზრით, რეალური საჭიროება აქვთ ამის, თუ ამ გზით სურთ საბრძოლო სულისკვეთების გაზრდას და მოსახლეობისგან უშუალო მხარდაჭერის მიღება?
არ ვიცი, რა როგორ შეიძლება შეიცვალოს რუსეთში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება პირადი შემადგენლობა, რაც არ აქვთ და ამხელა ფრონტზე არიან გადაჭიმული. ეს მოსაზრებები რაც არ უნდა შენიღბული იყოს, ფაქტია, რომ რუსებს სჭირდება დამატებით დანაყოფები.
რატომ არიდებს თავს პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?
მობილიზაცია გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას რუსეთში, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება. პუტინი ცდილობს, ურაპატრიოტული მოტივებით გაზარდოს ეს შესაძლებლობები, ფარული მობილიზაცია გამოიყენოს, მაგრამ კადიროვის მოწოდებაც, რომ თითოეულმა რეგიონმა 10 000-იანი დანაყოფი მაინც შეაგროვოს, აჩვენებს, რომ რუსებს ადამიანური რესურსი სჭირდებათ ომის გასაგრძელებლად.
ერთია ფარული მობილიზაცია, მოხალისეების წაყვანა ომში და მეორეა, როცა მობილიზაციას აცხადებ, ანუ გამოდის, რომ შენ წარმატებას ვერ მიაღწიე სპეციალურ ოპერაციაში და ამ დროს, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მოსახლეობა, რომელიც ნაკლებად არის ჩართული ომის სირთულეებში, ომში აღმოჩნდება. ეს სერიოზული პროტესტის საფუძველი შეიძლება გახდეს.
არ არის გამორიცხული, ამ დროს პუტინის ჩანაცვლება მოახდინონ, იტყვიან, რომ პუტინი ავად გახდა, ან ვერ არის თავის ჭკუაზე, ჩამოაცილონ ამ ოპერაციას და წავიდნენ მოლაპარაკებაზე, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანელი გენერლების ნაწილმა გადაწყვიტა მოლაპარაკებაზე წასვლა იმისთვის, რომ ღირსეულად გამოსულიყვნენ ომიდან.
როცა საყოველთაო მობილიზებას არ აცხადებს პუტინი, რაზე აქვს გათვლა? მაგალითად, რა როლს ასრულებენ ამ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონები ჩეჩნეთიდან?
ჩეჩნებმა ვერსად ვერ გამოიჩინეს თავი, ხერსონშიც არიან და დონბასშიც. ლიმანშიც კი, კაზაკების ბატალიონმა იბრძოლა, ჩეჩნები იქიდანაც სწრაფად გარბოდნენ…
Forbes-ის მონაცემებით, უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში კრემლს მილიონობით დოლარი დაუჯდა – 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის ზარალი 670 მილიონ დოლარს აღემატება და ის უფრო და უფრო ხშირად მიმართავს დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა. რამდენად ჩანს შეიარაღების პრობლემა?
დიახ, იგრძნობა შეიარაღების პრობლემა. რუსებს ხომ ისედაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა არ აქვთ და ამიტომაც არის რუსეთის მხრიდან ეს აქტიურობა აღჭურვილობის შეძენაზე. როგორც გავიგე, ჩრდილოეთ კორეიდან აპირებენ გარკვეული აღჭურვილობის შეძენას. უკრაინა იღებს ახალ აღჭურვილობას და დანაკარგებს ავსებს. ასევე, ცნობილია, რომ პირველი ოქტომბრიდან უკრაინა აღჭურვილობის ახალ ნაწილს მიიღებს „ლენდ-ლიზით“, რაც ხარისხობრივად ნამდვილად აღემატება რუსეთის შეიარაღებას.
უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დრო, რომ მიიღოს და დანერგოს ახალი აღჭურვილობა, ხოლო რუსეთი ზამთარს ელის, რომ ევაჭროს ევროპას ენერგორესურსებით, როგორც ეს წინა ინტერვიუში გვითხარით, თუ გაჩნდა ახალი პირობა?
მე ახალ პირობას ვერ ვხედავ, თუმცა თუ რუსებმა სამხრეთ მიმართულებაზე მოახერხეს უკრაინელების შეტევაზე გამკლავება, ეს შეიძლება იყოს მათთვის დამატებითი რესურსი. თუმცა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი ემზადება თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჰესებზე დარტყმებიც კიდევ უფრო გაართულებს უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობას ზამთრის პირობებში.
თუმცა უკრაინისთვის უკვე საცეცხლე ზემოქმედების ქვეშაა ხერსონი.
დიახ, ხერსონი მიწვდომის მანძილზეა, უკრაინელები სწვდებიან ხერსონის ოლქს… აქ კიდევ ერთი მომენტია ხაზგასასმელი: როდესაც ჯარს აქვს წარმატებები, აქტიურდება წინააღმდეგობის მოძრაობაც და მათ უჩნდებათ ახალი იმპულსი, მოტივაცია ეს მოძრაობა გააქტიურდეს. რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სადივერსიო მოქმედებებს უნდა ელოდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ყველაფერს აკეთებს უკრაინაში კონფლიქტის მალე დასასრულებლად“, თუმცა მეორე მხარეს „სამხედრო გზით გამარჯვებას სურს“.
პუტინმა უკრაინასთან ომზე ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერვე დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ამჯერად არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“, არამედ „კონფლიქტად“ მოიხსენია.
„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინაში კონფლიქტზე, შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოთქვამთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარე, უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებს მოლაპარაკების პროცესზე და აცხადებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ომის გზით სურს. როგორც ისინი ამბობენ, ბრძოლის ველზე. მაგრამ მაინც, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც იქ ხდება,“ – თქვა პუტინმა.
ინდოეთის პრემიერიც და რუსეთის პრეზიდენტიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, უზბეკეთში იმყოფებიან.
10 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთთან ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგება, რადგან რუსულ მხარეს არანაირი ადეკვატური პოზიციის ფორმულირება არ შეუძლია.
ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში კონტრშეტევების დაწყების შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე კიდევ ერთი კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევი აღარ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებისთვის იმ პირობით, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჯარები 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდნენ – ახლა ამას უკრაინის სრული დეოკუპაცია სჭირდება.
იმის მიუხედავად, რომ ყველა ინსტანციის სასამართლომ ცალსახად უკანონოდ მიიჩნია ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება „თემურ გაბაიძის საქმეზე“, საბჭომ სასამართლო დავის შემდეგაც არაფერი შეცვალა.
„პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ადმინისტრაციული წარმოების ზერელე ჩატარებას, ასეთი მძიმე უფლებრივი დარღვევისადმი გულგრილობას და სასამართლოსადმი უხეშ უპატივცემულობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა გაბაიძე, რომელიც გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დაა და გარდაცვლილის ცოლის – ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინტერესებს იცავს.
საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2018 წელს მიიღო – ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი.
ამ უკანასკნელი ექიმის ხ.გ.-ს მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სასამართლოში ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ. მისი აზრით, ექიმს სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ უნდა გაუუქმდეს.
სასამართლოს შეფასებით, ეს საკითხი ხელახლა უნდა განეხილა პროფესიული განვითარების საბჭოს და „საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ“ მიეღო ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭო ხელახლა 2022 წლის 27 ივლისს შეიკრიბა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ წინა აქტი უკანონოდ მიიჩნია, ჩათვალა, რომ არაფერი არ უნდა შეცვალოს.
ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ რამდენიმე დღის წინ – 13 სექტემბერს ხელახლა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამჯერად მან სასამართლოში უნდა ამტკიცოს, რომ საბჭოს ახალი გადაწყვეტილება რეალურად ფიქტიური იყო. გარდაცვლილის მეუღლე სასამართლოში ასევე ითხოვს, ბათილად ცნოს 27 ივლისის გადაწყვეტილება და დაავალოს საბჭოს, გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც გაუუქმებს ექიმის სერტიფიკატს ხ. გ.-ს.
გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დამ, თამილა გაბაიძემ, რომელიც პროფესიით იურისტია, საბჭოს სხდომის ჩანაწერი გვაჩვენა იმის საილუსტრაციოდ, რომ რეალურად საბჭო არც ამჯერად დაინტერესებულა საქმის დეტალების გამოკვლევით. ამ საბჭოს ამჯერად ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობს, მოადგილეა თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. საბჭოს შემადგენლობაშია, მაგალითად, ზაალ მიქელაძეც, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ახლა უკვე პარლამენტის წევრი.
„საბჭოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ საბჭომ გვერდი აუარა სასამართლო გადაწყვეტილებებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და განმარტებებს, საერთოდ არ შეაფასა შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის გამოკითხვის ოქმი, არც საქმის მასალები შეუსწავლია, არც პაციენტ თემურ გაბაიძის ტრავმისთვის განსაზღვრულ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ პროტოკოლს გასცნობია და არც სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსს. დაეყრდნო მხოლოდ საბჭოს წევრების ზეპირსიტყვიერ (მტკიცებულებებით გაუმყარებელ) მტკიცებულებებს, მოისმინა რეცენზენტ გიორგი ბერიაშვილის განმარტებები იმ საკითხზე, რომელიც მისი განმარტებების საპირისპიროდ დაადგინა სასამართლომ (მაგალითად, რეცენზენტი ამბობდა, რომ ექიმ გ.-ს არ დაუმძიმებია პაციენტის მდგომარეობა, სასამართლომ კი, დაადგინა, რომ დაამძიმა),“ – ამბობს თამილა გაბაიძე.
პროფესიული საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საბჭომ იმსჯელა პაციენტის საკითხზე, რაც ექსპერტიზის შეფასებითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო – პაციენტის ვერტმფრენით გადაყვანა „გოდერძიდან“ ბათუმში, რასაც დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდებოდა და რაც ექსპერტის დასკვნით შესაძლო გამოსავალი იქნებოდა.
ამ ნაწილში საბჭოს სხდომაზე მოსაზრება ზაალ მიქელაძემ გამოხატა, რომელიც თემურ გაბაიძის ტრაგედიის დროს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.
„გოდერძის უღელტეხილიდან, ამბულატორიიდან მიღებული შეტყობინებებიდან არ იკვეთებოდა პაციენტის საგანგაშო მდგომარეობა… ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ამბულატორიასთან არ იყო და კლიმატური პირობების გამო ვერანაირი ვერტმფრენი ვერ მიაღწევდა,“ – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ეს სიმართლეა?
საქმის მასალების თანახმად, ექიმს, რომელმაც პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია თემურ გაბაიძეს, არ დაურეკავს 112-ში და არ გაურკვევია, შესაძლებელი იყო თუ არა მძიმე პაციენტის კლინიკაში ვერტმფრენით გადაყვანა.
ამ საქმეში ტრანსპორტირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია – თემურ გაბაიძე კურორტზე დაახლოებით დღის 2 საათზე დაშავდა, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კი, ის 23 საათსა და 45 წუთზე შეიყვანეს, ანუ მის ტრანსპორტირებას ხულოდან ბათუმამდე დაახლოებით 9 საათი და 40 წუთი დასჭირდა.
„იმ პერიოდში იყო 1 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი, ამბულატორიასთან იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა, მძღოლის მოძებნა დაიწყო შემდეგ, გზა გასაწმენდი იყო, მხოლოდ ექიმზე რატომ არის აქცენტი, გაუგებარია…“, – ესეც აღნიშნა საბჭოს სხდომაზე ზაალ მიქელაძე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ხულოს კლინიკაში პაციენტის მიყვანა მართებული იყო, იქ კატასტროფის ჯგუფისთვის მოხდა პაციენტის რეფერირებაო, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, ხულოს კლინიკაში თემურ გაბაიძე ზუსტად 1 საათი და 50 წუთი გააჩერეს.
საბჭოს სხდომაზე კითხვა გაუჩნდა თამარ გაბუნიასაც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს: „ოჯახის ექიმი შესაბამისი საშუალებების გარეშე როგორ შეაჩერებდა სისხლდენას?“ – იკითხა მან და აქცენტი რეცენზენტის დასკვნაზე გააკეთა, სადაც წერია, რომ „ექიმს უნდა მოეხდინა სისხლის შეჩერება და დაუყოვნებელი ტრანსპორტირება სპეციალიზებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“.
„ექიმი გარემო პირობების და კლიმატური პირობების მიმართ იყო არაადეკვატური, მან ანამნეზი არასწორად და არასრულყოფილად შეკრიბა,“ – მიმართა პროფესიული საბჭოს წევრებს სხდომაზე თამილა გაბაიძემ, გარდაცვლილი თემურ გაბაიძეს დამ. მან საბჭოს წევრებს სთხოვა გამოეკვლიათ, შეასრულა თუ არა ექიმმა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, ამ კუთხით არსებული პროტოკოლის რეკომენდაციები, ან რატომ არ შეფასდა, მაგალითად, პაციენტის ცნობიერების დონე „გლაზგოს შკალის“ მიხედვით?
„გასაგებია, რომ როდესაც თავიდან სდის სისხლი პაციენტს, ჭრილობა ვერ იქნებოდა მსუბუქი,“ – დასძინა სხდომაზე თამილა გაბაიძემ.
„თემურ გაბაიძის საქმეზე“ 2017 წელს დაიწყო გამოძიება, სავარაუდოდ ექიმების გულგრილი დამოკიდებულების გამოსავლენად. თამილა გაბაიძემ გვითხრა, რომ გამოძიებას არაფერი დაუდგენია და გარდაცვლილის მეუღლეს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს.
რა გაარკვია პროკურატურამ „თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე“ ძიების დაწყებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი პროკურატურის პრესცენტრისგან ვერ მიიღო.
დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 328 მძღოლი დააჯარიმეს, აქედან:
ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა – 61, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 3, ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისთვის 2, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 246, ნიშანში დგომისთვის – 2, დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო კი – 14.
პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.
ასაკის მიუხედავად, მერი გულუამ უარი თქვა ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლაზე. წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მოიპოვა და დღესაც ჩხოროწყუში, ხაბუმეს თემის პირველ საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურის ბავშვებს ასწავლის. „ყოველ წელს ვამბობ, რომ „წელს დავამთავრებ“, მაგრამ მომდევნო წელს ისევ სკოლაში მოვდივარ“- უთხრა 80 წლის მერი გულუამ „ბათუმელებს“.
ქალბატონო მერი, რატომ დარჩით სკოლაში, ხომ შეგეძლოთ აგეღოთ ფულადი ჯილდო და გეცხოვრათ მშვიდად?
იმიტომ არ წავედი, რომ ჯილდო არ იყო ჩემთვის მთავარი, მუშაობა მაინტერესებდა. გამოცდაც ჩავაბარე და სტატუსი მივიღე.
მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. დედაც და მამაც, ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდნენ მასწავლებლებად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რომ დაარსდა. ოჯახში სამი ბავშვი ვიყავით და სამივე მასწავლებელი გავხდით.
იყო მშობლების გავლენა, პროფესიის არჩევისას?
ალბათ იყო, თუმცა მშობლებს არასდროს დაუძალებიათ. წიგნების, კითხვის სიყვარულმაც თავისი გავლენა იქონია.
ახლა ბავშვებს უფრო მეტი გასართობი აქვთ, სათამაშოებიც, კომპიუტერებიც, მაშინ კი ჩვენი თამაშიც და ყველაფერი, წიგნები იყო.
სოხუმში დავამთავრე პედაგოგიკის სასწავლებელი დაუსწრებლად და მესამე კურსიდან მუშაობდა დავიწყე იმავე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი.
რას ნიშნავს მასწავლებლობა, რისი სწავლებაა მნიშვნელოვანი თქვენი აზრით?
ძალით მასწავლებლობა არ შეიძლება, მთავარია ბავშვები გიყვარდეს. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ვაკვირდებოდი ბავშვებს, მათთან ურთიერთობას და გამოცდილებაც მეტი მივიღე. ვფიქრობ, ყველა ბავშვს ალღო უნდა აუღო, ერთნაირი მიდგომა არ გამოვა.
პირველ რიგში თავი უნდა შეაყვარო ბავშვს და შემდეგ საგანიც შეუყვარდება. ბავშვი იმაზე კი არ ფიქრობ, რომ ეს საგანი მისთვისაა და წაადგება, თუ მასწავლებელი არ უყვარს, არც მისი საგანიც უყვარს.
მოახერხეთ სიყვარულის მოპოვება?
ვფიქრობ, კი. ბავშვებს გაუგო უნდა, უფრო მეგობრული უნდა იყოს მათთან, რჩევა-დარიგებით მიუდგე და არა ჩხუბით და ანჩხლობით. ცემა საერთოდ რა საკადრისია.
ჩემი ყოფილი მოსწავლეები არასდროს გამილანძღავს, არც ცუდი სიტყვა მითქვია.
მხოლოდ ერთი ცუდი ჩვევა მქონდა (არ მინდოდა გამხელა, მაგრამ ახლა ვიტყვი), ზამთარში ძალიან მციოდა ხოლმე და თითები სულ გაყინული მქონდა. ბავშვები როცა წერდნენ და თავები დახრილი ჰქონდათ, ამ ცივ თითებს კისერზე შევახებდი. ახლაც კი, ასაკში შესული ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან ხოლმე, გვახსოვს, მასწავლებელო ცივი თითებით რომ გვეხებოდი კისერზეო. ეს იყო და ეს, მათი ცუდი მოგონება ჩემს მიმართ.
მამაჩემი იტყოდა, მოსწავლის სიცელქეზე გული თუ მოგივიდა, სკოლაში არ შეხვიდეო. ბავშვი უნდა იყოს ცელქი, ესეც ნიჭია. ზოგჯერ გულში მეცინება ხოლმე, ისეთ რამეს მოიფიქრებენ. უზრდელი არ იყოს თორემ, ცელქი ბავშვი უფრო ადვილად აუღებს ალღოს ცხოვრებას.
რადგან ცხოვრება ახსენეთ გკითხავთ, რა არის მთავარი ცხოვრებაში, რას ეუბნებით ბავშვებს?
ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი სახელმძღვანელო უნდა იყოს ცხოვრებაზე, ბავშვებს რომ გაუზიაროთ, გავაგებინოთ როგორ იცხოვრონ. ვასწავლოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, როცა საგანს ასწავლი, აქედანაც სწავლობენ ცხოვრებას, რადგან ერთი პატარა ლექსი ან მოთხრობაც რომ ავიღოთ, ყველა რაღაცას გვასწავლის, რაღაც ჭკუა გამოდის იქიდან.
ამიტომ, როცა ტექსტის შესწავლას დავასრულებთ და მსჯელობაზე გადავალთ, ყოველთვის ვეკითხები ბავშვებს, – რა ვისწავლეთ აქედან?
რაღაცას ახალს ყოველთვის ვიგებთ ხოლმე. ვსწავლობთ, როგორ დაეხმაროს მეგობარი მეგობარს. „შენ როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას?“- ამასაც ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ბავშვებს, რადგან თუ ცოდნას არ ვიყენებთ, მაშინ რა აზრი აქვს მას.
თქვენთვის რა არის ცხოვრება?
ცხოვრებას შრომას და სინდისს ვეძახი. ადამიანებთან ურთიერთობას, სიკეთის კეთებას და არ აქვს მნიშვნელობა როგორი სამოსი აცვია ადამიანს, ნაცნობია თუ უცნობი, ყველას მიმართ შეიძლება იყო კეთილი.
ზოგჯერ შეიძლება დაძონძილი ტანსაცმელი ეცვას ადამიანს, მაგრამ ოქროს გული ჰქონდეს, ზოგჯერ კი პირიქით. შეიძლება შენ პროფესორი ხარ და მე გლეხი, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს.
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, როცა მამაჩემს მოუყვა ის კაცი, მეც მესმოდა. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო. იცით ალბათ, ადრე ცუდი ქცევისთვის ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ. ერთი ასეთი ბავშვი გაურიცხავთ ჩვენი სკოლიდან და როცა წაიყვანდნენ ვუთხარი, – „შენგან კაცი არასდროს გამოვა-მეთქი“, – ამბობდა დირექტორი.
როცა გავიდა წლები და ომი დაიწყო, ეს ჩვენი დირექტორიც წაიყვანეს ომში. მთელი დივიზია იდგა და აბარებენ პატაკს გენერალს.
როცა ჩემი სახელი ამოიკითხეს (ჯალაღონია კალისტრატე ერქვა იმ კაცს) გენერალმა ერთი ამხედა, მაგრამ არაფერი უთქვამსო. შემდეგ დაიბარა ცალკე და მეგრულად უთხრა, – „მიცანი?“. დირექტორს უპასუხია, – „არა შვილო, არასდროს მინახიხარო“. მე ისა ვარ, შენ რომ მითხარი, არასდროს კაცი არ გამოვა შენგანო.
ის კეთილი ბუნების ყოფილა, სამზარეულოში გაუშვა თურმე სამუშაოდ და რომ დაბრუნდა, ისევ გააგრძელა დირექტორობა. მამაჩემს ეუბნებოდა, არასდროს ვეტყვი აწი კაცს, რომ არაფერი არ ხარ და კაცი არ გამოვა შენგანო.
სხვათა შორის, დღესაც კი, როცა ახალგაზრდები რაიმე უსიამოვნო ამბებს იხსენებენ სკოლიდან, ყველაზე ხშირად მასწავლებლების მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას ახსენებენ. ძალიან განიცდიან ხოლმე, როცა მასწავლებლებისგან ასეთი ფრაზები ესმით.
სკოლაში კი არა, არსად არ შეიძლება ასეთი ურთიერთობა ადამიანთან, არც მეგობრობაში, არც მეზობლობაში და არც სამსახურში. გულის მოოხების გარდა რა შედეგს იძლევა ეს?
ბავშვებისთანა შემფასებელი არავინაა, ისინი მაშინვე გრძნობენ, როგორ უყურებ, რა თვალით. ამიტომ, სულ მათზე ვფიქრობ. მეც მაქვს ხოლმე ჩემი დარდები, მაგრამ როცა სკოლაში შევალ, ჩემი პრობლემები აღარ მახსოვს. ბავშვებზე ვარ გადართული.
როცა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე დაიწყო საუბარი, მაშინ ითქვა, რომ ხანდაზმული პედაგოგები უნდა წასულიყვნენ სკოლიდან, რადგან ვერ უღებდნენ სიახლეებს ალღოს, უჭირდათ ტექნოლოგიების ათვისება, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
რა ვიცი, დღემდე ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვებს საგანი შევაყვარო, სწორად შევასწავლო, გავაგებინო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ გამოვიყენო ახალი მეთოდებიც. მთავარია, ბავშვებთან მიმაქვს ცოდნა და ვუგებთ ერთმანეთს.
როცა პირველად მუშაობა დავიწყე, ისეთი კლასი მომცეს, „აუღებელს“ რომ ეძახიან, არავის უნდოდა იქ შესვლა. ერთი ბიჭი იყო და გენერალივით იმას მიჰყავდა მთელი კლასი. ცუდად სწავლობდა, უხეშად იქცეოდა და სისხლი გაუშრო მასწავლებლებს.
პირველ გაკვეთილზე სიჩუმე იყო, მაკვირდებოდნენ. გაკვეთილის შემდეგ დავიბარე და ვუთხარი,- ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და კლასის ორგანიზატორად აგირჩევთ-მეთქი. გაკვირვებულმა მითხრა: „მეე? ვერ ამირჩევენ მასწავლებელო, 7 ორიანი მყავს“.
კლასის კრება მოვიწვიე და ისე ტაქტიკურად მივუდექი ამ ბავშვებს, რომ მართლა აირჩიეს ორგანიზატორად. მასწავლებლებსაც ვთხოვე სხვანაირად მოჰქცეოდნენ, წაეხალისებინათ და ამ მიდგომამ გაამართლა.
იმ დღის შემდეგ, ძალიან შეიცვალა იმ ბავშვის ცხოვრება, კლასშიც სიმშვიდე იყო და სწავლის დონეც აამაღლა.
რატომ, როგორ ფიქრობთ?
იმის თქმა მინდა, რომ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და გამოასწორო თუ საჭიროა, ჭაობში კი არ უნდა ჩაფლა. უნდა ამოყვანაა მთავარი თორემ ჩაფლას რა უნდა.
სკოლა არ ასწავლის მხოლოდ კონკრეტულ საგანს, არამედ ღირებულებებსაც. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ძველი თაობის პედაგოგები საბჭოთა ეპოქაში ჩარჩნენ. თქვენ როგორ უპასუხებთ ამ ტიპის კრიტიკას?
ვფიქრობ, რომ ენერგიულად და ხალისითაც ავუწყე ყველა სიახლეს ფეხი. ჯიპრაიდის პროექტში რომ ჩავერთე, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის იყო, ძალიან ბევრი მომცა პროფესიული განვითარების მხრივ.
ვფიქრობ, ყველა სიახლის სიკეთეები უნდა გავიაზროთ და გამოვიყენოთ. ვფიქრობ, მე ეს არ გამჭირვებია.
ამ სკოლაში ასწავლიდნენ ჩემი მშობლები, აქ ვსწავლობდი და ახლა ვასწავლი ამდენი წელია, წარმოიდგინეთ რამდენი რამ მაკავშირებს აქაურობასთან და ვერ ველევი. ყოველ წელს ვამბობ, – „წელს დავამთავრებ“ და მომდევნო წელს ისევ მოვდივარ.
2000 წლის სექტემბერში 22 წლის ვიყავი და სულ რაღაც ორი წელი ხდებოდა, რაც „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი. კიევში ქართველი ჟურნალისტი მოკლეს – ცხადია, ეს ამბავი ჩვენთვისაც მთავარი ახალი ამბავი იყო.
ჯერ კიდევ დამწყებ რეპორტიორს (ჩემი მწირი სატელევიზიო გამოცდილება ასეთ საპასუხისმგებლო თემას ვერ მომაპოვებინებდა) არავინ მიმაკარებდა 9 საათიანი „კურიერის“ პირველ სიუჟეტთან, თუმცა იმ დროს არხის ნიუსრუმში ყოფნა უკვე ამ მოვლენის თანამონაწილეებად გვხდიდა ყველას – მათ შორის მათაც, ვინც გიორგი ღონღაძის გაცნობა მისი სიკვდილის შემდეგ დავიწყეთ.
მაშინაც და მერეც, როდესაც მასზე ჩანაწერებსა და მოგონებებს ვუსმენდი და ვკითხულობდი, მისი მკვლელობის საქმეც და მისი ჟურნალისტური თვისებებიც – ბრძოლისუნარიანობა, დაუდგრომელი ხასიათი, შეუპოვრობა და პირდაპირობა ძალიან მაგონებდა კიდევ ერთ ადამიანს, კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელსაც სიცოცხლეშივე ვიცნობდი, პატივს ვცემდი და მიყვარდა და რომელიც ღონღაძის მკვლელობიდან ათ თვეში უკვე საქართველოში მოკლეს.
ამ წლების განმავლობაში, გიორგი სანაიას ხსოვნა და გიორგი ღონღაძის ლეგენდა ჩემში რაღაცნაირად ძალიან დაუკავშირდა ერთმანეთს და ერთ პროფესიულ სიმბოლოში გაერთიანდა.
დღეს, 16 სექტემბერს, ზუსტად 22 წელი შესრულდა კიევში გიორგი ღონღაძის გატაცებიდან და მკვლელობიდან – დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში სისტემის განაჩენად იქცა – განაჩენად, რომელიც ვერ გაისმა სასამართლო დარბაზში, მაგრამ ძალიან ხმამაღლა გაისმა უკრაინის ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე.
უკრაინის ეროვნული გმირი
„ის – ქართველია“
„ის – კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია“
„ის – „ზეციური ასეულის“ გმირია“
„ის – ძეგლია სკვერში, ჩემს სახლთან“
„მან რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა“
ასე უპასუხეს ბავშვებმა „უკრაინსკა პრავდას“, გიორგი ღონღაძის დაარსებულ პირველ უკრაინულ ონლაინგამოცემას, როდესაც მათ ჰკითხეს, ვინ იყო კაცი, ვისი სახელობის გამზირზეც მათი სკოლა დგას.
გიორგი ღონღაძე თბილისში დაიბადა, თუმცა მთელი მისი ჟურნალისტური საქმიანობა უკრაინას უკავშირდება. ის 80-იან წლებში დედის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა 90-იანებში ისევ საქართველოში დაბრუნდა – ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. იბრძოდა აფხაზეთში, სადაც დოკუმენტური ფილმიც გადაიღო – „ომის აჩრდილები“ და სოხუმში დაიჭრა – წლების შემდეგ სწორედ მის სხეულში მაშინ ჩარჩენილი ნამსხვრევებით შეძლეს ჟურნალისტის ცხედრის ამოცნობა.
უკრაინაში დაბრუნებული გიორგი ღონღაძე ჯერ ლვოვში ცხოვრობდა. ადგილობრივ ტელევიზიაში გადიოდა მისი პროგრამა „მონიტორი“. 1995 წელს ცოლთან, მიროსლავა ღონღაძესთან ერთად კიევში გადავიდა. რამდენიმე წელი ტელეჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა, ხელმძღვანელობდა რადიო „კონტინენტის“ საინფორმაციო სამსახურს და ყოველკვირეულ პროგრამას „პირველი ტური გიორგი ღონღაძესთან ერთად“.
2000 წლის აპრილში გიორგიმ დააარსა ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, რომელმაც მუშაობა ლეონიდ კუჩმას სკანდალური რეფერენდუმის მეორე დღეს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედია უკრაინისთვის სიახლე იყო, ღონღაძის „უკრაინული სიმართლე“ მალევე იქცა და დარჩა კიდეც კრიტიკული ჟურნალისტიკის პლაცდარმად, ისევე, როგორც გიორგი ღონღაძე – ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო უკრაინელ ჟურნალისტად.
გიორგი ღონღაძე უკრაინის რადაში/ფოტო: pravda.com.ua
სწორედ 1998-2000 წლებს უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ჟურნალისტის დაპირისპირების ყველაზე მკვეთრი ეპიზოდები – აპროტესტებდა მედიის შეზღუდვას უკრაინაში, ყველგან, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც; იდგა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართულ ყველა აქციაზე; ღონღაძეს იცნობდნენ „უხერხული“ კითხვებით ტელეგადაცემების პირდაპირ ეთერებში – არქივებმა არაერთი მსგავსი გადაცემა შემოინახა, მათ შორის დისკუსიები ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ მედვედჩუკთან.
„რადიო თავისუფლების“ სიუჟეტში, რომელიც ღონღაძის მკვლელობიდან 20 წლის თავზე მომზადდა, მისი ახლობლები და მეგობრები იხსენებდნენ, რომ იმ წლებში, ქარიზმატული ჟურნალისტის ზოგიერთი კოლეგაც კი ფიქრობდა, რომ ის ზედმეტად ემოციური, ზედმეტად პირდაპირი და ზედმეტად „ცხელი“ იყო.
„შეგვიძლია მოვახერხოთ ისე, რომ ხელისუფლება 5 წელიწადში ერთხელ ჩვენი სურვილის მიხედვით იცვლებოდეს?“ – კითხულობდა ჟურნალისტი ერთ-ერთ გადაცემაში 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. – „ეს იქნება ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ის, ვინც ხელისუფლებაში მოვა შემდეგ ჯერზე, სხვაგვარად მოიქცევა. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის ჩვენზეა დამოკიდებული და ეშინია ჩვენი. დღეს ხელისუფლებას ჩვენი არ ეშინია – და პრობლემაც ამაშია.“
2000 წლის ზაფხულში გიორგი ღონღაძემ გენერალურ პროკურატურას მიმართა – ჟურნალისტი ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და დაჰყვებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი განცხადება უპასუხოდ დატოვეს.
მკვლელობა, რომელმაც უკრაინა შეცვალა
2000 წლის 17 სექტემბერს „უკრაინსკა პრავდას“ პირველ გვერდზე ასეთი შეტყობინება გაჩნდა.
„გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა!!!“
„შაბათს 16 სექტემბერს, გვიან საღამოს, გაუჩინარდა „უკრაინსკა პრავდას“ ხელმძღვანელი გიორგი ღონღაძე. 22:20 საათზე ის გავიდა ლესია უკრაინკას ბულვარზე მდებარე შენობიდან და სახლისკენ გაემართა. მას შინ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდნენ, თუმცა ის სახლში არ დაბრუნებულა.“
31 წლის ჟურნალისტი ამ დროს უკვე მოკლული იყო.
თუმცა მის თავმოჭრილ და დამწვარ სხეულს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვიან ტარაშჩის ტყეში და მკვლელობის დეტალებიც მხოლოდ 13 წლის შემდეგ გაირკვევა სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალს, ოლექსი პუკაჩს და სამ მილიციელს გაასამართლებენ.
გაირკვევა, რომ ოთხმა გამტაცებელმა გიორგი ღონღაძე კიევის ცენტრიდან გაიტაცა და წაიყვანა ტყეში, სადაც პუკაჩმა ის საკუთარი ქამრით დაახრჩო, ვიდრე დანარჩენები ხელებშეკრულ ჟურნალისტს აკავებდნენ. მოკლული, იქვე, წინასწარ გათხრილ ორმოში ჩააგდეს და დაწვეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, 2000 წლის ოქტომბერში, პუკაჩი დანაშაულის ადგილას დაბრუნდა: ჟურნალისტის ცხედარი ამოთხარეს, ტარაშჩის რაიონის ტყეში წაიღეს, თავი მოაჭრეს და სხეული და თავი ცალ-ცალკე დამარხეს.
გიორგი ღონღაძის დაკრძალვა ოჯახმა მხოლოდ მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ შეძლო/ფოტო: EPA
ამ მომენტისთვის ჟურნალისტის ბედზე კვლავაც არაფერი იყო ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ საქმე „განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს“. უკრაინის ქალაქების ქუჩები კი ივსებოდა ღონღაძის ფოტოებით და მოწოდებებით – „იპოვეთ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე.“
ის მხოლოდ გატაცებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ იპოვეს – და ამის მერე კიდევ ორი წელი დასჭირდა პროკურატურას იმის დასადასტურებლად, რომ ტარაშჩის ტყეში ნაპოვნი მოკლული ადამიანის სხეული გიორგი ღონღაძის იყო.
როგორ (არ) იძიებდნენ ღონღაძის საქმეს
უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკურ დანაშაულს ჟურნალისტის გაუჩინარების პირველივე დღეებიდან უარყოფდა.
„გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივებს, რადგან ის არ ყოფილა პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, რომელსაც პოლიტიკაზე გავლენა ექნებოდა,“ – აცხადებდა ღონღაძის გაუჩინარების მეხუთე დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსი, რომელიც ღონღაძის ძებნის ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
„ღმერთმა ქნას, ცოცხალი იყოს… მთავარია, არ იჩქაროთ და წინასწარ არ დაკრძალოთ ადამიანი,“ – ამბობდა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა 2000 წლის 17 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც „ტარაშჩის ტყის ცხედარი“ უკვე ნაპოვნი იყო.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „წინასწარგანზრახვით მკვლელობის“ საქმეზე გამოძიება მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ, 2001 წლის თებერვალში დაიწყო.
საქმის აღძვრას წინ „კასეტების სკანდალი“ უძღოდა.
2000 წლის 28 ნოემბერს უმაღლესი რადის იმ დროს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ოლექსანდრ მოროზმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. მასში გიორგი ღონღაძეს ახსენებდნენ „ხმები“, რომლებიც ძალიან „ჰგავდნენ“ ქვეყნის პირველი პირების ხმებს – პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, მისი ადმინისტრაციის უფროსს ვოლოდიმირ ლიტვინს, შინაგან საქმეთა მინისტრ იური კრავჩენკოს და უშიშროების ხელმძღვანელს ლეონიდ დერჩაკს. მოროზის მტკიცებით, ჩანაწერი სახელმწიფო დაცვის სამსახურის მაიორმა ნიკოლაი მელნიჩენკომ გააკეთა.
„მელნიჩენკოს ფირებმა“ უკრაინა შეძრა: ჩანაწერში კუჩმას ხმა „უკრაინსკა პრავდაზე“ წუწუნებს, კითხულობს, ვინ აფინანსებს „ამ უმაღლესი დონის ნაძირალას“ და „ქართველს“ გიორგი ღონღაძეს და სხვადასხვა წინადადებით გამოდის: „დეპორტი საქართველოში და გადავაგდოთ იქ ნა**ი“, „ჩეჩნები გვჭირდება, რომ წაიყვანონ და გადააგდონ“, „გაიყვანონ, გახადონ, უშარვლოდ დატოვონ და იჯდეს“. ამ იდეებს შინაგან საქმეთა მინისტრ კრავჩენკოს ხმა ასე პასუხობს: „ჩვენ მოვაგვარებთ. ისეთი გუნდი მყავს, არწივები პირდაპირ, ყველაფერს გააკეთებენ, რაც გინდა“.
უდიდესი რეზონანსისა და პროტესტის ტალღის მიუხედავად, „მელნიჩენკოს ჩანაწერებმა“ გამოძიებაში ვერანაირი როლი ვერ შეასრულა. 2013 წელს, პუკაჩის საქმის განხილვაზე, სასამართლომ განაცხადა, რომ ჩანაწერები ღონღაძის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
აქცია ღონღაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით/ფოტო: pravda.com.ua
პირველ წლებში, საქმის გამოძიება ფაქტობრივად ადგილიდან არ დაძრულა. მხოლოდ „ნარინჯისფერ რევოლუციამდე“ ერთი წლით ადრე დააკავეს გენერალი პუკაჩი, მას უკანონო თვალთვალის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ძალიან მალე გაათავისუფლეს.
ღონღაძის საქმეზე გამოძიება პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს დროს განახლდა. 2005 წლის მარტში მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელები დააკავეს, სამი შემსრულებელი – მილიციელები, რომლებსაც 13 და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მათი ხელმძღვანელი, გენერალი ოლექსი პუკაჩი მხოლოდ 2009 წელს დაიჭირეს – 2013 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის მოსმენისას პუკაჩის რეპლიკა ასეთი იყო: „დავთანხმდები ამ განაჩენს მაშინ, როდესაც ამ გალიაში ჩემთან ერთად ისხდებიან კუჩმა და ლიტვინი.“
ღონღაძის მკვლელობის შემკვეთები ოფიციალურად არც დასახელებულან და არც დასჯილან.
„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივხვდეთ, ვინ იყვნენ ისინი, იმ ინფორმაციაზე და ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კაბინეტიდან გავრცელდა,“ – უთხრა ჟურნალისტებს რამდენიმე წლის წინ მიროსლავა ღონღაძემ.
შეკვეთილი მკვლელობა შემკვეთების გარეშე
„ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება პროცესუალური შედეგის მიღება და შემკვეთებზე გასვლა დანაშაულიდან თითქმის 20 წლის შემდეგ… ბევრი რამ დაიკარგა, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ მერე ამის დამტკიცება შეუძლებელი ყოფილიყო.. გულწრფელად, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. ნაკლებსავარაუდოა. შემკვეთების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება,“ – თქვა 2019 წლის შემოდგომაზე მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ.
ერთადერთი საქმე, რომელიც ღონღაძის მკვლელობაში ლეონიდ კუჩმას მონაწილეობაზე 2011 წელს დაიწყო, მალევე დაიხურა – სასამართლომ მისი დაწყება უკანონოდ შეაფასა.
უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა სამართლის ლიცეუმის გახსნაზე, 2000 წლის 16 სექტემბერი/ფოტო: pravda.com.ua
ამ ხნის განმავლობაში ღონღაძის საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურანტი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა:
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური კრავჩენკო 2005 წლის 4 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს – ზუსტად იმ დღეს, როდესაც გენერალური პროკურატურა მის დაკითხვას გეგმავდა. ოფიციალური ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო.
გენერალ-პოლკოვნიკი ედუარდ ფერე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი, 2003 წელს ინსულტით შეიყვანეს საავადმყოფოში, ის 2009 წელს გარდაიცვალა ისე, რომ კომიდან არ გამოსულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი, კიევის ოლქის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე, იგორ გონჩაროვი 2003 წელს წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემისგან მოკვდა. გონჩაროვი, რომელიც 1997-2001 წლებში კიევში დარბევებისა და მკვლელობების ბრალდებით იყო დაკავებული, აცხადებდა, რომ ღონღაძის მკვლელობასთან ქვეყნის ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების კავშირზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა.
გიორგი ღონღაძის მემკვიდრეობა
ღონღაძის საქმე – დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
„ჟურნალისტი ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევიდან ერთ წელში მოკლეს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს საქმე მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისად იქცა. უკრაინელი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის კი – უპრეცედენტო მიზეზად, დაეწყოთ ერთობლივი საპროტესტო მოძრაობა და პასუხი მოეთხოვათ ხელისუფლებისთვის“, – წერს უკრაინული გამოცემა Новое Время.
ჯერ კიდევ 2000 წლის დეკემბერში „კასეტების სკანდალის“ ფონზე ქვეყანა მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა – უკრაინა კუჩმას გარეშე. დემონსტრაციების მონაწილეები კუჩმას და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების გადადგომას და ღონღაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, აქცია კიევის ცენტრში ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა და მისი მონაწილეების ნაწილი დააკავა, პროტესტის ტალღა გადამწყვეტ ნაბიჯად იქცა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გზაზე.
„გიორგიმ ნამდვილად შეცვალა უკრაინა – სამწუხაროდ, თავისი სიკვდილით,“ – თქვა მიროსლავა ღონღაძემ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს შეკითხვა დაუსვეს.
„უკვე მოდის თაობა, რომლისთვისაც გიორგის საქმე ისტორიაა. ეს უკრაინის დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლოა, მაგრამ კვლავაც რჩებიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ჯერ კიდევ რეალობაა და ჩემთვის ეს ჯერ კიდევ რეალობაა. 22 წლის წინ, 16 სექტემბერს ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა… და მას შემდეგ მეჩვენება, რომ უკრაინაც სხვანაირი გახდა,” – უთხრა ჟურნალისტებს „ამერიკის ხმის” აღმოსავლეთ ევროპის ბიურო ხელმძღვანელმა მიროსლავა ღონღაძემ აქციაზე, რომელიც დღეს კიევში გიორგი ღონღაძისა და ყველა დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
მიროსლავა ღონღაძე აქციაზე/ფოტო: ukrinform
„გაჩნდა ჟურნალისტთა მთელი თაობა, რომლებიც ამ პროფესიაში წავიდნენ იმიტომ, რომ ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეეცვალათ და ეს მაგალითი მათ გიორგი ღონღაძემ მისცა,“ – ფიქრობს უკრაინის მე-5 არხის ჟურნალისტი ტატიანა დანილენკო.
„გიორგი ღონღაძე, ჩემთვის, პირველ რიგში, არის ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაგალითი. ადამიანმა თავისი პრინციპებისთვის, თავისუფლებისთვის, სიმართლის თქმის უფლებისთვის სიცოცხლე გაწირა,“ – ამბობს სევგილ მუსაიევა, „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი.
„უკრაინსკა პრავდა“ დღესაც, გიორგის სიკვდილიდან 22 წლის შემდეგაც, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული ხმაა. როგორც კი მის საიტზე შეხვალთ, გამოცემის სახელის ქვეშ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში წარწერა – „2000 წელს დააარსა გიორგი ღონღაძემ“.
მის დაარსებულ რედაქციაში დღესაც ფიქრობენ, რომ ომის დროსაც კი არ აქვთ უფლება, უარი თქვან სიმართლეზე – ამ უფლების ფასი ხომ მათმა კოლეგამ საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა.
და არც ჩვენ გვაქვს.
მთავარ ფოტოზე: გიორგი ღონღაძე/pravda.com.ua
სტატიაში გამოყენებულია მასალები სხვადასხვა დროს მომზადებული სტატიებიდან და ვიდეოებიდან: Новое Время, Ukraynska Pravda, Настоящее время, Ukrinform, რადიო თავისუფლება.
გადაშლილი, გადამძვრალი საღებავი, სამ-ოთხ ფერად აჭრელებული ველობილიკები იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმში ველობილიკები რამდენიმე წელია არ გადაღებილა.
ველობილიკების შეღებვა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაა, ამიტომ მერიის ამ შპს-ში ვიკითხეთ, რატომ არ გადაიღება ბოლო წლებში ველობილიკები და როდის აპირებენ მოწესრიგებას.
ასე გამოიყურება ველობილიკები მემედ აბაშიძის ქუჩაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ ქალაქის რომელ ქუჩებზე გეგმავს წლის ბოლომდე ველობილიკების გადაღებვას. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ორ ქუჩაზე – გოგებაშვილსა და გრიბოედოვზე გადაუღებავს ველობილიკები, დარჩენილ 3 თვეში კი 10 ქუჩაზე აპირებს ველობილიკების შეღებვას.
ველობილიკი ლუკა ასათიანის და აბაშიძის ქუჩების კუთხეში.
ქუჩები, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ველობილიკების გადაღებვას აპირებს არის:
ლუკა ასათიანის, მიხეილ ლერმონტოვის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, ჰაიდარ აბაშიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის.
ველობილიკი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე
ამ ქუჩებზე არც ფეხით გადასასვლელებია განახლებული.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არ გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რა თანხებია გამოყოფილი ველობილიკების გადასაღებად და რატომ ვერ მოხერხდა ბილიკების მოწესრიგება თუნდაც ტურისტული სეზონისთვის.
ბათუმის ბიუჯეტში ველობილიკების შესაღებად ცალკე თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან ორი თვის წინ [19 ივლისს], ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 200 ათასი ლარი გამოუყეს „ქალაქ ბათუმში ველობილიკების რეაბილიტაციისთვის“.
კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ამ შემთხვევაში ველობილიკების რეაბილიტაცია მათ გადაღებვას არ ითვალისწინებს. გადაღებვა მოვლა-პატრონობის სამუშაოებში შედის, რაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრეროგატივაა.“
ევროკომისიამ 14 სექტემბრის სხდომაზე ახალი გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გადაიტანონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარი გაზის ბლოკადის პირობებში და სად უნდა მოიძიონ რესურსი ხალხის და ბიზნესის მხარდასაჭერად.
BBC-ის ინფორმაციით, გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ნახევარ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნებს.
ბლუმბერგის ეკონომისტების გათლით, ევროკავშირის მხოლოდ 19 ქვეყანა დახარჯავს დამატებით ნახევარ ტრილიონ ევროს 2022 წლისთვის გაზის შესასყიდად და თუ ზამთარი ძალიან მკაცრი იქნება, დანახარჯიც გაიზრდება.
„ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და გაზის ფასი შარშანდელთან შედარებით უკვე 10-ჯერ მაღალია“ – წერს BBC.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში 2022 წლის ენერგეტიკულ კრიზისთან საბრძოლველად ბიუჯეტის ხარჯებმა უკვე 350 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
„რუსეთმა არამხოლოდ უკრაინას გამოუცხადა ომი. ეს არის ომი ჩვენი ენერგეტიკის, ეკონომიკის, ჩვენი ღირებულებების და მომავლის წინააღმდეგაც“, – ასე მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 14 სექტემბერს ევროკავშირის 450 მილიონ მოქალაქეს ევროპარლამენტიდან.
გამოცემა წერს, რომ ევროპისთვის მიწოდებული რუსული გაზის რაოდენობა სამი წლის განმავლობაში განახევრდა დღე-ღამეში 250 მილიონ კუბურ მეტრამდე.
2022 წლის ივლისის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 80 მილიონზე დაბლა, ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც გაზპრომმა „ჩრდილოეთის ნაკადის“/„Nord Stream“ მთავარი მილსადენი ჯერ პრევენციისთვის, შემდეგ კი მთლიანად გათიშა.
გაზის კრიზისთან გასამკლავებლად ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი გეგმა 14 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ფონ დერ ლაიენის გეგმა ეხება იმას, თუ როგორ უნდა დაიზოგოს ელექტროენერგია და როგორ უნდა გადანაწილდეს ენერგეტიკოსთა ჭარბი მოგება ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც ელექტროენერგიისა და გათბობის რეკორდული გადასახადებით ზარალდებიან.
ევროკომისიის საზაფხულო გეგმა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა: 1) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიება; 2) გაზის დაზოგვა ოქტომბრამდე საცავის 80%-ით შესავსებად 3) ინვესტიციების განხორციელება ახალ ენერგეტიკაში.
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იყო ევროპის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი, რომელიც თითქმის 60%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. რუსული ნავთობი, ნავთობპროდუქტები, გაზი და ქვანახშირი შეადგენდა ევროპის ენერგომოხმარების თითქმის 25%-ს, განსაკუთრებით მაღალი გაზის წილია – 40%-მდე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი და გაზპრომის წილი ევროპულ ბაზარზე 40%-დან 9%-მდე დაეცა.
BBC-ის ინფორმაციით, გაზის დაზოგვის გეგმაც, ოქტომბრამდე საწყობის 80%-ით შესავსებად, ევროპამ შეასრულა და საცავი 84 პროცენტითაა შევსებული.
„რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან, ძალიან ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ უნდა შევცვალოთ რუსეთი სანდო მომწოდებლებით, როგორიცაა შეერთებული შტატები, ნორვეგია, ალჟირი და სხვა“, – თქვა 14 სექტემბერს ფონ დერ ლეიენმა.
ევროკომისიის ახალი გეგმა სამი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად:
როგორ უნდა შეამციროს ევროპამ ელექტროენერგიის მოხმარება
როგორ უნდა შენარჩუნდეს ფასები
საიდან უნდა მოიზიდონ ფინანსური რესურსი მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად.
ევროკომისიაში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიერმა ისაუბრა იმ სამ ძირითად გეგმაზე, რაც გასულ კვირას ენერგეტიკის მინისტრმა უკვე დაამტკიცა, თუმცა ბრიუსელის ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად სხვა წინადადებებიც, ყველა მათგანი ბლოკის 27 სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
ენერგეტიკის მინისტრების მიერ დამტკიცებული სამი გეგმა ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ასეთია:
ენერგეტიკულ კომპანიებს ჭარბი მოგების შემთხვევაში დაუწესდებათ გადასახადი, ე.წ. „სოლიდარული წვლილი“. „ამ კომპანიებმა ჩვეულებრივზე ხუთჯერ მეტი გამოიმუშავეს, მაგრამ არა ბიზნესსტრატეგიების და სწორად დაგეგმვის, განსაკუთრებული გონიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ პუტინმა ჯერ გაზმომარაგება შეუზღუდა ევროპას, შემდეგ კი ომი გააჩაღა უკრაინასთან, რის გამოც მას სანქციები დაუწესდა“ – წერს BBC
მეორე გეგმა მოიაზრებს შემოსავლის ზღვრის დაწესებას კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ არა გაზისგან, არამედ ბირთვული და განახლებადი ენერგიებისგან. ასეთი კომპანიების პროდუქტის თვითღირებულება დაბალია, ისინი გაზს არ ყიდულობენ, თუმცა ენერგიას გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე უფრო ძვირად ყიდიან, რადგან ბაზარი საერთოა.
მესამე გეგმა გულისხმობს 2023 წლის მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის დაზოგვის საყოველთაო ვალდებულებას. ამ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობამ ელექტროენერგიის მოხმარება პიკის საათებში 5%-ით, ხოლო ზოგადად – 10%-ით უნდა შეამციროს. ეს გეგმა, ევროკომისიის გათვლით, დაზოგავს 1,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც ზამთარში მოხმარების 4%-ია.
ევროკავშირი დაახლოებით 140 მილიარდი ევროს შეგროვებას მოელის (117 მილიარდს მოელიან კომპანიებისგან, რომლებიც გაზს არ აწარმოებენ და 25 მილიარდს გადასახადების ჭარბი მოგებიდან).
ეს თანხა სოციალურად ყველაზე ნაკლებად დაცულ მოქალაქეებს გადაეცემათ, რესურსი მოხმარდება ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესკომპანიების, საავადმყოფოებისა და სკოლების გადასახადებსა და გაზის სუბსიდირებას.
ევროკომისიაში გეგმებზე მსჯელობისას არ უსაუბრიათ რადიკალურ წინადადებებზე, კერძოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესებაზე.
რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესებას ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილად დამოკიდებული უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია, არამედ გერმანია, ნიდერლანდები და დანიაც.
შესაბამისად, ევროკომისიამ წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესების შესახებ ვერ დაამტკიცა, რადგან წინადადება კანონად და რეგულაციად რომ იქცეს ის ევროკავშირის 27-მა წევრმა უნდა დაამტკიცოს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობის აუცილებლობას ნიშნავს, ანუ კავშირის მოსახლეობის 65%-ის თანხმობას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, 2022 წლის შემოდგომა პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა იქნება.
პოდოლიაკმა თავისი პროგნოზი ტვიტერზე გამოაქვეყნა.
„უკანასკნელი შემოდგომა… რუსი ავტოკრატებისთვის. NATO აქტიურად ფართოვდება, უკრაინა ეფექტიან და ფართომასშტაბიან კონტრშეტევას აწარმოებს და უზბეკეთში SCO-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტზე შენ სრულ სიმარტოვეში დგახარ, რადგან გუშინდელმა მოკავშირეებმა სწრაფად გადაინაცვლეს ჩინეთის ორბიტაზე… ბოლოს, ყოველთვის გიწევს ანგარიშის გადახდა,“ – წერს პოდოლიაკი.
Остання осінь… для російських самодержців. НАТО активно розширюється, Україна ефективно й масштабно контрнаступає, а на саміті ШОС в Узбекистані ти стоїш в абсолютній самотності. Бо вчорашні союзники спішно перейшли в орбіту Китаю… В кінці завжди доводиться платити по рахунках.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი წელს უზბეკეთში იმართება. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერდა, სამიტზე ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს აშკარად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. სამიტის მონაწილეთა გასეირნების ვიდეოში კი პუტინი საერთოდ არ გამოჩენილა.
SCO 2001 წელს შეიქმნა და მასში შედიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ინდოეთი. ბელარუსს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, თურქეთსა და აზერბაიჯანს კი – პარტნიორების.
ორგანიზაციის მიზნებშია ტერორიზმთან, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამეცნიერო კულტურული თანამშრომლობა.
ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის შერატონში კრეატიული სფეროს წარმომადგენლები, მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რეკლამით დაინტერესებული ადამიანები შეიკრიბნენ.
ფესტივალის პროგრამაშია: სემინარები, ვორკშოპები, პანელური დისკუსიები და საღამოს პროგრამა. ფესტივალის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური, 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან.
ფესტივალის პირველ დღეს კრის ამბიჯი იყო პირველი მომხსენებლები ფესტივალზე, რომელმაც ისაუბრა რეკლამის პოზიტიურ, ნეგატიურ, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებზე.
კრის ამბიჯი
” შენ შეგიძლია ამოაყირაო კულტურა, სტანდარტები და აქციო ის რაღაც განსაკუთრებულად, შეგიძლია ამოაყირაო კონტექსტი, გამოცდილება. შეგიძლია გამოიყენო ბრენდები სრულიად ახალი კატეგორიების შესაქმნელად. და რაც მე ყველაზე უფრო მეტად მომწონს ამაში ისაა, რომ შენ შეგიძლია ამოაყირაო ის თუ როგორ მუშაობ. ეს პროცესები დაგეხმარება კრეატიულად აზროვნებაში სტრატეგიული კუთხით და ასევე სტრატეგიებზე კრეატიული კუთხით. ამგვარად ჩვენ ყველას შეგვიძლია დიდებული იდეების გენერირება, რომელიც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს.” – ასე დაასრულა გამოსვლა კრის ამბიჯმა, რომელიც TYPE. UK-ს დირექტორი და თანადამფუძნებელია.
შემდეგმა გამომსვლელებმა, სამი კოენმა, ანა კოენმა და გიორგი ბურჭულაძემ ისაუბრეს ტვინზე, როგორც რეაქციულ ორგანოზე, როგორ ვიფიქროთ “ყუთის მიღმა”, როცა გვგონია, რომ ახალს ვერაფერს შევქმნით. ასევე მსმენელები ჩართეს ინტერაქციულ გამოკითხვაში.
გიორგი ბურჭულაძე, ანა კოენი, სამი კოენი
რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული არიან დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ დელეგატებს და განიხილავენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, Ad Black Sea აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე წელს 1000-ზე მეტ დელეგატს ელოდებიან. ნამუშევრები კი უკვე მიღებულია და საერთაშორისო ჟიური ამ წუთებშიც მუშაობს გამარჯვებულების გამოსავლენად.
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო და მისი ცოლი მოკლეს.
„თავის ავტოფარეხთან მოკლეს ქალაქ ბერდიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო, რომელიც კომუნალურ საკითხებს კურირებდა და მისი ცოლი ლუდმილა ბოიკო, რომელიც რეფერენდუმისთვის ქალაქის ტერიტორიულ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა,“ – საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა პრორუსული ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმირ როგოვმა.
რუსული ტელეგრამარხების თანახმად, ბოიკოსა და მის ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დღესვე, ლუგანსკში, საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქებისას დაიღუპა გორენკოს მოადგილე ეკატერინა სტეგლენკოც.
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონშიც. ხერსონის პრორუსული ადმინისტრაციის მეთაურმა კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა, რომ რაკეტა ესროლეს ადმინისტრაციული შენობის იმ ნაწილს, რომელშიც მისი კაბინეტია.
6 სექტემბერს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში ქალაქის სამხედრო კომენდანტის ავტომანქანა ააფეთქეს – არტემ ბარდინი გადარჩა, თუმცა აფეთქების შედეგად ქვედა კიდურები დაკარგა.
მთავარი ფოტო: ლუდმილა ბოიკო და ოლეგ ბოიკო/ფოტო: კოლაჟი ტელეგრამიდან
უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ უკრაინაში მომდევნო თვეებში დაძაბული ბრძოლები გაგრძელდება – გამარჯვებებითა და დამარცხებებით ორივე მხარისთვის.
ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევისას ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ამას შტატებში მოელოდნენ, თუმცა ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძლიერება ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავს.
„მათ აქვთ ტექნიკა, შეიარაღება და საბრძოლო მასალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც რუსეთში აქვთ. ამიტომაც იმპულსის მიუხედავად, ეს ჯერ დასასრული არაა,“ – ეუბნება გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ამერიკელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ მწვავე ბრძოლები შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება – ორივე მხარე ეცდება, ზამთრის დადგომამდე შეძლოს და დაიკავოს საუკეთესო პოზიციები.
პენტაგონში ასევე აცხადებენ, რომ ეძებენ გზებს, როგორ დაეხმარონ უკრაინას მზარდი საბრძოლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, თუმცა როგორც გამოცემა წერს, უკრაინის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიაწოდონ უფრო თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, აშშ სამხედრო დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივ გაფართოებას არ აპირებს.
სამუელ ჩარაპი, Rand Corp-ის რუსეთის საკითხების ექსპერტი ფიქრობს, რომ კონტრშეტევამ კონფლიქტის დინამიკა განსაზღვრა და აჩვენა უკრაინის უნარი, წარმატებით განახორციელოს სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციები.
„მანამდე ამის მტკიცებულება არ გვქონია. თავისთავად ეს ფაქტი შეამცირებს უკრაინელთა სურვილს, რაიმე კომპრომისი ეძებონ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მეტის გაკეთება შეუძლიათ“, – ამბობს ჩარაპი უკრაინის არმიის მოქმედებების შეფასებისას.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა „ბევრად უკეთ წარიმართა, ვიდრე ელოდნენ“, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა. თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა კონტრშეტევაზე გადასვლა სცადოს, ამიტომაც უკრაინა თავდაცვისთვის უნდა მოემზადოს.
ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. ის მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა – ინფორმაციას კრემლის მედიასაშუალებები და ტელეგრამარხები ავრცელებენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლუგანსკის ცენტრში მდებარე გენერალური პროკურატურის შენობაში დღეს დილით მომხდარი აფეთქებისას სერგეი გორენკო დაშავდა.
რუსული წყაროების თანახმად, აფეთქება შენობის მესამე სართულზე მოხდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის სპეცსამსახურებს პროკურორის აფეთქებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სერგეი გორენკოს წინააღმდეგ, „აგრესორთან თანამშრომლობის“ მუხლით, რომელიც უკრაინის კანონმდებლობით 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური ლეონიდ პასეჩნიკი ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მთელ ფრონტზე შეტევას ცდილობდნენ, თუმცა პანიკის საფუძველი არ იყო, რადგან რეგიონში უსაფრთხოებას მოკავშირეთა ძალები უზრუნველყოფდნენ.
საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, ამის შესახებ ჯანმოს უახლეს ანგარიშში წერია, „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო. სოლიდარობის ქსელის მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე, ექთანი ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ექთნების ახალიკადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან, ექთნების დაუფასებელი შრომა, უფრო ზუსტად კი მიზერული ხელფასები და წარმოუდგენლად მძიმე სამუშაო პირობები.
ქალბატონო ნონა, ჯანმომ უახლეს ანგარიშში დაწერა, რომ საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, თუმცა ანგარიშში არ არის განმარტებული ამის მიზეზები, თქვენი შეფასებით, რატომ არის საქართველოში მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, ექთნების დეფიციტი?
ამის ერთადერთი მიზეზი არის – დაუფასებელი შრომა, მიზერული ხელფასი, რის გამოც ექთნები გაედინებიან ქვეყნიდან. არ დარჩა ექთანი ქვეყანაში და ექთნის ფუნქცია-მოვალეობა [თბილისის კლინიკებში] გადანაწილებულია მომავალ ექიმებზე, იგივე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებზე.
ექთნის დეფიციტის გამო, ერთი ექთანი ასრულებს/ითავსებს ორი და სამი ადამიანის საქმეს. წესით ექთანს უნდა ჰყავდეს დამხმარე, უფროსი ექთანი უნდა იყოს და უნდა ჰყავდეს თანაშემწე, არც ეს კადრი არსებობს დაბალი ხელფასის გამო, მაგასაც ითავსებს სამედიცინო სპეციალობის სტუდენტი. როგორც კი იწყებენ სამედიცინო სტუდენტები მაგ პოზიციაზე მუშაობას, მერე ხდება მათი სასწრაფო წესით გაექთნება იმიტომ, რომ ექთნების დეფიციტია. ასეთი დამხმარე ძალის გარეშე ყოფნას ამჯობინებს მენეჯმენტი, ვიდრე ექთანი აჰყავდეს, ამიტომ ექთანს უწევს დამხმარე პოზიციის შესრულება.
როგორ ამძიმებს ექთნის შრომას ეს გარემოება?
დავუშვათ ექთანს პაციენტი ჰყავს მოსავლელი – აქვს ექიმისგან მიცემული დანიშნულება და ეს თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს, გარდა ამისა, დანიშნულებასთან ერთად პაციენტს აქვს კვლევები გასაკეთებელი. წარმოიდგინეთ ექთანს ჰყავს ძალიან ბევრი პაციენტი – 10-15. ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ რეანიმაციაზე და არა სხვა განყოფილებაზე, სადაც შედარებით უფრო მარტივია პაციენტის მართვა, თორემ მარტივი არსად არაფერია.
რომ წარმოიდგინოთ, ჩვეულებრივ განყოფილებაში სხვადასხვა პალატაში წვანან პაციენტები და ერთი ექთანი სხვადასხვა პალატაში დარბის, ისე აკეთებს ამ ყველაფერს. რეანიმაციაში არის ერთი დიდი დარბაზი და ამ დიდ დარბაზში ჰყავთ ძალიან ბევრი პაციენტი, ექთანს მოცემული აქვს გასაკეთებელი კვლევები, ანალიზები… წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი უნდა აკეთოს ექთანმა დამხმარეს გარეშე?
სისხლის ანალიზი რომ წაიღოს ექთანმა ლაბორატორიაში, პაციენტი უნდა დატოვოს. ერთი კი არა, მასზე მობარებული 15 პაციენტი უნდა დატოვოს და წაიღოს ლაბორატორიაში ეს ანალიზები, რომელიღაცა სართულზე დატოვოს და წამოვიდეს. ამასობაში ნათელია ხომ რა შეიძლება მოუვიდეს რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტს. გარდა ამისა, ამ პაციენტებს კვება უწევთ, გამოცვლა უწევთ, გადაბრუნება-გადმობრუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტების დროულად მიღება, რადგან მუდმივად ერთ პოზიციაში მწოლიარე პაციენტს ნაწოლი უჩნდება.
იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ პაციენტს სხვამ გაუწიოს მონიტორინგი, ამის გამო მერე პაციენტებს აბამენ ხოლმე საწოლებზე და შემდეგ მათი ოჯახის წევრები ბრაზობენ – ჩემი მშობელი გამოვიდა დალურჯებული ხელებით, მიბმული ჰყოლიათ… თუ არ მიაბამ, ის პაციენტი ძირს აღმოჩნდება, არც მეთვალყურე და არც დამკავებელი არავინაა.
სტუდენტი ექიმების დასაქმება ახალი რეალობაა თუ წლებია ასე ხდება დედაქალაქში?
ახალი რეალობა არ არის, ზოგადად ეს მოთხოვნაა სამედიცინო უნივერსიტეტიდან [სტუდენტსაც უნდა რომ იმუშაოს და გაიაროს ეს საფეხურები, რადგან თუ გინდა გაიზარდო, პროფესიონალად ჩამოყალიბდე, უნდა გქონდეს ეს ყველაფერი გავლილი], მაგრამ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა, რაც ძირითადი სტაფი ქვეყნიდან წავიდა.
სხვათა შორის, ხელფასები ახლა უფრო დაბალი, ვიდრე ადრე გვქონდა, მე იაშვილში როცა დავიწყე მუშაობა 2006 წელს, 600 ლარი მქონდა ხელფასი, დღესაც 600 ლარი გვაქვს, როცა ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
რაც შეეხება აჭარას და ბათუმს, მანდ ექთნების სტუდენტებით ჩანაცვლება ნამდვილად არ ხდება, ჩვენთან რამდენიმე სამსახურის პოვნაც ადვილად ხერხდება, რეგიონში ხელფასი კიდევ უფრო ცოტა გამოდის. თან ექთნებს, რომ რამდენიმე სამსახური აქვთ ესეც ქალაქების რეალობაა, შუახევში, ქედასა და ხულოში, ასე არ ხდება.
რამდენად თვალსაჩინოა ზეწოლა კლინიკების ადმინისტრაციების მხრიდან ექთნების პროტესტზე, თუნდაც პროფკავშირში გაწევრიანებაზე?
ეს ხილვადზე ხილვადია, არავის მოსწონს და არავის ახარებს ის ფაქტი, რომ ექთანი გარეთ გაიტანს შიდა ამბავს, საჯაროდ იტყვის რეალობას. რომ არა საჯაროობა, ეს საკითხი დღის წესრიგშიც კი არ დადგებოდა, თუნდაც მედიაში. თუმცა ჩვენ მაინც მივიტანეთ ადრესატამდე ჩვენი რეალური მდგომარეობა, გავახმოვანეთ, გავაჟღერეთ პრობლემები.
არავის ეგონოს ჯანდაცვაში ფული არ არის და სახელმწიფო არ აფინანსებს პაციენტს, საქმე ის არის, რომ ბიზნესად იქცა სახელმწიფოში ჯანდაცვა. გაყოფა, გადანაწილება არ უყვართ კეთილსინდისიერად ფულის და იმიტომ გვზღუდავენ – ირიბი თუ პირდაპირი მნიშვნელობით გვაშანტაჟებენ და გვაშინებენ, რომ ხმა არ ამოვიღოთ და ეს ამბავი გარეთ არ გავიტანოთ.
იცით როგორი გულსატკენი რეალობაა? – ვერც კი წარმოიდგენთ, იტალია ხომ გაივსო ჩვენი ექთნებით, ახლა გერმანიაც. იტალიაში ოჯახებში წავიდნენ სამუშაოდ, გერმანიამ კლინიკებში დაასაქმა – დღეს მსოფლიოში ექთნის დეფიციტი და ჩვენნაირი ქვეყნებიდან ივსებიან ევროპის ქვეყნები.
ცოტა ხანში მოქმედი ექთანი აღარ გვეყოლება და მე ჰაერიდან არ მომაქვს ეს სიტყვები: მომავალ ექიმს რომ ასწავლონ პაციენტის მოვლა და მეთვალყურეობა, ის კადრიც აღარ არის ბევრ კლინიკაში. მოვიდა, უხარია, სამსახური ნახა, მაგრამ რა გააკეთოს, როცა მონიტორზე კითხულობს რაღაცას და რას ნიშნავს არ იცის: უნდა ეშინოდეს თუ არა პაციენტის მდგომარეობას ვერ საზღვრავს. ქვეყანაში მასწავლებელი აღარ დარჩა რეალურად და არც არავის აინტერესებს. მე-7 სემესტრიდან უნდა შედიოდეს სტუდენტი კლინიკაში და ისე უნდა მუშაობდეს – დღეს პირველი სემესტრის ბავშვებს ამუშავებენ. მთავარია, ფორმა ეცვას და არავის აინტერესებს, ვინ რას გააკეთებს. ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვა ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული.
ჯანდაცვის მინისტრმა ექთნების ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილების რეგულაცია გამოსცა, ოღონდ სახელმწიფო კლინიკებში, ეს რამდენად ცვლის რეალობას?
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო ამ ყველაფრის სააშკარაოზე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოტანა, დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ მიზანს მოხვდა. სახელმწიფო კლინიკებში ექთნებისთვის ხელფასების მომატება ზღვაში წვეთია – მაგალითად, საუნივერსიტეტო კლინიკა არც კი აღმოჩნდა მაგ სიაში. 5 ლარი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი შემდეგი ნაბიჯია ყველა კლინიკას შეეხოს ეს მატება, ყველა დასაქმებული დარჩეს ადგილზე და ქვეყნიდან აღარ წავიდეს.
ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ კადრი აღარ გაჩერდება ქვეყანაში და პაციენტები ნამდვილად დაგვრჩება მოუვლელი.
თქვენი შეფასებით, რატომ არ მატულობს ექთნის ხელფასი, რა უშლის ხელს?
როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში ხდება – წამლების ფასებს არ აიაფებენ, ასე ხდება კლინიკებში. ბაზარზე მთავარი მოთამაშე, ვინც ფასებს აწესებს „ევექსია“, მას ყველაზე მეტი კლინიკა აქვს ქვეყანაში, ამიტომ ბაზრის ფასსაც ის განაგებს. სახელი და მიღწევები არავის აინტერესებს, ფულის გაყოფა და გადანაწილება არ სურთ, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, მეტი ხელფასი რომ მისცენ ექთნებს მათ მოაკლდებათ.
ზუსტად ვიცი თითოეულ პაციენტს თითოეულ დაავადებაზე რა თანხა მოაქვს [კლინიკისთვის] და პაციენტი რომ უნდა დააყოვნო სულ ცოტა სამი დღე, რომ მეტი “ჩამოჩოთქო”, მეტი გამოსტყუო “საყოველთაო ჯანდაცვას”, ან რეანიმაციაში დიდ ხანს დააყოვნო, რომ ფული, რაც მოჰყვება პაციენტს თავისი ნოზოლოგიით/დაავადებით გაუნულო და სულ შენ დაგრჩეს, მოგებაში წახვიდე.
თქვენ უნდა მოისმინოთ საუბარი, როცა ამბობენ – ეს პაციენტი წამგებიანია და დროზე გაწერეთ, შეიძლება უჭირდეს პაციენტს, მაგრამ ასეთი დიაგნოზი ჰქონდეს, ამბობენ – ეს პაციენტი მომგებიანი არ არის და დროზე გაუშვით. თუ დიაგნოზი ისეთი აქვს, რომ მასზე ბევრი ფულია, მიბმული ეყოლებათ ბოლო ამოსუნთქვამდე. ფულის გამო აკეთებენ ყველაფერს, ფული კი საკმაოზე მეტია, ყველასთვის სამყოფია, მაგრამ ერთეულები ინაწილებენ ამ ყველაფერს.
ექთნების გადინებამ იმატა პანდემიის შესუსტების შემდეგ. აი, კოვიდ პაციენტები როცა იყვნენ, მიუხედავად მძიმე სამუშაოსა, სახელმწიფო აფინანსებდა [კოვიდ-პაციენტის მოვლას], მართალია ზოგს [სტანდარტით გაწერილი] დამატებითი თანხა არ მიუღია სრულად, თუმცა რაღაც დამატებას იღებდნენ მაინც და ჩუმად იყვნენ.
ჩვენ [პროფკავშირები] როცა ვესაუბრებოდით ექთნებს, ამბობდნენ, რომ 2-3 სამსახურში რომ მუშაობდნენ, ამდენს მაშინ ვერ იღებდნენ და ახლა უკეთესიაო. სახლში რა დაავადებას წაიღებდნენ (მოგეხსენებათ ყველა რისკის ჯგუფი იყო), იმას აღარ დარდობდნენ, მთავარია ხელფასი წაეღოთ სახლში და ის ბანკის ვალები ეხადათ. თუმცა ბევრმა ვერც ეს გადაიხადა, რადგან არც ვაქცინების კეთებაში და არც ტესტირებებში გადაუხადეს ფული.
როგორც კი სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ კოვიდის პროგრამა დამთავრებულია, გაორმაგდა ექთნების გადინება – იმაზე ნაკლები ხელფასები მისცეს ადმინისტრაციებმა, ვიდრე კოვიდამდე ჰქონდათ. რა დააკავებს ამ ხალხს ქვეყანაში – საბანკო ვალდებულებები იგივე დარჩათ, ჭამა გაძვირდა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, ტრანსპორტი გაძვირებულია.
ისედაც ვერ ნახულობდნენ ექთნები შვილებს, 2-3 დღე გასულები იყვნენ სამსახურებში და კომუნიკაცია ტელეფონით დგებოდა მათ შორის – საზღვარგარეთ წავიდნენ: იტალიაში სულ ცოტა 1000 ლარს აიღებენ, გერმანიაში კი 3000 ევროს. ტელეფონებით ისედაც ელაპარაკებიან თავიანთ ოჯახის წევრებს.
ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი.
ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 33 მილიონ 29 ათას 100 ლარს – ოღონდ, დღგ-ს და სხვა მომსახურების გარეშე [ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსი 2021 წელსაც შეიძინეს]
ტენდერში გამარჯვებულმა ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 65 ერთეული ავტობუსი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 240 დღეში [8 თვეში]. ამავე ვადაში მიმწოდებელი ავტობუსების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმება და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნები] ხარჯების ჩათვლით.
ტენდერში წინადადებების მიღება კი 2022 წლის 21 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს, 22 სექტემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის; ახალი; არაუადრეს 2022 წლის გამოშვების; მარცხენა საჭიანი; ექსპლუატაციაში არმყოფი; მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 6 000 კმ; ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; განბაჟებული.
სრული საგარანტიო პერიოდი იქნება არანაკლებ 200 000 კმ გარბენი, ან არანაკლებ 24 თვე [რომელიც ადრე დადგება].
დასადები ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში [ლარში].
ამასთან, „ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ან მთლიანად, ავტობუსების საბოლოო მიწოდების, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ:
2023 წელს, დარჩენილი გადასახდელი თანხის ჯამის ნახევარი ორ თანაბარ ტრანშად: არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისი – 50%, არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბერი – 50%.
2024 წელს, დარჩენილი თანხა სრულად ორ თანაბარ ტრანშად: არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისი – 50%, არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბერი – 50%.“
ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნით ლარში, არაუმეტეს 7 000 000 ლარის ოდენობით.“
მთავარი ფოტო: არქივიდან / ავტობუსების პრეზენტაცია ბათუმში / 29.08.2018 / ბათუმის მერიის ფოტო
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად, სწორედ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „2022-2024 წლებში 65 ერთეული ავტობუსი იქნება შეძენილი“. ამასთან, „მუნიციპალური ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია (2022-2024 წ.წ.), რომლის ღირებულება – 45 884 533 ლარია“.
ახლახან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად, ტყეში, აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია – ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა.
„აუცილებელია თითოეული ცხედრის ექსჰუმაცია, როგორც ეს ბუჩაში გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი ტრაგიკული გამოცდილება – დავადგენთ ყოველი მათგანის სიკვდილის მიზეზსა და გარემოებას,“ – განაცხადა გერაშჩენკომ.
მისი ინფორმაციით, იზიუმში უამრავი საცხოვრებელი სახლია ნანგრევებად ქცეული, ამიტომ მოსალოდნელია, რომ დაღუპულები მომავალში ნანგრევებშიც იპოვონ.
„ერთ-ერთ სამსართულიან სახლში რუსული საავიაციო რაკეტის დარტყმისგან ორი სადარბაზო ჩამოიშალა. ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ როდესაც ოკუპაციის დროს, რუსებმა მათ ნანგრევები გააწმენდინეს, იქ 47 დაღუპული იყო,“ – ამბობს მინისტრის მრჩეველი.
მისი ვარაუდით, იზიუმში ოკუპაციის დროს სულ მცირე 1000 ადამიანია დაღუპული.
„და ეს რიცხვი გაიზრდება, ორჯერ მეტი იქნება ვიდრე ბუჩაში. ცხადია, ყველაფერს გადავამოწმებთ,“ – დასძენს გერაშჩენკო.
იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენაზე უკვე გააკეთა კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა.
„იქ უკვე დაიწყო აუცილებელი პროცესუალური მოქმედებები. უფრო მეტი ინფორმაცია – გადამოწმებული ინფორმაცია უკვე ხვალ იქნება. ხვალ იზიუმში ჩავლენ ჟურნალისტებიც – უკრაინელებიც და უცხოელებიც. ჩვენ გვინდა, მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში და რა მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი და ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს რუსეთს ამ ომისთვის. და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის ოლქში რუსებისგან გათავისუფლებულია 400 დასახლებული პუნქტი, რომლებშიც დაახლოებით 150 000 უკრაინელი ხუთი თვის განმავლობაში ოკუპაციაში ცხოვრობდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 28 – 33 გრადუსი,
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი,
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 18 და 19 სექტემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.
მთავარი ფოტო: ბათუმი, 12.09.2022 / არჩილ კახაძის ფოტო
უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევისა და ხარკოვში რუსეთის ძალების მარცხის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ფარულ მობილიზაციას აძლიერებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა აზრითაც, რუსეთის არმიას ძალიან გაუჭირდება თავდაცვის პოზიციების შენარჩუნება, თუკი უკრაინელი მებრძოლები აღმოსავლეთისკენ წინსვლას გააგრძელებენ.
„კრემლი ხარკოვის ოლქში დამარცხებას ფარული მობილიზაციის გაძლიერებით პასუხობს და კვლავ თავიდან იცილებს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას,“ – წერენ ექსპერტები და ამის მაგალითად ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება მოჰყავთ.
კადიროვმა რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტს მოუწოდა, დაიწყონ „თვითმობილიზაცია“ და არ დაელოდონ კრემლისგან საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. კადიროვის თქმით, ფედერაციის თითოეულმა სუბიექტმა „უნდა დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, დაეხმაროს რუსეთს“ და სულ მცირე 1000 სამხედრო შეკრიბოს.
ISW-ის ინფორმაციით, მსგავსი მოწოდებებით გამოდიან კრემლის პროპაგანდისტები და სამხედრო ბლოგერებიც, ოკუპირებული ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა მეთაურმა სერგეი აქსენოვმა კი მოხალისეთა ორი ბატალიონის შექმნის შესახებ გამოაცხადა.
„ეს ადასტურებს, რომ უკრაინაში მარცხმა აიძულა კრემლი, დაიწყოს გადაბირების კამპანია მთელი რუსეთის მასშტაბით,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთმა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში თავისი ბაზებიდანაც გამოიყვანა სამხედროები და უკრაინაში გადაისროლა, რამაც ამ ქვეყნებში კრემლის გავლენა შეასუსტა.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსული და უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინგულეცის მახლობლად და ხერსონის ოლქის სამხრეთით;
რუსეთის ძალებმა შეზღუდული შეტევები აწარმოეს და აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამაგრებას ცდილობენ;
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობს, ოლქიდან თავისი ადმინისტრაციული კადრების გადინება შეაჩეროს.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი გუშინდელი ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში თავისი ძალების გასაძლიერებლად ომში ახალი ჩეჩნური ბატალიონების ჩართვას აპირებს, თუმცა ეს ბატალიონები დაუკომპლექტებელია და დაქირავებული მებრძოლებისა და რუსეთის ეკონომიკურად დეპრესიული რაიონების მცხოვრებლებისგან შედგება.
ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ.
ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.
„აქტივობების შესახებ ვერც კი ვიგებთ. დაბა ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩვენამდე ნაკლებად მოდის ინფორმაცია, შესაბამისად, ნაკლებად ვართ ჩართული.
ჩვენთან არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ვერ ექცევა – ცუდი გზებია და ტრენერები მხოლოდ დაბა ხულოში, ისეთ ადგილებში მიდიან, სადაც მარტივად მიისვლება. ჩვენ, ალბათ, ცუდი გზების გამო ვავიწყდებით. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა“, – გვითხრა ლიამ.
ლია ფიქრობს, რომ ბოძაურის და მისი მეზობელი სოფლის ახალგაზრდებს სჭირდებათ არაფორმალურ განათლებაში მონაწილეობა, ლექციების მოსმენა.
ბოძაურში მცხოვრები მოზარდები და თინეიჯერები კი სკოლის შემდეგ სახლებში ბრუნდებიან, ოჯახს სამეურნეო საქმეებში ეხმარებიან, ხოლო საღამოს მეცადინეობენ და ეს ყველაფერი დილით ისევ თავიდან იწყება. ლია გვიყვება, რომ ეს რუტინა ბევრი მისი თანასოფლელისთვის არასდროს იცვლება.
მე „პრივილეგირებულად“ მივიჩნევ თავს, რადგან ჩემი ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შემიწყოს სხვადასხვა აქტივობაში რომ ჩავერთოო.
„ხშირად ჩავდივარ მუნიციპალიტეტში, ჩართული ვარ პროექტებში, მაგრამ ჩემი მეგობრები ამას ვერ ახერხებენ და ეს ძალიან მტკენს გულს. მეც მიწევს შრომა, აქ ყველა შრომობს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, გადაუდებელი საქმე გვქონია სახლში და ამის მიუხედავად მაინც წავედი შეხვედრაზე“, – გვეუბნება ლია.
ლია გვიყვება, რომ ბოძაურში ახალგაზრდები გართობას ვერ ახერხებენ.
„სოფელში სპორტდარბაზი გვინდა. ცუდ პირობებში გვიწევს თამაში. ყოველთვის საძებნელია ფრენბურთის ბურთი, ბადე. გვაქვს სოფლის მოედანი, მაგრამ გაკეთება სჭირდება.
ძალიან გვინდა ფეხბურთისა და ფრენბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებიც ვისწავლოთ, მაგალითად, კალათბურთი, მაგრამ ამის პირობები არ გვაქვს“, – ამბობს ლია.
ლიას და მისი მეგობრებს ასევე სჭირდებათ სივრცე, სადაც შეკრებას და მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს შეძლებენ. „ძირითადად, „ბირჟაზე“ ვიკრიბებით სასაუბროდ, კონკრეტული შეკრების ადგილი [ახალგაზრდებს] არ გვაქვს“, – გვითხრა ლიამ, ამიტომაც, რიყეთის თემის ახალგაზრდებმა ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში პროექტი დაწერეს სოფელში სივრცის მოსაწყობად, სადაც წიგნის წაკითხვას და დისკუსიას შეძლებენ. პროექტის ფარგლებში 500-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს, რითაც პუფები და სხვა საჭირო ნივთები უკვე შეიძინეს.
ახლა ამ სივრცის გახსნის სამზადისი აქვთ – ადგილი სოფლის სკოლაში გამოუყვეს. სოფელში ცარიელი ოთახი ვერ ვიპოვეთ, ამიტომ ბოძაურის სკოლის დირექტორს ვთხოვეთ და დაგვეხმარაო.
სექტემბრიდან ამ სივრცეში შეკრებას ხშირად გეგმავენ – „მოვიწვევთ ტრენერებს, წიგნებს ჯგუფურად წავიკითხავთ და ჩვენი ცხოვრება ცოტათი უფრო გამრავალფეროვნდება“.
ლია ამბობს, რომ სივრცე არაფორმალურია, ოთახის გასაღები კი ახალგაზრდებს ექნებათ.
„აქ ბევრ ახალგაზრდას უჭირდა აზრის საჯაროდ დაფიქსირება, განა სიტყვის მარაგი არ ჰქონდათ ან რამე მსგავსი, უბრალოდ ხალხში აზრის დასაფიქსირებლად სითამამე აკლიათ. ეს პატარა ოთახია და სხვა უფრო დიდი მსგავსი სივრცე გვჭირდება, სადაც აზრებს გავცვლით“, – გვიხსნის ლია.
ლია წელს აბიტურიენტია. მშობლები ურჩევენ, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ბათუმში წავიდეს, თუმცა ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა.
„გონებაში ვამბობ, რომ არსად არ უნდა წავიდე. უნდა ვიყო ჩემს სოფელში, ოჯახთან ერთად უნდა გავატარო ეს ერთი წელი. ადრე არავინ არ ემზადებოდა და ისე აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ ახლა, რატომღაც, მოთხოვნადი გახდა რეპეტიტორი. ყველას უნდა წავიდეს და რეპეტიტორთან მოემზადოს.
კლასში სულ სამნი ვართ. ჩემი კლასელები [ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის] მოსამზადებლად ბათუმში აპირებენ წასვლას. აღარავინ დარჩა, მხოლოდ მე ვარ და ვფიქრობ, რომ ბავშვებს მაგალითი უნდა მივცე, რომ არ არის აუცილებელი სხვაგან წასვლა – მთავარია მონდომება და დამოუკიდებლადაც გაართმევ ამ ყველაფერს თავს. მინდა, რომ რეპეტიტორების გარეშე ჩავაბარო ეროვნული გამოცდები“, – გვეუბნება ლია.
ლიას ერთი მიზეზი კიდევ აქვს საიმისოდ, რომ სოფიდან წასვლა არ უნდოდეს – მცირე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მშობლებმა აჩუქეს, სრულიად მარტომ ჟოლოს ნერგები გაახარა.
„წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა. ნამდვილად არ ველოდი და უზომოდ ბედნიერი ვარ. აქამდე ყველაფერი მარტომ გავაკეთე, მაგრამ უკვე ოჯახის წევრების დახმარება მჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი მოსავალია და მარტო ვერ გავუმკლავდები“, – ამბობს ლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 2 199 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 4 690 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 1 302 ერთეული [+7]
MLRS – 312 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 250 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 216 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 908 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 550 ერთეული [+28]
სპეცტექნიკა – 121 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
293 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
1 965 უპილოტო საფრენი აპარატი
375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 940 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
837 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 392 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 616 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საბრძოლო მომზადების ასმეთაური მიხაილო, უკრაინას რუსების შემოსევის პირველი დღიდანვე იცავს.
„24 თებერვალს, 4:20 საათზე, ოფიცერმა მიიღო შეტყობინება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე და მაშინვე მივიდა სამხედრო ნაწილში იარაღის მისაღებად, სამშობლო რომ დაეცვა.
მისი მოვალეობა ქვეშევრდომების ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგება და უზრუნველყოფა იყო“, – წერს უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“-ი, რომელიც მიხაილოს შესახებ აქვეყნებს მასალას.
ოფიცრის თქმით, მისმა ქვედანაყოფმა ომის დაწყების მეორე დღიდანვე, 25 თებერვლიდან მიიღო დავალება. დავალება მარტივი არ იყო: დანაყოფს მტრის ტექნიკის მთელი კოლონა უნდა გაენადგურებინა.
„ქალაქის მიდამოებში მტრის ნაღმები გვხვდებოდა. თავიდან გავანადგურეთ ჩვენს წინ მიმავალი მტრის ქვეითი ჯარის დანაყოფი, შემდეგ მათი სადაზვერვო მანქანა. ხელში ჩავიგდეთ მტრის გადარჩენილი ტექნიკა“, – იხსენებს ოფიცერი გამოცემა „Armyinform“-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
მიხაილოს მეთაურობით მისი თანამებრძოლები თებერვალ-მარტში ყოველდღიურად იგერიებდნენ ოკუპანტების შეტევებს და მტერს უსაფრდებოდნენ.
მისი ქვედანაყოფი ტანკისტებთან ერთად მრავალჯერ ჩაერთო ბრძოლაში დამპყრობლების წინააღმდეგ.
„ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ბრძოლა ქალაქის გარეუბანში, სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრის“ მახლობლად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩვენი სატანკო დანაყოფის ერთ-ერთი მეთაურის სიმამაცე და ოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საბრძოლო მანქანა დაზიანდა, ეს მეთაური მაინც აგრძელებდა ბრძოლას მტერთან.
მან დაზიანებული ტანკიდან ორი ზუსტი გასროლით გაანადგურა მტრის ორი სამიზნე“, – იხსენებს ოფიცერი.
მიხაილოს მსგავსი ასმეთაურებისა და ჯარისკაცების ძალისხმევით ჩერნიგოვზე რუსების ალყა მოიხსნა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო ქალაქის უსაფრთხოების გარანტია.
მიხაილოს თქმით, მას შემდეგ, რაც ჩერნიგოვის რეგიონულ ცენტრს ალყა მოხსნეს, სამხედროები მისი მეთაურობით საგუშაგოებზე მსახურობდნენ, ჩერნიგოვის შესასვლელთან. ერთხელ მანქანა გააჩერეს, რომელსაც ქალი გადაჰყავდა. ქალი ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქალაქში რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას ცდილობდა.
დამნაშავე დააკავეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
ომში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, თავგანწირვისა და სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის მიხაილოს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენი გადაეცა.
რუსეთი სამხედრო დანაკარგებისა და პირადი შემადგენლობის დეფიციტის შევსებას ცდილობს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ მეთოდებზე, რომლებითაც მოსკოვი უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად მოხალისეების მობილიზებას ახდენს.
16 სექტემბრის რელიზში უწყება მიუთითებს, რომ კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სულ მცირე ივლისიდან აწარმოებს კამპანიას რუსი პატიმრების უკრაინის ომში გასაგზავნად. პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებას და ფინანსურ სარგებელს სთავაზობენ.
„თუმცა ამ ტენდენციამ ცოტა ხნის წინ ახალი იმპულსში შეიძინა. ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ რა წინადადებას სთავაზობს „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მსჯავრდებულებს. ვიდეოში პრიგოჟინი ხაზს უსვამს, რომ ის მებრძოლებს მხოლოდ „შეტევის ოპერაციებისთვის“ეძებს,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვევრა.
უწყების ცნობით, ამის პარალელურად, რუსეთის სამხედრო აკადემიები სწავლის ხანგრძლივობას და კურსანტების გამოშვების ვადებს ამცირებენ.
„კადრების პრობლემა რუსეთისთვის უფრო და უფრო სერიოზული ხდება. კადეტების სწავლების დაჩქარება და „ვაგნერის“ მოთხოვნა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შეიარაღებული ძალების კრიზისისას ყველა მწვავე დეფიციტი დაკავშირებულია საბრძოლო ქვეითებისა და უმცროსი მეთაურების ნაკლებობასთან,“ – ასკვნის დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ხარკოვის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგებს მიმოიხილავდა და ადასტურებდა უკრაინული მხარის ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ოლქის ტერიტორიიდან არაორგანიზებულად გავიდნენ და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა მიატოვეს.
„ბევრ ევროპელს არ ესმის, რატომ გვეზიზღება ყველა რუსი. ამას ალბათ მხოლოდ მაშინ გაიგებენ, თუ რუსული რაკეტების ხმა გააღვიძებთ,“ – გვითხრა ჟენია მოტორევსკამ, დამოუკიდებელი მედია გამოცემა „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტმა.
„ჰრომადსკეს“ ჟურნალისტებს – ჟენია მოტორევსკასა და ანასტასია გოლოვნენკოს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა. „ჰრომადსკე“ დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემაა და სხვა დამოუკიდებელ მედია გამოცემებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებაში. სიღრმისეული რეპორტაჟები და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, „ჰრომადსკეს“ ნიშაა.
ჟენია მოტორევსკა: „დოჟდიდან“ გვთხოვეს, „აზოვის“ პოლკის კონტაქტი მიგვეცა. რთული ისტორია იყო ჩვენთვის. ჩვენი ჟურნალისტი, ალისა, წავიდა „აზოვსტალის“ დაცვისას დაღუპული მეომრების ჩამოსვენებაზე. რიგ შემთხვევებში მათგან მხოლოდ ფერფლი ან ძვლებიღა იყო დარჩენილი.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ მასალა ფოტოებით, მეორე დღეს კი რუსმა ჟურნალისტმა გვთხოვა „აზოვის“ კონტაქტის მიწოდება. გვითხრეს, რომ ასევე უნდოდათ მასალის გაკეთება. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით, რადგან არ ვთანამშრომლობთ რუსულ მედიასთან.
„დოჟდმა“ მოსკოვში მუშაობა თებერვალში შეაჩერა, გადავიდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვფიქრობ, ყველა მათგანი მხარს უჭერს რუსულ ნარატივს. რა თქმა უნდა, დაწერეს, რომ ომის წინააღმდეგ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათაც, „მედუზასაც“ და სხვა დიდ მედიებს რუსული ნარატივი აქვთ. უფრო ნაკლებად – „ნოვაია გაზეტას“. „მედუზა“, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული საშუალებაა „ჭკვიანი რუსებისთვის“.
ანასტასია გოლოვნენკო: ისინი საუბრობენ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე და არა იმ გავლენაზე, რომელიც უკრაინაზე მოახდინა რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა.
ჟენია მოტორევსკა: არის მოსაზრება, რომ პუტინი ცუდია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები – კარგები. თუმცა, ჩვენ ქალაქებს რუსი ჯარისკაცები ბომბავენ. ვფიქრობ, მილიონობით ადამიანი უჭერს მხარს ომს.
აღნიშნეთ რომ რუსული მედია, როგორიცაა „დოჟდი“, ბევრს საუბრობს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინი ამაზე საუბრობენ იმიტომ, რომ შიგნით რუსეთში გაუჩნდეს ხალხს პროტესტი ომის გამო?
ანასტასია გოლოვნენკო: შესაძლებელია, მაგრამ რთულია ამის დაკავშირება. დასავლეთის სანქციებზე საუბრისას, მაინც დასავლეთი გამოდის მტრად – „ჩვენ კარგები ვართ, აშშ მტერია, უნდა გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ. არ უნდა გამოვიდეთ პუტინის და ომის წინააღმდეგ“.
რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს და დონორებს, ზოგჯერ გვთხოვდნენ კოლაბორაციას რუსულ მედიასთან.
ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტია. ამას ვეთანხმებით, მაგრამ ზოგჯერ რთულია იმის დაჯერება, რომ მათ რუსული და უკრაინული მედიის ერთდროულად მხარდაჭერა სურთ.
რეაგირებაც კი რთულია – სულ სხვადასხვა პრობლემები გვაქვს. როცა პასუხი მივწერეთ, ვუთხარით, რომ როცა რუსეთსა და ბელარუსში [პრობლემა] სიტყვის თავისუფლების არქონაა, ჩვენი პრობლემა რუსული რაკეტებია და ზოგჯერ, როცა შეხვედრები გვაქვს, მათი შეჩერება და თავშესაფარში გადასვლა გვიწევს. საუბარია არა სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ სიცოცხლეზე.
ომის პირველ დღეებში მახსოვს ვრცელდებოდა ვიდეოები, ცნობილი უკრაინელი მსახიობები, მომღერლები, ბლოგერები მიმართავდნენ თავიანთ რუს კოლეგებს თუ ნაცნობებს. კიდევ სჯერა ვინმეს უკრაინაში, რომ შეიძლება რუს ნაცნობებს რაიმე ემპათია გაუჩნდეთ?
ანასტასია გოლოვნენკო: ვითარება შეიცვალა. თებერვალში ორი აზრი გვქონდა: საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ უნდა ვიმუშაოთ რუსულ აუდიტორიაზე და ავხსნათ, რომ უკრაინაში არ არიან ნაცისტები და ნორმალურია, თავს რომ ვიცავთ.
მეორე აზრი კი ის იყო, რომ უნდა ავაგოთ დიდი კედელი საზღვართან და დავივიწყოთ რუსეთი, როგორც ქვეყანა.
ჩემი აზრით, ხალხმა, ვისაც „კარგი რუსების“ სჯეროდა, აზრი შეიცვალა. ახლა უკრაინულ საზოგადოებაში, ჩვენს გუნდშიც, ბევრი დისკუსია მიდის, რომ რუსეთისკენ ვერც გავიხედებით.
ჟენია მოტორევსკა: ჩვენმა გუნდმაც გადაწყვიტა, გააუქმოს გამოცემის რუსულენოვანი ვერსია. გვაქვს რამდენიმე პროექტი – მაგალითად, ვოლოდიმირ ზოლკინი – ის სამოქალაქო აქტივისტია და ყოველდღე იწერს ინტერვიუებს რუს ტყვეებთან. ის ეკითხება უკრაინული ციხეების პირობებზე, ფრონტზე, პირობებზე რუსულ ჯარში… ის ამბობს, რომ აქვს იდეა დაამსხვრიოს რუსული პროპაგანდა და შეცვალოს რუსი ხალხის აზრი.
ანასტასია გოლოვნენკო: არის კიდევ ერთი პროექტი, მიხეილ კაცურინის – „მამა, დამიჯერე“. ის ცდილობს, მამას აუხსნას, რა ხდება უკრაინაში. შედგა ინიციატივა – აუხსნა ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს, რა ხდება, მხოლოდ ფაქტებითა და ემოციებით.
„ჰრომადსკეში“ დავნებდით. „ვკონტაქტეშიც“ შევქმენით გვერდი და პირველ მაისამდე ვცადეთ მუშაობა, მაგრამ ძალიან რთული იყო, ძალიან დიდი გამოწვევა. მივხვდით, ვერ აუხსნი რამეს ვინმეს, ვინც სხვა აზრის მოსმენითაა დაინტერესებული.
ჟენია მოტორევსკა: მაგალითად, დავწერეთ, რომ ბუჩაში რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები, მოკლეს სამოქალაქო პირები, მაგრამ კომენტარებში რუსები წერდნენ, რომ ეს უკრაინული პროპაგანდაა, დადგმაა, პერფორმანსი.
როგორი იყო ომის პირველი დღეები, რამდენად სწრაფად მოახერხეთ მობილიზება და მუშაობის დაწყება?
ჟენია მოტორევსკა: მახსოვს ის დღე. მესიჯები განუწყვეტლივ მოდიოდა. ამ ხმამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ ომი დაიწყო.
შემდეგ სარედაქციო ზარი გვქონდა. წავედი ოფისში აპარატურის ასაღებად – კამერები, ლეპტოპები ავიღეთ. დავიწყეთ ვინიცაში წასვლის გზების ძიება. მოლაპარაკებულები ვიყავით კიეველ მძღოლთან, რომ ვინიცაში უნდა წავეყვანეთ. თუმცა, იმ დღეს ამ კაცმა [მძღოლმა] გვითხრა, რომ ოჯახი ჰყავს და უნდა მიხედოს.
მახსოვს, შოკი არ მქონია, რადგან ბევრი საკითხი იყო, რომელიც უნდა მომეგვარებინა. ალბათ, ჩემი კოლეგებიც ასე იყვნენ. რაც შეეხება ოჯახს, შვილები, მეუღლე არ მყავს, მაგრამ ჩემი მშობლები დნიპროში ცხოვრობენ – ახლა ეს ქალაქი ახლოსაა საბრძოლო ზონასთან. ყოველ დღე ვურეკავ. როცა ომი დაიწყო, სახლი არ დატოვეს.
ანასტასია გოლოვნენკო: პირველი კვირის განმავლობაში თავშესაფარში ვიყავი, ოჯახთან ერთად. კიევის იმ ნაწილში, სადაც რუსული ტანკები 27 თებერვალს იყვნენ. შოკში ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ წავსულიყავი სხვაგან, როგორ მემუშავა.
მახსოვს, რომ ომის სადღაც მესამე დღისთვის კოლეგებს დახმარება სჭირდებოდათ – თარგმნაში, გაშიფვრაში… ბედნიერი ვიყავი, რომ სამუშაოდ მქონდა საათები და შემეძლო არ მეფიქრა, რა ხდებოდა ირგვლივ. როცა ვინიცაში გადავედი, პატარა ოფისში ვმუშაობდით – მაგიდაც კი არ გვქონდა. კომპიუტერი პირდაპირი ეთერებისთვის მასაჟის მაგიდაზე დავდეთ.
ქალაქებს შორის გადაადგილება ძალიან რთული იყო, მაგრამ ჟენია [მთავარი რედაქტორი] და რეჟისორი ოდესასა და სხვა ქალაქებში გაემგზავრნენ და საინტერესო მასალები წამოიღეს.
ჟენია მოტორევსკა: ომის პირველ თვეებში ყოველ საღამოს გვქონდა პირდაპირი ეთერი „ჰრომადსკეს“ ფეისბუქ გვერდზე, რედაქტორის ძაღლთან ერთად, რომელიც მან კიევიდან წამოიყვანა. ძაღლი, ეთერის დროს, დივანზე, ჩემს გვერდით იჯდა და ისე მიმყავდა გადაცემა.
როგორ მუშაობს უკრაინული დამოუკიდებელი მედია სამხედრო ცენზურის პირობებში?
ჟენია მოტორევსკა: რა თქმა უნდა, გვაქვს ოფიციალური აკრძალვები, საომარი მდგომარეობის გამო. მეორე მხრივ, ვშიშობთ, ზიანი არ მივაყენოთ რამე პროცესს, მაგალითად, ტყვეების გაცვლისას, სამხედრო ოპერაციისას. როცა სტატიას ვწერთ, ვფრთხილობთ და ვკითხულობთ – იქნება თუ არა უსაფრთხო ამ ინფორმაციის გამოქვეყნება სამხედროებისთვის და საზოგადოებისთვის.
ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მთავრობის კრიტიკა. თუ რამე პრობლემა გვაქვს დეპუტატთან – არ დადიან რადაში ან რამე ცუდს აკეთებენ, ჟურნალისტებს შეუძლიათ ამის გაშუქება. მაგალითად, გუშინ „ბიჰუს ინფომ“ დაწერა დეპუტატზე, რომელიც სხდომებზე არ დადიოდა.
„უკრაინსკა პრავდას“ ჰქონდა სკანდალური მასალა – მათ დაწერეს სტატია უკრაინის ომბუდსმენზე, რომელიც ფეიკებს ავრცელებდა რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე. დიდი დისკუსია მოჰყვა პროფესიულ წრეებში. ზოგი ჩვენი კოლეგა ამბობდა, რომ ამის გაშუქება, ამ პირობებშიც, ნორმალური იყო, სხვები კი არ ეთანხმებოდნენ – რუსული პროპაგანდა ამას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებსო.
„უკრაინსკა პრავდამ“ ეს მასალა მაინც გამოაქვეყნა და ამას არანაირი შეზღუდვა არ მოჰყოლია.
ჩემი აზრით, ნორმალურია, თუ მედია მსგავს შემთხვევებს გააშუქებს, მაგრამ ამ სტატიის განხილვისას, ვფიქრობ, ჟურნალისტს მასზე მეტი უნდა ემუშავა. არ იყო წარმოდგენილი თავად ომბუდსმენის და სხვა მხარის პოზიცია.
რა გამოწვევა აქვს ახლა უკრაინულ მედიას?
ჟენია მოტორევსკა: უნდა გადავრჩეთ – ესაა მთავარი გამოწვევა.
ვიცი, რომ ბევრ ადგილობრივ მედიას აქვს ფინანსური პრობლემა – მათ არ აქვთ სარეკლამო თუ სხვა შემოსავალი. სხვა გამოწვევებს რაც შეეხება, ომის შემდეგ უარი უნდა ვთქვათ სამხედრო ცენზურაზე.
ვფიქრობ, ხელისუფლება მის გაგრძელებას შეეცდება. როცა დაიწყება უკრაინის თავიდან აშენების პროცესი, მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების კონტროლი. ეს დიდი გამოწვევა იქნება.
რთული ვითარებაა. ბევრმა ადამიანმა დატოვა უკრაინა. ბევრი კიდევ დატოვებს – დაკარგეს შემოსავალი, აღმოსავლეთ რეგიონებში – სახლები…
ევროკავშირი და აშშ კი უჭერენ მხარს უკრაინას, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს არ სურთ ფულის გამოყოფა უკრაინის თავიდან ასაშენებლად.
ველით გამარჯვებას, სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას. ამის შემდეგ შეგვეძლება ქალაქების თავიდან აშენება.
წინ რთული ზამთარი იქნება. იქნება უკრაინიდან წასულთა ახალი ტალღა, რადგანაც ევროკავშირს არ დაუკეტავს საზღვრები და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ მათი უპრობლემოდ გადაკვეთა. მგონია, რომ ხალხი ევროკავშირის ქვეყნებში გადავა.
კაცებს არ შეუძლიათ უკრაინის დატოვება და ბევრი ოჯახი ერთმანეთს თებერვალსა და მარტში დაშორდა. რა თქმა უნდა, ქალებს დაბრუნება – მეუღლეებთან და ოჯახთან ერთად ცხოვრება სურთ. ეს მგონია მთავარი მიზეზი.
ასევე, ბევრი უკრაინული ოჯახი ევროკავშირში ელოდება ახალ სასწავლო წელს, სექტემბერში. ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი უკრაინულ სკოლაში უნდა დადიოდეს. ისინიც დაბრუნდნენ აგვისტოში.
ჩვენ შევხვდით სხვადასხვა უკრაინული გამოცემის ჟურნალისტებს და მათ გვითხრეს, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ არ ესმით ბოლომდე უკრაინელების. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ანასტასია გოლოვნენკო: საქმე არა სტერეოტიპებში, არამედ ადამიანურ გამოცდილებაშია.
ივნისში შვებულებაში ვიყავი, ავსტრიასა და საბერძნეთში. ევროპელებს უნდათ გაიგონ, რა ხდება უკრაინაში, მაგრამ არ შეუძლიათ იგრძნონ ის, რასაც ვგრძნობ მე.
კი წამიკითხავს რემარკის ან ჰემინგუეის წიგნები ომზე, მაგრამ აქამდე არ შემეძლო მათი გაგება. იცით ეს რას ჰგავს? არასდროს გაგისინჯავს ვაშლი, მაგრამ ცდილობ დაიჯერო, რომ ის გემრიელია. გულწრფელადაც რომ სცადო დაჯერება, გამოცდილება არ გქონდა, მხოლოდ წარმოდგენა შეგიძლია.
როცა პირველად გავცდი კიევს და მოვიარე დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, შოკში ვიყავი – ვერაფერს ვამბობდი. ბევრი ფოტო მქონდა ნანახი, ბევრი ისტორია მოსმენილი, მაგრამ როცა პირადად ვნახე, სულ სხვა გრძნობა იყო.
სრულიად სხვა გამოცდილებაა. ვიგრძენი განსხვავება რეალობასა და ჩემს წარმოდგენაზე რეალობაზე.
ჟენია მოტორევსკა: ბევრ ევროპელს არ ესმის, რატომ გვეზიზღება ყველა რუსი. ამას მხოლოდ მაშინ გაიგებენ, თუ რუსული რაკეტების ხმა გააღვიძებთ. ეს ყველაფერს ცვლის. ყველაფერს ცვლის, როდესაც დიდ დროს ატარებ თავშესაფარში.
საინფორმაციო ველი სავსეა ინფორმაციით ომზე. ეს რა სირთულეებს ქმნის მუშაობისას?
ანასტასია გოლოვნენკო: ხალხი დაიღალა, უკრაინაშიც და ევროპაშიც. ამბები ომზე მსგავსია. რუსეთმა ქალაქი დაბომბა და ხალხი დაიღუპა. საშინელებაა, მაგრამ რთულია რეაგირება ასეთ ამბებზე ყოველდღე და კვირა.
გადავწყვიტეთ წამოგვეწყო კამპანია Army Hromadske – ვქმნით კრეატიულ სურათებს რაღაც ტენდენციებზე. მაგალითად, რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე… „ვიზეარის“ რეისებზე აბუ-დაბიდან მოსკოვში… ევროპაში ენერგორესურსებზე რუსეთის გამო ფასის ზრდის შესახებ… ამის მიზეზად ზოგი უკრაინაში ომს მიიჩნევს – მიზეზი კი რუსეთის მიერ ომის დაწყებაა. ეს ჩვენი აუდიტორიისთვის მართლაც პოპულარული მესიჯი გამოდგა.
ასეთ სურათებს 1500-მდე ადამიანს ვუგზავნით. ისინი აზიარებენ სოცქსელებში, თაგავენ [ნიშნავენ] ევროპელ პოლიტიკოსებს. ჩვენი მიზანია, ამით უკრაინა უფრო ხილვადი გავხადოთ ინტერნეტში.
„გამოდის, ხელსაწყოთი უნდა ვზომოთ მუდმივად, გადააჭარბა თუ არა ანტენიდან დასხივებამ დასაშვებ ნორმას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია ანდღულაძე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოცხადდნენ ადგილზე გარემოსდამცველები, როცა ცხელ ხაზზე დარეკა და მეზობელი შენობის სახურავზე განთავსებული „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ ანტენების შემოწმება ითხოვა გამოსხივებაზე – დარღვევა დადასტურდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
„დადგინდა, რომ გამოსხივება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა საქართველოში დასაშვებ ნორმას, მაგრამ არაფერი შეცვლილა… როგორც გავარკვიე, ევროპის ქვეყნებში ანტენის მსგავსი მოწყობილობიდან გამოსხივებაზე დასაშვები ნორმა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში,“ – გვიყვება ნათია ანდღულაძე.
ნათია ანდღულაძის ნათქვამი დასტურდება კადრებით, რომელიც გადაღებულია ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის პროცესში.
ის და მისი სამეზობლო ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებს აპროტესტებენ. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს სხვა შემთხვევების მსგავსად, აქაც ანტენების განთავსებაზე ხელშეკრულება კონკრეტულად მესაკუთრესთან [სასტუმრო, სადაც ანტენებია განთავსებული] აქვთ გაფორმებული – აქ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევა რამდენიმე დღის წინ, 2 სექტემბერს დაადგინა.
გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ანტენების დემონტაჟს კი არ ითხოვს, არამედ ადასტურებს, რომ გამოსხივება კანონით დასაშვებ ნორმას აჭარბებს და ამისთვის კომპანიები უნდა დაჯარიმდნენ, ამავდროულად კი, დასაშვებ ნორმას უნდა დაუბრუნდეს „ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადი“.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ.N 29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, შპს ,,ვიონი საქართველოსა” და სს ,,სილქნეტის” კუთვნილი მიმღებ-გადამცემი ანტენების ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის შედეგად, დადგენილი ნორმის გადამეტება გამოავლინეს. აღნიშნულ დარღვევებზე „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიმართ შედგენილია ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ბათუმის საქალაქო სასამართლოში,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე უარი გვითხრეს გავცნობოდით კონკრეტულად სამართალდარღვევის ოქმს, სადაც მეტი დეტალის გაგებაა სავარაუდოდ შესაძლებელი.
დეპარტამენტის მიერ მითითებული მუხლი გულისხმობს: „ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტებას“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე.
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში განმარტეს, რომ გადამოწმების დროს თუკი დადასტურდება, რომ კომპანიები კანონმდებლობით დადგენილი ნორმას ისევ არ ასრულებენ, მას უკვე გაორმაგებული ოდენობით დააჯარიმებენ და მიყვებიან კანონით განსაზღვრულ შემდეგ ეტაპებს. იმ შემთხვევაში, თუკი პერიოდულად დადასტურდება გამოსხივების დასაშვებ ნორმასთან გადაჭარბება, დეპარტამენტმა შესაძლოა კომპანიებს უჩივლოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.
ჯარიმა კი, რაც „ბილაინმა“ და „სილქნეტმა“ უნდა გადაიხადონ, ჯერ არაა შესული კანონიერ ძალაში – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ საქმეს 18 ოქტომბერს განიხილავენ.
როდის შეამოწმებს ისევ, მაგალითად, გორგილაძის ქუჩაზე განთავსებულ ანტენებს გარემოს ზედამხედველობითი დაცვის დეპარტამენტი? რას სთავაზობს ამ დროს სახელმწიფო საფრთხის წინაშე დარჩენილ მოქალაქეებს, ვიდრე ჯარიმის შესახებ რამეს გადაწყვეტს სასამართლო? რა შემთხვევაში მოითხოვს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ანტენების დემონტაჟს? რის მიხედვით განისაზღვრა სამართლებრივ ნორმაში „დასაშვები ზღვარი“ და რეალურად რა მასშტაბის საფრთხის წინაშე არიან ამ დროს ადამიანები? – ამ სახის განმარტებაზე გარესმოდაცვით დეპარტამენტში უარი გვითხრეს. ამ საკითხზე არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ისურვეს საუბარი.
„სილქნეტის“ და „ბილაინის“ ანტენები გორგილაძის 33-ში
შეუძლიათ მოქალაქეებს სასამართლოს მიმართონ და ანტენის დემონტაჟი მოითხოვონ? – იურისტის განმარტება
„შეუძლიათ, მაგრამ უფლებას და შედეგს შორის მათ ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ, მათ უნდა დადასტურონ მომეტებული საფრთხის არსებობა, რამაც ზეგავლენა მოახდინა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში, როცა დადგენილია, რომ დარღვეულია ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის დასაშვები ნორმა.
იურისტი განმარტავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თუკი გამოჩნდება, რომ სახელმწიფო ორგანოს ჩართულობა ეფექტური არ არის და საჯარიმო სანქციები კომპანიებისთვის, რომლებსაც ეს ანტენები ეკუთვნით, შემაკავებელი არ აღმოჩნდა.
„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ნებისმიერი უფლება მაშინაა სიცოცხლისუნარიანი, როცა პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს ამ უფლებით.
ამ შემთხვევაში საუბარია ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, რამაც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, თუმცა ჯანმრთელობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ამიტომაც, სამტკიცებელია, რამდენად მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი ელექტრომანიტურმა გამსოხივებამ, რამდენად მოახდინა გავლენა ამ ნორმის დარღვევამ ადამიანის ჯანმრთელობაზე? ეს არის სამედიცინო კვლევის საგანი. ჩვენ უნდა გვქონდეს მტკიცებულება, რა ტიპის ზიანი მიადგა მოქალაქეს.
სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური და მოქნილი შესაძლებლობები, რაც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობებს, რომ ჩაიტარონ ამ ტიპის კვლევები ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე. ეს ასევე დაკავშირებულია სამართლებრივი დავის წარმოებასთან, რაც რესურსებს მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გამოხატოს მხარდაჭერა, ამ ადამიანების ინტერესების დაცვაზე,“ – აღნიშნა იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ფიზიკოსი: ასეთი მოწყობილობები არ უნდა განთავსდეს საცხოვრებელი ობიექტების სახურავებზე
რა გავლენას ახდენს მობილური კავშირგაბმულობის ანტენა ადამიანების ჯანმრთელობაზე და რა შემთხვევაში? – ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
„მეც როგორც ვიცი, არ არსებობს ცალსახა მიდგომა, ზუსტად გამოკვლეული არ არის ეს საკითხი, მაგრამ ევროპული პრაქტიკა ძირითადად არის გაფრთხილებაზე ორიენტირებული, ანუ სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს რისკები, რაც მსგავსი ტექნიკური აღჭურვილობის მოსახლეობის სიახლოვის განთავსებას შესაძლოა ახლდეს,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე „მწვანე ალტერნატივიდან“.
„კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან დღემდე გრძელდება ამ კუთხით კვლევები საერთაშორისო დონეზე. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ასეთი მოწყობილობები, დადგენილ ნორმებს რომც არ არღვევდეს, არ უნდა განთავსდეს ისეთ შენობებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და დღე-ღამეში მინიმუმ 10 საათს ატარებენ,“ – ეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა ნუგზარ ღომიძემ გვითხრა. ის რადიოფიზიკის მიმართულებით მუშაობს.
ფიზიკოსის განმარტებით, გადამცემი ხაზები, სადაც 500 კილოვოლტამდე სიმძლავრის ენერგია გადაიცემა, დაახლოებით 15 მეტრის რადიუსში ქმნიან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, 500 კილოვოლტის მეტი სიმძლავრის შემთხვევაში კი, დასაშვები რადიუსი 30 მეტრია.
„რადიომეცნიერები დღემდე სწავლობენ ამ საკითხებს და ერთიანი მიდგომა, ცალსახა რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა მეცნიერების აზრით, მსგავსი გამოსხივება მოქმედებს განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე, იწვევს დაღლილობას განსაკუთრებით მოხუცებში, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ,“ – აღნიშნა პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ „ბათუმელებთან“.
კიდევ ერთი ამბავი ანტენის გამოსხივებაზე – მოქალაქემ სასამართლო დავა ბათუმის მერიას მოუგო, რა შეიცვალა?
გორგილაძის ქუჩის შემთხვევა არაა ერთადერთი, როცა ადამიანები კავშირგაბმულობის ანტენების დემონტაჟს ითხოვენ – „ბათუმელები“ 2021 წლის დეკემბერში წერდა ნანა ბერიძის შესახებ, რომელმაც ბათუმის მერიას მოუგო სასამართლო დავა. ის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცხოვრობს და თავისი კორპუსის სახურავიდან „ბილაინის“ ანტენის დემონტაჟს ითხოვს.
ნანა ბერიძე მერიის წინააღმდეგ დაობს, რადგან გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ამ შემთხვევაში გამოსხივების კუთხით დარღვევა ვერ დაადასტურა, თუმცა კორპუსის სახურავზე ანტენის განთავსებაზე ნებართვა ბათუმის მერიამ კომპანიას ამხანაგობის თანხმობის გარეშე მისცა. კანონით ამ დროს ამხანაგობის 100 %-იანი თანხმობაა საჭირო.
ბათუმის მერიის განმარტებით კი, ანტენის განთავსება პირველი კატეგორიის მშენებლობას უკავშირდება და ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ იყო.
ნანა ბერიძემ მოიგო ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, თუმცა ბათუმის მერიამ საქმე უზენაესშიც წაიღო. მოქალაქე, რომელმაც დავა 2019 წელს დაიწყო ისევ ანტენის ქვეშ ცხოვრობს და ამჯერად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. თუ ბოლო ინსტანციის სასამართლო ნანა ბერიძის საქმეზე წინა ინსტანციების სასამართლოს პოზიციებს გაიზიარებს, ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია მოსთხოვს „ბილაინს“ ანტენის დემონტაჟს ფარნავა მეფის ქუჩაზე.,
„ჩვენთან დაუწიეს მაჩვენებლის სპეციალურად შემოწმების დროს, თუ რა ქნეს არ ვიცი, მაგრამ არ აჩვენა აპარატმა გამოსხივების დასაშვები ნორმის გადაჭარბება,“ – გვიყვება ნანა ბერიძე, რომელიც არ გამორიცხავს, ზიანის ანაზღაურების კუთხით იდავოს ამჯერად „ბილაინის“ წინააღმდეგ. მას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შექმნა მობილური კავშირგაბმულობის ანტენის განთავსებამ მისი საცხოვრებელი ბინის სახურავზე.
„2017 წელს გადმოვედით ამ კორპუსში საცხოვრებლად და ღამე ხმებმა შეგვაწუხა, არ ვიცოდით, თუ იქ ანტენა იყო, ისეთი ხმა ჰქონდა და მოძრაობდა, კედლები ზანზარებდა… ჩემს გვერდით ბინა აქვს მესაკუთრეს მიქირავებული კომპანიისთვის, იქ არის აპარატურა და ზემოთ ანტენა…. სცადეს ჩემთან დალაპარაკება ზიანის ანაზღაურებაზე, მაგრამ მე კატეგორიული უარი განვაცხადე – ვხედავდი, როგორ უარესდებოდა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ვაპირებდი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექსპერტიზის ჩატარებასაც, მაგრამ ეს ძვირი სერვისია, კერძო ექსპერტიზა უნდა დაიქირაო. მე ვარჩიე სასამართლოში წასვლა და პირველ რიგში დავა იმ კუთხით, რომ მერიას არ ჰქონდა უფლება თანხმობა მიეცა კომპანიისთვის, როცა ამხანაგობის თანხმობა არ არსებობდა.
მე ახლაც ამ კორპუსში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? იმედია, მალე მივიღებთ უზენაესი სასამართლოს პასუხს და ანტენას აიღებენ. ამ დავის პროცესში ერთადერთი ის შეიცვალა, რომ იმხელა ხმაური და მოძრაობა აღარ აქვს აპარატურას, რაც მანამდე იყო, ანუ შეფუთეს შესაბამისად, მაგრამ ეს ხომ გამოსავალი არაა?“ – კითხულობს ნანა ბერიძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 პირი წარადგინა. კანონის მოთხოვნით, მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის თითო ვაკანტურ პოზიციაზე 2-2 პირი უნდა წარადგინოს. უმაღლესი საბჭო კი მათგან თითოს დაამტკიცებს.
ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს ახალ წევრს ერთი გარდაცვლილი წევრის ნაცვლად [უკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა] და 2 დამატებით წევრს კანონში შესული ცვლილების თანახმად. ახალი წესით, უსკოს კომისიაში ნაცვლად 6 წევრისა, 8 წევრი იმუშავებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა ზაალ ზაალიშვილისა და სოფიო კახაძის კანდიდატურები.
ზაალ ზაალიშვილი გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო. ის ცესკომ შეარჩია.
ზაალ ზაალიშვილს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი. იყო ცესკოს ტრენერიც.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთიგაათავისუფლეს].
2018-2021 წლებში ზაალ ზაალიშვილი იყო ასევე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი. 2014-2015 წლებში ის ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის ადმინისტრაციული ერთეულების გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, შემდეგ კი 2015-2018 წლებში თბილისის საკრებულოს საფინანსო კომისიაში მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნეს. ის პროფესიით ფინანსისტია.
სოფიო კახაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანია, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა. გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისიც ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო. სოფიო კახაძე აჭარის განათლების სამინისტროში მუშაობს, კულტურის დარგში კონსულტანტის პოზიციაზე.
უსკოს კომისიის კიდევ ერთი წევრის თანამდებობაზე დავით ფარტენაძისა და თამარ ქამადაძის კანდიდატურები წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ. დავით ფარტენაძე 2022 წლის ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო. მანამდე კი ხელვაჩაურის საოლქო კომისიაშიც იყო არჩეული. სხვადასხვა დროს ის სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზეც.
ამ დროისთვის დავით ფარტენაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ -ში [„ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“] მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.
თამარ ქამადაძე ხულოს საოლქო კომისიის წევრია.
კომისიის წევრის მესამე ვაკანტურ პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საოლქო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ციალა შავაძე წარადგინა, მისი კონკურენტი კი სოფიო შაქარიშვილი იქნება. სოფიო შაქარიშვილი აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილება მასაც აქვს.
საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილავენ და მას დიდი ალბათობით მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.
იზიუმიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი ღამით კიევში ავარიაში მოყვა. მსუბუქი სამოქალაქო ავტომობილი ზელენსკის კორტეჟის იმ მანქანას შეეჯახა, რომელშიც თავად პრეზიდენტი იჯდა. შემთხვევა ღამის 11 საათზე, კიევში, გამარჯვების მოედანზე მოხდა.
პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ დაშავებულ მძღოლს პირველადი დახმარება ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
პრეზიდენტის სპიკერმა დასძინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს სამართალდამცველები არკვევდნენ.
სოციალურ ქსელებში ღამითვე გაჩნდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, თუმცა ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მართლაც პრეზიდენტის კორტეჟის ავარიას ასახავს თუ არა ეს ვიდეოები.
მომხდარიდან მალე უკრაინის პრეზიდენტმა თავისი საღამოს ვიდეომიმართვა ჩაწერა. მან ისაუბრა გათავისუფლებულ ხარკოვზე, კრივოი როგში რუსების თავდასხმაზე, მადლობა გადაუხადა სამხედროებს და 15 სექტემბერს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის ჩასვლაც დააანონსა. ზელენსკის ავტოავარია არ უხსენებია.
უკვე 15 სექტემბრის დილით სოციალურ ქსელებში გაჩნდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც საკმაოდ დაზიანებული ავტომობილი ჩანს და ასევე ჩანს, როგორ უწევენ დაშავებულ მძღოლს დახმარებას სამხედრო ექიმები.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ავარიის დროს კიევში უკვე კომენდანტის საათი მოქმედებდა და დასვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა ავარიაში მოყოლილი მანქანის მძღოლს სპეციალური საშვი. უკრაინული მედიის ცნობით, ამ კითხვაზე პოლიციას ჯერჯერობით არ უპასუხია.
ზელენსკის პრესმდივანმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მედიას, რომ წუხანდელ ავარიას პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკზე და მის შრომისუნარიანობაზე არ უმოქმედია.
„დილიდან მუშაობდა, შეხვედრებისა და ღონისძიებების გრაფიკი არ შეცვლილა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის,“ – უთხრა 24-ე არხს ნიკიფოროვმა და დასძინა, რომ ზელენსკის მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
კითხვას, პრეზიდენტის ოფისი მომხდარს შემთხვევითობად მიიჩნევს თუ დაგეგმილ თავდასხმად, ნიკიფოროვმა არ უპასუხა და მედიას ურჩია, გამოძიებას დაელოდონ.
გამოძიების სახელმწიფო ბიურომ საქმე უკვე აღძრა.
„ტარდება აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგებს აუცილებლად შევატყობინებთ საზოგადოებას,“ – უთხრეს მედიას ბიუროში.
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 24-ე არხის ეთერში განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ავარია იყო.
„ღამე იყო. საჭესთან მჯდომ ადამიანს „ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა“. ხომ გესმით – გარკვეული „სტიმულატორები“ იყო,“ – თქვა პოდოლიაკმა ღიმილით, თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა „სტიმულატორებში“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ხარკოვის ოლქში, გათავისუფლებულ იზიუმში იმყოფებოდა. ის ჯარისკაცებს შეხვდა და დროშის საზეიმოდ აღმართვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ავარია სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც კიევში დაბრუნებული კორტეჟი პრეზიდენტის ოფისისკენ მიემართებოდა.
სკვერი – მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში. ასეთია სკვერის განმარტება ლექსიკონში. ბათუმის მერიის „ლექსიკონში“ კი ხშირ შემთხვევაში სკვერი ჰქვია ადგილს, სადაც შესაძლოა ერთი პატარა საქანელა იდგეს, თუნდაც ქუჩის განაპირა კუთხეში.
მერიის მიერ რეაბილიტირებული სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – საქანელა, 2-3 სკამი, მცირე ზომის სათამაშო მოედანი და იშვიათ შემთხვევაში, წყლის პატარა შადრევანიც დგას.
ბათუმის მერია ამბობს, რომ წელს, ქალაქში 10 სკვერი გააკეთა, რისთვისაც 3 მილიონ 863 765 ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდეც ამდენივე სკვერის მოწყობაა დაანონსებული, რაშიც ასევე 3 მილიონ 642 741 ლარი უნდა დაიჯარჯოს. ჩვენს მიერ აღწერილი სკვერების ნაწილიც იმ სიაშია, რომელზეც მერია წერს, რომ გასულ წელს გააკეთა. თუმცა დღეს, მათი უმრავლესობა ასე გამოიყურება:
ქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული სკვერები ძალიან ხშირად ვიწრო გამწვანებული ზოლია, მრავალსართულიანი კორპუსების წიაღში, სადაც რამდენიმე ხის სკამს და ერთ პატარა სასრიალოს შესაძლოა გადააწყდეთ.
მაგალითად, მაღლივ კორპუსებს შორის მოქცეულ ამ საქანელას და 2 სკამსაც მერია სკვერს უწოდებს.
დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმის რამდენიმე სკვერი მოვიარეთ და იქ არსებულ მდგომარეობას გავეცანით. სკვერების უმრავლესობა დანაგვიანებულია, ზოგიერთ სკვერში დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
მაგალითად, ინასარიძის ქუჩაზე, 12/14 ნომერში არსებული სკვერი, მრავალსართულიანი სახლების შუაგულშია განთავსებული. სკვერში განთავსებული სკამების ნაწილი ხისაა, ნაწილი კი ქვის. ეს ქვის სკამები ადრე ცენტრალური პარკისთვის შეიძინეს, თუმცა როგორც ვხედავთ, ისინი ქალაქის სხვადასხვა ნაწილშიც განათავსეს.
მოსახლეობა ყველა მეტად იმაზე წუხს, რომ სკვერი თვეების განმავლობაში არ სუფთავდება. სკვერში განთავსებული ნაგვის ყველა ურნა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა გადავსებული.
დანაგვიანებული სკვერი ინასარიძის ქუჩაზე.
სკვერის ერთ ნაწილში ახალი ატრაქციონია განთავსებული, თუმცა მეორე მხარეს დგას პატარა სასრიალო, რომელიც დაზიანებულია.
დაზიანებული სასრიალო სკვერში. ინასარიძის ქუჩაზე.
„მთავარი, რაც ამ სკვერს აკლია, არის სისუფთავე, რომელიც არ არის, ჩვეულებრივი საღორეა, ყველგან არის ნაგავი. არ ვიცი ვისი ბრალია. მერიის ცხელ ხაზზეც ბევრჯერ დავრეკეთ, ფეისბუკშიც მოვნიშნე მერია, მაგრამ არავინ გამომეხმაურა.
არ გააქვთ ნაგავი, ისე გადის დღეები, თვეები, არავინ მოდის. ივსება ურნები, შემდეგ ამოვარდება ქარი და მიმოიფანტება მთელ ეზოში ეს ნაგავი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჩანტლაძე.
ინასარიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში განთავსებული ქვის სკამი.
ნინოს თქმით, სკვერს არც მოსახლეობა უფრთხილდება. „ნახეთ, ჭამეს-სვეს და ყველაფერი აქ დატოვეს. ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია, არავინ უფრთხილდება გარემოს. ყველაზე ცუდი ეს არის. გაზონსაც სეზონში ერთხელ კრეჭენ. კარგი იქნება, რომ გარემო მოვლილი იყოს, რადგან ბავშვები გამოდიან. მე უკვე ვეღარც გამომყავს, ისეთი სიბინძურეა ზოგჯერ სკვერში“, – ამბობს ნინო.
ნაგავია სკვერში განთავსებული ტრენაჟორების ირგვლივაც.
„ჩვენ ხომ ვიხდით დასუფთავების გადასახადს, უნდა მოვიდნენ და დაალაგონ“, – გვეუბნება ზაზა თოფურია, რომელიც ამავე სკვერში ისვენებს.
ინასარიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი სკვერი ვნახეთ, რომელიც ახალი გაკეთებულია, თუმცა ისეთივე დანაგვიანებულია, როგორ მისი მეზობელი სკვერი. აქაც, სკვერში განთავსებული ყველა ნაგვის ურნა გადავსებულია. ნაგავი ყრია როგორც მწვანე გაზონზე, ასევე ბილიკებზე.
„მერიას აქვს ვალდებულება, რომ სკვერს მოუაროს და ნაგავი გაიტანოს. თუმცა, აქ მცხოვრებმაც უნდა იზრუნონ გარემოზე“, – ამბობენ სკვერში მსხდომი ახალგაზრდები.
სკვერში პატარა, მრგვალი შადრევანიცაა დამონტაჟებული, თუმცა ხშირად გამორთულია. „ზოგჯერ კი იმხელა წყალი ამოდის, ირგვლივ სკამებსაც კი ასველებს“, – გვეუბნება ზურიკო ნაკაშიძე და გოჩიკო ფურცხვანიძე. მათი თქმით, კარგი იქნება თუ სკვერში ველოსიპედების სადგომებიც გაკეთდება.
„ხალხმაც უნდა იზრუნოს სკვერზე და მერიამაც. თუ არავინ აქცევს ყურადღებას, განცხადება დაწერონ. მე, პირადად, „ყირამალას“ გვერდით ვცხოვრობ და იქაც, ცალკე საშინელი სიბინძურე გვაწუხებს და ხმაური ცალკე. ჩვენთან, კვირაში ერთხელ შემოდიან მეეზოვეები და ალაგებენ, მაგრამ არ არის საკმარისი, ამიტომ ხალხმა უნდა მოუაროს“, – ამბობს სუსანა ფერცელიძე.
ინასარიძის ქუჩაზე არსებული სკვერი
ბაგრატიონის ქუჩის კუთხეში კორპუსებს შორის არსებულ სივრცეს სკვერს ვერც კი უწოდებ, რადგან ერთი პატარა საქანელა დგას ბავშვებისთვის და იქვე რამდენიმე ტრენაჟორიცაა დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორია კი ავტომანქანებს უკავიათ.
დაზიანებული საფარი სკვერში.
„ეს სასრიალოები დიდი ხანია, რაც დამონტაჟებულია. ადრე აქ 1-2 კორპუსი იყო და გვყოფნიდა, მაგრამ ახლა, ირგვლივ ახალი კორპუსები ააშენეს, ყველას აქ მოჰყავს ბავშვი და საკმარისი არ არის. ბავშვები ჩხუბობენ ხოლმე, რადგან არ ხვდებათ საქანელა. გვინდა, რომ გააფართოონ ეს სკვერი და ატრაქციონებიც დაგვიმატონ“, – ამბობს ნელი ჩხიკვაძე.
ერთი პატარა სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზეც ვნახეთ, სადაც ინფრასტრუქტურა განსაახლებელია. დაზიანებულია სასრიალო, ამოყრილია ქვაფენილი. ფანჩატურის სახურავიც ძველი და ალაგ-ალაგ ამოხეულია.
სასრიალოზე ყვავილი მოგლეჯილია.ჩამოსრიალების შემთხვევაში მწვანე საფარის ნაცვლად, ქვებზე დაეცემით.
ერთი პატარა სკვერი ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისშიცაა, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას, გადახურული სკამებიც, მაგრამ აქ მსხდომი მოზარდების უკმაყოფილებასაც დანაგვიანებული გარემო იწვევს.
დაზიანებული ფანჩატურის სახურავი სკვერში, ბაგრატიონის ქუჩაზე.
„ხშირად მოვდივართ აქ, რადგან სკოლაა აქვე და გადმოვდივართ. არ მოგვწონს, რომ დანაგვიანებულია. არც დიდებისთვისაა რაიმე გასართობი. მაგალითად, მოედანი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ასეთ პატარა სკვერებში ჩვენთვის ნაკლებადაა გასართობი, ამიტომ ბულვარში, სკეიტპარკში გავდივართ. სკვერში სიწყნარე თუ იქნება, რომ არ შემოაღწიოს მანქანების და ქუჩის ხმაურმა, ასევე იქნება უფრო მეტი სიმწვანე, კარგი იქნება“, – გვეუბნებიან ახალგაზრდები.
პატარა სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზე
ერთადერთი ადგილი, სადაც ამ დღეს მეეზოვე ვნახეთ, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული პატარა სკვერი იყო.
მეეზოვე ამბობს, რომ სკვერების დასუფთავება მათ ევალებათ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვერ ასწრებენ დალაგებას.
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო შექმნა, თუმცა მერიაში მალავენ, რამდენ წევრიანია ეს სათათბირო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, მერი ვალდებულია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს.
მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს. ამ საბჭოს შექმნის წესი საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა.
მისი დამტკიცებიდან მალევე „ავარიული სახლების პროგრამასთან“ დაკავშირებული ცვლილება კანონში სახალხო დამცველმა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. ომბუდსმენმა საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
სახალხო დამცველი ითხოვდა ასევე არ ამოქმედებულიყო ცვლილება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო. როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჯერ ცნობილი არ არის.
მერიაში საბჭოს წევრების ვინაობას არ ასახელებენ. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მერიიდან საჯარო ინფორმაციას იმის გამო არ გვაწვდიან, რომ „აპარატის უფროსმა ასე გადაწყვიტა.“ როგორც ჩანს, ნუკრი დეკანაძეს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული საჯაროობის შესახებ არაფერი სმენია.
საინტერესოა, რატომ მალავენ საბჭოს შემადგენლობას მერიაში, რა ლოგიკას შეიძლება დაექვემდებაროს მისი გასაიდუმლოება, მაგალითად 10 სამუშაო დღით, რომელსაც მერია ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად გამოიყენებს? – უბრალოდ ნუკრი დეკანაძემ ასე გადაწყვიტა, სხვა პასუხი არ არსებობს.
„ბათუმელებს“ საბჭოში შესვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე პირმა თავად დაუდასტურა. მათ შორის არიან ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი. ზვიად ბურჭულაძე – არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელშეკრულებით მუშაობს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ საბჭოში მთავრობას არ წარმოადგენს.
ჩვენთვის ასვე ცნობილია, რომ საბჭოში შედიან: დავით კოპინაძე – მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა რამიშვილი მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი. ზაურ ახვლედიანი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
საბჭოში არ მიუწვევიათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ არცერთი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე ათ წელზე მეტია ქალაქის განაშენიანების, განსაკუთრებით კი კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობს.
საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო საკრებულოს ოპოზიციამ, ამაზე საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, დღეს კი გვითხრეს, რომ მერის ბრძანება ოფიციალურად გამოითხოვა და პასუხს ელოდება.