კრემლის პროპაგანდისტები სოციალური მედიის არხებით მოწოდების ტექსტს ავრცელებენ, რომელშიც უკრაინა რუსულ მიწადაა მოხსენიებული. ისინი ამჯერად თითოეულ რუსს მოუწოდებენ, გააკეთონ არჩევანი „მტერსა“ და „საკუთარ ქვეყანას“ შორის.
ჟურნალისტები მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, შეაგროვონ ფული და ჯარისთვის სხვა საჭიროებები. მეტიც, მოუწოდებენ წავიდნენ სამხედრო კომისარიატებში და მოხალისეებად ჩაეწერონ.
თუ აქამდე რუსი პროპაგანდისტები ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ომს იგებდა, რიტორიკა ხარკოვის ოლქიდან რუსული არმიის გაქცევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ახლა მათ ტექსტებში ისმის, რომ „დანაკარგის შემდეგ გამარჯვება შეუძლიათ“.
ტექსტი პირველად რუსმა ჟურნალისტმა, RT-ის რუსული მაუწყებლობის დირექტორმა, ანტონ კრასოვსკიმ გამოაქვეყნა.
მიმართვა საკუთარი ოფიციალური არხებით გაავრცელეს მარგარიტა სიმონიანმა და ვლადიმერ სოლოვიოვმაც.
პროპაგანდისტების მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა თითოეულმა რუსმა უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარესაა.
საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მიწის, საკუთარი რწმენის, საკუთარი შვილების მომავლის მხარეს,
თუ შიშის, ისტერიკის, მტრის მხარეს.
თუ მტრის მხარეს, მაშინ ამ რუსისთვის ჯოჯოხეთი გარანტირებულია.
თუ ჩვენ რუსულ მხარეს, მაშინ თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს, რის გაკეთება შეუძლია ფრონტისთვის. გამარჯვებისთვის.
წავიდეს სამხედრო კომისარიატში და ჩაეწეროს მოხალისედ.
შეიძინოს მებრძოლებისთვის თბილი ნივთები, საკვები. კოპტერები. რამე.
თითოეული ჩვენგანი ახლა ფიზიკურად იქ უნდა იყოს. სულ მცირე ფიქრითა და სულით მაინც.
ეს ჩვენი მიწაა და არ გვაქვს უფლება, გავბედოთ და დავკარგოთ ის.
კმარა უკვე მტერს რაღაც „რეჟიმს“ ვუწოდებდეთ. იქ ათასი, ასობით ათასი მტერია. მკვლელები. მოძალადეები. ნაძირალები.
ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი რაზმი, ჩვენი ლეგიონები.
თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. თუ არა და კაპიკია ჩვენი ფასი.
მაგრამ ჩვენ დანაკარგის შემდეგ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია აღვდგეთ.
და ჩვენ აღვდგებით! და თითოეული ჩვენგანის ვალია, დავეხმაროთ სამშობლოს, გაიმარჯვოს!“
ანტონ კრასოვსკის ტელეგრამარხზე 190 ათასამდე გამომწერი ჰყავს, 353 ათასზე მეტი – მარგარიტა სიმონიანს, ვლადიმირ სოლოვიოვს კი 1,2 მილიონი.
რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ხარკოვის ოლქში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ გააქტიურდა. როგორც აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, კრემლი ამ გზით ცდილობს, ხარკოვის მარცხზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს აარიდოს და საზოგადოების კრიტიკა მთლიანად მისი მრჩევლებისა და სამხედრო მეთაურებისკენ მიმართოს.
___
მთავარი ფოტო: მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი