2000 წლის სექტემბერში 22 წლის ვიყავი და სულ რაღაც ორი წელი ხდებოდა, რაც „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი. კიევში ქართველი ჟურნალისტი მოკლეს – ცხადია, ეს ამბავი ჩვენთვისაც მთავარი ახალი ამბავი იყო.
ჯერ კიდევ დამწყებ რეპორტიორს (ჩემი მწირი სატელევიზიო გამოცდილება ასეთ საპასუხისმგებლო თემას ვერ მომაპოვებინებდა) არავინ მიმაკარებდა 9 საათიანი „კურიერის“ პირველ სიუჟეტთან, თუმცა იმ დროს არხის ნიუსრუმში ყოფნა უკვე ამ მოვლენის თანამონაწილეებად გვხდიდა ყველას – მათ შორის მათაც, ვინც გიორგი ღონღაძის გაცნობა მისი სიკვდილის შემდეგ დავიწყეთ.
მაშინაც და მერეც, როდესაც მასზე ჩანაწერებსა და მოგონებებს ვუსმენდი და ვკითხულობდი, მისი მკვლელობის საქმეც და მისი ჟურნალისტური თვისებებიც – ბრძოლისუნარიანობა, დაუდგრომელი ხასიათი, შეუპოვრობა და პირდაპირობა ძალიან მაგონებდა კიდევ ერთ ადამიანს, კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელსაც სიცოცხლეშივე ვიცნობდი, პატივს ვცემდი და მიყვარდა და რომელიც ღონღაძის მკვლელობიდან ათ თვეში უკვე საქართველოში მოკლეს.
ამ წლების განმავლობაში, გიორგი სანაიას ხსოვნა და გიორგი ღონღაძის ლეგენდა ჩემში რაღაცნაირად ძალიან დაუკავშირდა ერთმანეთს და ერთ პროფესიულ სიმბოლოში გაერთიანდა.
დღეს, 16 სექტემბერს, ზუსტად 22 წელი შესრულდა კიევში გიორგი ღონღაძის გატაცებიდან და მკვლელობიდან – დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში სისტემის განაჩენად იქცა – განაჩენად, რომელიც ვერ გაისმა სასამართლო დარბაზში, მაგრამ ძალიან ხმამაღლა გაისმა უკრაინის ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე.
უკრაინის ეროვნული გმირი
„ის – ქართველია“
„ის – კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია“
„ის – „ზეციური ასეულის“ გმირია“
„ის – ძეგლია სკვერში, ჩემს სახლთან“
„მან რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა“
ასე უპასუხეს ბავშვებმა „უკრაინსკა პრავდას“, გიორგი ღონღაძის დაარსებულ პირველ უკრაინულ ონლაინგამოცემას, როდესაც მათ ჰკითხეს, ვინ იყო კაცი, ვისი სახელობის გამზირზეც მათი სკოლა დგას.
გიორგი ღონღაძე თბილისში დაიბადა, თუმცა მთელი მისი ჟურნალისტური საქმიანობა უკრაინას უკავშირდება. ის 80-იან წლებში დედის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა 90-იანებში ისევ საქართველოში დაბრუნდა – ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. იბრძოდა აფხაზეთში, სადაც დოკუმენტური ფილმიც გადაიღო – „ომის აჩრდილები“ და სოხუმში დაიჭრა – წლების შემდეგ სწორედ მის სხეულში მაშინ ჩარჩენილი ნამსხვრევებით შეძლეს ჟურნალისტის ცხედრის ამოცნობა.
უკრაინაში დაბრუნებული გიორგი ღონღაძე ჯერ ლვოვში ცხოვრობდა. ადგილობრივ ტელევიზიაში გადიოდა მისი პროგრამა „მონიტორი“. 1995 წელს ცოლთან, მიროსლავა ღონღაძესთან ერთად კიევში გადავიდა. რამდენიმე წელი ტელეჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა, ხელმძღვანელობდა რადიო „კონტინენტის“ საინფორმაციო სამსახურს და ყოველკვირეულ პროგრამას „პირველი ტური გიორგი ღონღაძესთან ერთად“.
2000 წლის აპრილში გიორგიმ დააარსა ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, რომელმაც მუშაობა ლეონიდ კუჩმას სკანდალური რეფერენდუმის მეორე დღეს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედია უკრაინისთვის სიახლე იყო, ღონღაძის „უკრაინული სიმართლე“ მალევე იქცა და დარჩა კიდეც კრიტიკული ჟურნალისტიკის პლაცდარმად, ისევე, როგორც გიორგი ღონღაძე – ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო უკრაინელ ჟურნალისტად.
სწორედ 1998-2000 წლებს უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ჟურნალისტის დაპირისპირების ყველაზე მკვეთრი ეპიზოდები – აპროტესტებდა მედიის შეზღუდვას უკრაინაში, ყველგან, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც; იდგა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართულ ყველა აქციაზე; ღონღაძეს იცნობდნენ „უხერხული“ კითხვებით ტელეგადაცემების პირდაპირ ეთერებში – არქივებმა არაერთი მსგავსი გადაცემა შემოინახა, მათ შორის დისკუსიები ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ მედვედჩუკთან.
„რადიო თავისუფლების“ სიუჟეტში, რომელიც ღონღაძის მკვლელობიდან 20 წლის თავზე მომზადდა, მისი ახლობლები და მეგობრები იხსენებდნენ, რომ იმ წლებში, ქარიზმატული ჟურნალისტის ზოგიერთი კოლეგაც კი ფიქრობდა, რომ ის ზედმეტად ემოციური, ზედმეტად პირდაპირი და ზედმეტად „ცხელი“ იყო.
„შეგვიძლია მოვახერხოთ ისე, რომ ხელისუფლება 5 წელიწადში ერთხელ ჩვენი სურვილის მიხედვით იცვლებოდეს?“ – კითხულობდა ჟურნალისტი ერთ-ერთ გადაცემაში 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. – „ეს იქნება ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ის, ვინც ხელისუფლებაში მოვა შემდეგ ჯერზე, სხვაგვარად მოიქცევა. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის ჩვენზეა დამოკიდებული და ეშინია ჩვენი. დღეს ხელისუფლებას ჩვენი არ ეშინია – და პრობლემაც ამაშია.“
2000 წლის ზაფხულში გიორგი ღონღაძემ გენერალურ პროკურატურას მიმართა – ჟურნალისტი ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და დაჰყვებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი განცხადება უპასუხოდ დატოვეს.
მკვლელობა, რომელმაც უკრაინა შეცვალა
2000 წლის 17 სექტემბერს „უკრაინსკა პრავდას“ პირველ გვერდზე ასეთი შეტყობინება გაჩნდა.
„გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა!!!“
„შაბათს 16 სექტემბერს, გვიან საღამოს, გაუჩინარდა „უკრაინსკა პრავდას“ ხელმძღვანელი გიორგი ღონღაძე. 22:20 საათზე ის გავიდა ლესია უკრაინკას ბულვარზე მდებარე შენობიდან და სახლისკენ გაემართა. მას შინ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდნენ, თუმცა ის სახლში არ დაბრუნებულა.“
31 წლის ჟურნალისტი ამ დროს უკვე მოკლული იყო.
თუმცა მის თავმოჭრილ და დამწვარ სხეულს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვიან ტარაშჩის ტყეში და მკვლელობის დეტალებიც მხოლოდ 13 წლის შემდეგ გაირკვევა სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალს, ოლექსი პუკაჩს და სამ მილიციელს გაასამართლებენ.
გაირკვევა, რომ ოთხმა გამტაცებელმა გიორგი ღონღაძე კიევის ცენტრიდან გაიტაცა და წაიყვანა ტყეში, სადაც პუკაჩმა ის საკუთარი ქამრით დაახრჩო, ვიდრე დანარჩენები ხელებშეკრულ ჟურნალისტს აკავებდნენ. მოკლული, იქვე, წინასწარ გათხრილ ორმოში ჩააგდეს და დაწვეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, 2000 წლის ოქტომბერში, პუკაჩი დანაშაულის ადგილას დაბრუნდა: ჟურნალისტის ცხედარი ამოთხარეს, ტარაშჩის რაიონის ტყეში წაიღეს, თავი მოაჭრეს და სხეული და თავი ცალ-ცალკე დამარხეს.
ამ მომენტისთვის ჟურნალისტის ბედზე კვლავაც არაფერი იყო ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ საქმე „განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს“. უკრაინის ქალაქების ქუჩები კი ივსებოდა ღონღაძის ფოტოებით და მოწოდებებით – „იპოვეთ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე.“
ის მხოლოდ გატაცებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ იპოვეს – და ამის მერე კიდევ ორი წელი დასჭირდა პროკურატურას იმის დასადასტურებლად, რომ ტარაშჩის ტყეში ნაპოვნი მოკლული ადამიანის სხეული გიორგი ღონღაძის იყო.
როგორ (არ) იძიებდნენ ღონღაძის საქმეს
უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკურ დანაშაულს ჟურნალისტის გაუჩინარების პირველივე დღეებიდან უარყოფდა.
„გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივებს, რადგან ის არ ყოფილა პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, რომელსაც პოლიტიკაზე გავლენა ექნებოდა,“ – აცხადებდა ღონღაძის გაუჩინარების მეხუთე დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსი, რომელიც ღონღაძის ძებნის ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
„ღმერთმა ქნას, ცოცხალი იყოს… მთავარია, არ იჩქაროთ და წინასწარ არ დაკრძალოთ ადამიანი,“ – ამბობდა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა 2000 წლის 17 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც „ტარაშჩის ტყის ცხედარი“ უკვე ნაპოვნი იყო.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „წინასწარგანზრახვით მკვლელობის“ საქმეზე გამოძიება მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ, 2001 წლის თებერვალში დაიწყო.
საქმის აღძვრას წინ „კასეტების სკანდალი“ უძღოდა.
2000 წლის 28 ნოემბერს უმაღლესი რადის იმ დროს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ოლექსანდრ მოროზმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. მასში გიორგი ღონღაძეს ახსენებდნენ „ხმები“, რომლებიც ძალიან „ჰგავდნენ“ ქვეყნის პირველი პირების ხმებს – პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, მისი ადმინისტრაციის უფროსს ვოლოდიმირ ლიტვინს, შინაგან საქმეთა მინისტრ იური კრავჩენკოს და უშიშროების ხელმძღვანელს ლეონიდ დერჩაკს. მოროზის მტკიცებით, ჩანაწერი სახელმწიფო დაცვის სამსახურის მაიორმა ნიკოლაი მელნიჩენკომ გააკეთა.
„მელნიჩენკოს ფირებმა“ უკრაინა შეძრა: ჩანაწერში კუჩმას ხმა „უკრაინსკა პრავდაზე“ წუწუნებს, კითხულობს, ვინ აფინანსებს „ამ უმაღლესი დონის ნაძირალას“ და „ქართველს“ გიორგი ღონღაძეს და სხვადასხვა წინადადებით გამოდის: „დეპორტი საქართველოში და გადავაგდოთ იქ ნა**ი“, „ჩეჩნები გვჭირდება, რომ წაიყვანონ და გადააგდონ“, „გაიყვანონ, გახადონ, უშარვლოდ დატოვონ და იჯდეს“. ამ იდეებს შინაგან საქმეთა მინისტრ კრავჩენკოს ხმა ასე პასუხობს: „ჩვენ მოვაგვარებთ. ისეთი გუნდი მყავს, არწივები პირდაპირ, ყველაფერს გააკეთებენ, რაც გინდა“.
უდიდესი რეზონანსისა და პროტესტის ტალღის მიუხედავად, „მელნიჩენკოს ჩანაწერებმა“ გამოძიებაში ვერანაირი როლი ვერ შეასრულა. 2013 წელს, პუკაჩის საქმის განხილვაზე, სასამართლომ განაცხადა, რომ ჩანაწერები ღონღაძის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
პირველ წლებში, საქმის გამოძიება ფაქტობრივად ადგილიდან არ დაძრულა. მხოლოდ „ნარინჯისფერ რევოლუციამდე“ ერთი წლით ადრე დააკავეს გენერალი პუკაჩი, მას უკანონო თვალთვალის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ძალიან მალე გაათავისუფლეს.
ღონღაძის საქმეზე გამოძიება პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს დროს განახლდა. 2005 წლის მარტში მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელები დააკავეს, სამი შემსრულებელი – მილიციელები, რომლებსაც 13 და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მათი ხელმძღვანელი, გენერალი ოლექსი პუკაჩი მხოლოდ 2009 წელს დაიჭირეს – 2013 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის მოსმენისას პუკაჩის რეპლიკა ასეთი იყო: „დავთანხმდები ამ განაჩენს მაშინ, როდესაც ამ გალიაში ჩემთან ერთად ისხდებიან კუჩმა და ლიტვინი.“
ღონღაძის მკვლელობის შემკვეთები ოფიციალურად არც დასახელებულან და არც დასჯილან.
„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივხვდეთ, ვინ იყვნენ ისინი, იმ ინფორმაციაზე და ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კაბინეტიდან გავრცელდა,“ – უთხრა ჟურნალისტებს რამდენიმე წლის წინ მიროსლავა ღონღაძემ.
შეკვეთილი მკვლელობა შემკვეთების გარეშე
„ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება პროცესუალური შედეგის მიღება და შემკვეთებზე გასვლა დანაშაულიდან თითქმის 20 წლის შემდეგ… ბევრი რამ დაიკარგა, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ მერე ამის დამტკიცება შეუძლებელი ყოფილიყო.. გულწრფელად, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. ნაკლებსავარაუდოა. შემკვეთების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება,“ – თქვა 2019 წლის შემოდგომაზე მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ.
ერთადერთი საქმე, რომელიც ღონღაძის მკვლელობაში ლეონიდ კუჩმას მონაწილეობაზე 2011 წელს დაიწყო, მალევე დაიხურა – სასამართლომ მისი დაწყება უკანონოდ შეაფასა.
ამ ხნის განმავლობაში ღონღაძის საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურანტი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა:
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური კრავჩენკო 2005 წლის 4 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს – ზუსტად იმ დღეს, როდესაც გენერალური პროკურატურა მის დაკითხვას გეგმავდა. ოფიციალური ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო.
გენერალ-პოლკოვნიკი ედუარდ ფერე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი, 2003 წელს ინსულტით შეიყვანეს საავადმყოფოში, ის 2009 წელს გარდაიცვალა ისე, რომ კომიდან არ გამოსულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი, კიევის ოლქის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე, იგორ გონჩაროვი 2003 წელს წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემისგან მოკვდა. გონჩაროვი, რომელიც 1997-2001 წლებში კიევში დარბევებისა და მკვლელობების ბრალდებით იყო დაკავებული, აცხადებდა, რომ ღონღაძის მკვლელობასთან ქვეყნის ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების კავშირზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა.
გიორგი ღონღაძის მემკვიდრეობა
ღონღაძის საქმე – დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
„ჟურნალისტი ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევიდან ერთ წელში მოკლეს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს საქმე მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისად იქცა. უკრაინელი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის კი – უპრეცედენტო მიზეზად, დაეწყოთ ერთობლივი საპროტესტო მოძრაობა და პასუხი მოეთხოვათ ხელისუფლებისთვის“, – წერს უკრაინული გამოცემა Новое Время.
ჯერ კიდევ 2000 წლის დეკემბერში „კასეტების სკანდალის“ ფონზე ქვეყანა მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა – უკრაინა კუჩმას გარეშე. დემონსტრაციების მონაწილეები კუჩმას და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების გადადგომას და ღონღაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, აქცია კიევის ცენტრში ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა და მისი მონაწილეების ნაწილი დააკავა, პროტესტის ტალღა გადამწყვეტ ნაბიჯად იქცა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გზაზე.
„გიორგიმ ნამდვილად შეცვალა უკრაინა – სამწუხაროდ, თავისი სიკვდილით,“ – თქვა მიროსლავა ღონღაძემ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს შეკითხვა დაუსვეს.
„უკვე მოდის თაობა, რომლისთვისაც გიორგის საქმე ისტორიაა. ეს უკრაინის დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლოა, მაგრამ კვლავაც რჩებიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ჯერ კიდევ რეალობაა და ჩემთვის ეს ჯერ კიდევ რეალობაა. 22 წლის წინ, 16 სექტემბერს ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა… და მას შემდეგ მეჩვენება, რომ უკრაინაც სხვანაირი გახდა,” – უთხრა ჟურნალისტებს „ამერიკის ხმის” აღმოსავლეთ ევროპის ბიურო ხელმძღვანელმა მიროსლავა ღონღაძემ აქციაზე, რომელიც დღეს კიევში გიორგი ღონღაძისა და ყველა დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
„გაჩნდა ჟურნალისტთა მთელი თაობა, რომლებიც ამ პროფესიაში წავიდნენ იმიტომ, რომ ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეეცვალათ და ეს მაგალითი მათ გიორგი ღონღაძემ მისცა,“ – ფიქრობს უკრაინის მე-5 არხის ჟურნალისტი ტატიანა დანილენკო.
„გიორგი ღონღაძე, ჩემთვის, პირველ რიგში, არის ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაგალითი. ადამიანმა თავისი პრინციპებისთვის, თავისუფლებისთვის, სიმართლის თქმის უფლებისთვის სიცოცხლე გაწირა,“ – ამბობს სევგილ მუსაიევა, „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი.
„უკრაინსკა პრავდა“ დღესაც, გიორგის სიკვდილიდან 22 წლის შემდეგაც, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული ხმაა. როგორც კი მის საიტზე შეხვალთ, გამოცემის სახელის ქვეშ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში წარწერა – „2000 წელს დააარსა გიორგი ღონღაძემ“.
მის დაარსებულ რედაქციაში დღესაც ფიქრობენ, რომ ომის დროსაც კი არ აქვთ უფლება, უარი თქვან სიმართლეზე – ამ უფლების ფასი ხომ მათმა კოლეგამ საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა.
და არც ჩვენ გვაქვს.
მთავარ ფოტოზე: გიორგი ღონღაძე/pravda.com.ua
სტატიაში გამოყენებულია მასალები სხვადასხვა დროს მომზადებული სტატიებიდან და ვიდეოებიდან: Новое Время, Ukraynska Pravda, Настоящее время, Ukrinform, რადიო თავისუფლება.