მთავარი,სიახლეები

კონტრშეტევა უკეთ მიდის, ვიდრე ველოდით, თუმცა ზეიმი ჯერ ადრეა – რეზნიკოვი

12.09.2022 • 1409
კონტრშეტევა უკეთ მიდის, ვიდრე ველოდით, თუმცა ზეიმი ჯერ ადრეა – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა „ბევრად უკეთ წარიმართა, ვიდრე ელოდნენ“, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა.

უკრაინული მედიის ცნობით, Financial Times-სთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა კონტრშეტევაზე გადასვლა სცადოს, ამიტომაც უკრაინა თავდაცვისთვის უნდა მოემზადოს.

რეზნიკოვმა „უკრაინული ბლიცკრიგი“ შეადარა „თოვლის გუნდას, რომელიც მთელი სისწრაფით მიგორავს დაღმართში.“ მისი თქმით, უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდ მარცხად იქცა.

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარები ექვსდღიანი შეტევით საკმაოდ დაიღალნენ, თუმცა მათი მორალური განწყობა უმაღლეს საფეხურზეა, რადგან „უკრაინელებს უნდოდათ კონტრშეტევაზე გადასვლა. ჩვენთვის აუცილებელი იყო ეს კონტრშეტევა, ესაა ნიშანი იმისა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია.“

რუსეთის შესაძლო კონტრშეტევაზე უახლეს ანგარიშში წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW). ISW-ის ანალიტიკოსები შეფასებით, უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.

ISW აღნიშნავს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.

ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

დღეს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა,რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: