მთავარი,სიახლეები

მგონი უკვე პუტინიც უშვებს რუსეთის ამ ომში დამარცხებას – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

16.09.2022 •
მგონი უკვე პუტინიც უშვებს რუსეთის ამ ომში დამარცხებას – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები ახლა ფრონტზე გადაჭიმულობას ამცირებენ“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისთვის მკაფიოდ ჩანს ბრძოლის ველიდან ის, რომ რუსებს უჭირთ, როგორც აღჭურვილობის ნაწილში, ისე ჯარისკაცების რაოდენობით.

„საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს პუტინმა, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას რუსეთში,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი და ამჯერად გადამწყვეტ ფაქტორად „ხერსონზე კონტროლს“ ასახელებს: თუ რუსები უკრაინელებს ხერსონში გაუმკლავდნენ, რუსები ძალებს მოიკრებენ, ხოლო ხერსონიც თუ დაიბრუნეს უკრაინელებმა დაზამთრებამდე, მაშინ უკვე ზაპოროჟიეს გათავისუფლებაც მარტივდება.

„მერე აზოვის ზღვაზეც თუ გავიდნენ, ყირიმის ხიდსაც კი მისწვდებიანო,“ – დასძენს გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე უკრაინა დასავლეთიდან „ლენდ-ლიზის“ სრულად მიღებას ელის, მნიშვნელოვანია წარმატების შენარჩუნება უკრაინის მხარეს. „ამ დროს სხვანაირად აქტიურდება წინააღმდეგობის მოძრაობა და რუსებსაც ოკუპირებულ მიწაზე სადივერსიო მოქმედებებს უნდა ელოდნენ“, – ამბობს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად კონტრშეტევის შეჩერებით დავიწყოთ – რა მოხდა მას შემდეგ, როცა უკრაინელებმა აიღეს ინიციატივა და გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი, რატომ შეჩერდა ეს პროცესი?

ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იმდენი ტერიტორია უნდა დაიკავო, რამდენის შენარჩუნებასაც შეძლებ. არ შეიძლება მოწყდე მთლიანად ეშელონებს და სიღრმეში რეზერვებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად უკრაინელები მოხვედრილიყვნენ დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, უკრაინელებმა მართებულად აიღეს ტაქტიკური პაუზა, რომ დაკავებულ ტერიტორიები გაამაგრონ, გადაჯგუფებები განახორციელონ, თავდაცვითი ნაგებობები და სისტემები მოაწყონ, ასევე საინჟინრო ნაგებობები, კომენდანტის ორგანიზებაა საჭირო და ასე შემდეგ.

ბოლოს აქტიური კონტრშეტევა იყო ლიმანზე და ახლაც განაგრძობენ, მაგრამ წარუმატებლად. რუსებმა იქ შეძლეს ასკოლიის წყალსაცავის ნაპირზე გამაგრება. ამ წყალსაცავის სიგანე ერთიდან ოთხ კილომეტრამდეა და უკრაინელებისთვის არ არის მარტივი ამ წინააღმდეგობის გადალახვა. ამას სჭირდება სიღრმიდან ეშელონების შემოყვანა, მოსაწყობია არტილერია, პოზიციები. ყველამ ვნახეთ თავდაპირველად როგორ მივიდნენ რუსები კიევამდე, მაგრამ მოწყდნენ რეზერვის ხაზებს, მომარაგების ხაზებს და გაანადგურეს.

უკრაინა ცდილობს განაახლოს კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც მდინარე ენგულეცთან გარკვეული პლაცდარმია შექმნილი და უკრაინული ძალების გარკვეული კონცენტრაციაა, თუმცა წყალდიდობის დროს წყლის დონემ მოიმატა და უკრაინელების მიერ მოწყობილი საპონტოვნე ხიდები დააზიანა. ეს მომზადების პროცესი გრძელდება.

  • რუსების ტაქტიკა რა არის ამ დროს? გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი ამბობს, რომ „ელვისებური კონტრშეტევა შესაძლოა არ იყოს ეფექტური მოსკოვის ჯარების დიდ ტერიტორიაზე უკან დახევაში.“

რუსები ცდილობენ ხარკოვიდან გამოყვანილი ძალები გადააწყონ სამხრეთის მიმართულებაზე. ჩანს, რომ ემზადებიან თავდაცვისთვის…. დონბასში, ბახმუტის სამხრეთით კი, ისევ განაგრძობენ პერიოდულად შეტევას და გარკვეული წარმატებაც აქვთ. სხვათა შორის, იქ დამოუკიდებლად მოქმედებს „ვაგნერი“, ეტყობა, იმდენად გააძლიერეს, რომ დამოუკიდებლად წარმართავს ოპერაციას, ადგილობრივი დანაყოფებიც ემატება… მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ცდილობენ ინიციატივა შეინარჩუნონ.

რუსებისთვის უკანდახევა არის ლოგიკური, რადგან ვიცით, რომ მათ მთლიანად ჰყავთ სადღაც 120 ათასამდე და ეს დანაყოფი გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე. კლასიკური, ოპერატიული გათვლებით თუ მივუდგებით, ეს რაოდენობა საკმარისია მხოლოდ 60 კილომეტრისთვის.

თანაც, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინა უკვე ახერხებს თავისი რესურსებით არათუ გაუთანაბრდეს, არამედ უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომაც, რუსები ახლა ცდილობენ შეამცირონ უკრაინის ფრონტზე გადაჭიმულობა და მოახდინონ თავდაცვაში სიმჭიდროვის ორგანიზება.

  • რა ხდება ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც უკრაინელებს აქვთ პლაცდარმი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. საითკენ მიდის პროცესი, თქვენი დაკვირვებით? 

თუ უკრაინელები მართლაც აპირებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით, საითკენაც ჩანს ძალების კონცენტრაცია, ჩემი გადასახედიდან და ოპერატიული ხელოვნების თვალსაზრისით, თუ ჯერ ხერსონი არ გააკონტროლეს, შესაძლოა, ორი მხრიდან ერთდროულად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ უკრაინელები, თანაც, უკრაინელების მინუსი ისაა, რომ არ აქვთ საზღვაო ძალები და აზოვის ზღვიდან მხარდაჭერა ვერ ექნებათ. მერე თუ შეაღწიეს აზოვის ზღვაზე, მაშინ ყირიმის ხიდსაც იოლად მისწვდებიან.

მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია უკრაინელების შესაძლებლობებზე, შესაძლოა, მათ სხვა გათვლა აქვთ, მაგრამ ხერსონის კონტროლის გარეშე შესაძლოა აღმოჩნდნენ ორი რუსული დაჯგუფების შუაში და ეს დიდი რისკია. მაშინ იმდენი ძალა უნდა ჰქონდეთ, რომ ორივე მხარეს შეძლონ წინსვლა.

  • რუსებს რა ძალა აქვთ ამასობაში? იგივე გერმანელი გენერალი ცორნი არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ძალუძს მეორე ფრონტის გახსნაც და იერიშის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად საქართველოსაც ასახელებს, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესის აზრით კი, ეს სუსტი ანალიზია და გერმანიის „ელიტის“ აზროვნებას ასახავს. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ „მარტო ფინეთი დაამარცხებს რუსეთს“.

არა მგონია, რომ ახლა რუსებს სხვა მიმართულებით ბრძოლა შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის ძალა, რომელიც ეფექტურად გაუწევს წინააღმდეგობას.

რუსეთს საკმაოდ რთული ვითარება აქვს: მას სჭირდება ხალხი, მობილიზაცია, ამოსუნთქვა, რომ როგორმე ზამთრამდე მიაღწიოს. დაახლოებით ერთი თვე კიდევ აქვთ დარჩენილი უკრაინელებს, რომ დამატებით წარმატებებს მიაღწიონ.

  • თუმცა პუტინი ისევ სწორ ნაბიჯად მიიჩნევს ომის დაწყებას უკრაინაში და არ ვაპირებ ომის დასრულებასო, ასე უთქვამს გერმანიის კანცლერისთვის, როცა მას ტელეფონით ესაუბრა. 

რას ეტყოდა, აბა? პუტინი იმას ხომ ვერ იტყვის, მივქარე და შევცდიო. ეს რომ თქვას, მისი დასასრული იქნება.

  • ანუ ფიქრობთ, რომ პუტინი უშვეს რუსეთის დამარცხებას ამ ომში? 

მე მგონია, რომ ის ხვდება ამას. წარმოიდგინეთ: უკრაინა რომც გავიდეს თავის ადმინისტრაციულ საზღვარზე 24 თებერვლის მდგომარეობით და გაყაროს რუსი დამპყრობლები, არა მგონია, ეს ომის დასასრული იყოს. ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. სხვა დასასრული და გამოსავალია საჭირო, არ ვიცი, ეს ალბათ იქნება თვითონ ცვლილებები რუსეთში.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მორიგ მარცხს რუსეთისთვის?  პროპაგანდისტები რუსეთში მოსახლეობას სთხოვენ, რომ დაეხმარონ ჯარს საჭმლით, თბილი ტანსაცმლით. თქვენი აზრით, რეალური საჭიროება აქვთ ამის, თუ ამ გზით სურთ საბრძოლო სულისკვეთების გაზრდას და მოსახლეობისგან უშუალო მხარდაჭერის მიღება? 

არ ვიცი, რა როგორ შეიძლება შეიცვალოს რუსეთში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება პირადი შემადგენლობა, რაც არ აქვთ და ამხელა ფრონტზე არიან გადაჭიმული. ეს მოსაზრებები რაც არ უნდა შენიღბული იყოს, ფაქტია, რომ რუსებს სჭირდება დამატებით დანაყოფები.

  • რატომ არიდებს თავს პუტინი საყოველთაო მობილიზაციას? 

მობილიზაცია გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას რუსეთში, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება. პუტინი ცდილობს, ურაპატრიოტული მოტივებით გაზარდოს ეს შესაძლებლობები, ფარული მობილიზაცია გამოიყენოს, მაგრამ კადიროვის მოწოდებაც, რომ თითოეულმა რეგიონმა 10 000-იანი დანაყოფი მაინც შეაგროვოს, აჩვენებს, რომ რუსებს ადამიანური რესურსი სჭირდებათ ომის გასაგრძელებლად.

ერთია ფარული მობილიზაცია, მოხალისეების წაყვანა ომში და მეორეა, როცა მობილიზაციას აცხადებ, ანუ გამოდის, რომ შენ წარმატებას ვერ მიაღწიე სპეციალურ ოპერაციაში და ამ დროს, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მოსახლეობა, რომელიც ნაკლებად არის ჩართული ომის სირთულეებში, ომში აღმოჩნდება. ეს სერიოზული პროტესტის საფუძველი შეიძლება გახდეს.

არ არის გამორიცხული, ამ დროს პუტინის ჩანაცვლება მოახდინონ, იტყვიან, რომ პუტინი ავად გახდა, ან ვერ არის თავის ჭკუაზე, ჩამოაცილონ ამ ოპერაციას და წავიდნენ მოლაპარაკებაზე, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანელი გენერლების ნაწილმა გადაწყვიტა მოლაპარაკებაზე წასვლა იმისთვის, რომ ღირსეულად გამოსულიყვნენ ომიდან.

  • როცა საყოველთაო მობილიზებას არ აცხადებს პუტინი, რაზე აქვს გათვლა? მაგალითად, რა როლს ასრულებენ ამ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონები ჩეჩნეთიდან? 

ჩეჩნებმა ვერსად ვერ გამოიჩინეს თავი, ხერსონშიც არიან და დონბასშიც. ლიმანშიც კი, კაზაკების ბატალიონმა იბრძოლა, ჩეჩნები იქიდანაც სწრაფად გარბოდნენ…

  • Forbes-ის მონაცემებით, უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში კრემლს მილიონობით დოლარი დაუჯდა – 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის ზარალი 670 მილიონ დოლარს აღემატება და ის უფრო და უფრო ხშირად მიმართავს დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა. რამდენად ჩანს შეიარაღების პრობლემა? 

დიახ, იგრძნობა შეიარაღების პრობლემა. რუსებს ხომ ისედაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა არ აქვთ და ამიტომაც არის რუსეთის მხრიდან ეს აქტიურობა აღჭურვილობის შეძენაზე. როგორც გავიგე, ჩრდილოეთ კორეიდან აპირებენ გარკვეული აღჭურვილობის შეძენას. უკრაინა იღებს ახალ აღჭურვილობას  და დანაკარგებს ავსებს. ასევე, ცნობილია, რომ პირველი ოქტომბრიდან უკრაინა აღჭურვილობის ახალ ნაწილს მიიღებს „ლენდ-ლიზით“, რაც ხარისხობრივად ნამდვილად აღემატება რუსეთის შეიარაღებას.

  • უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დრო, რომ მიიღოს და დანერგოს ახალი აღჭურვილობა, ხოლო რუსეთი ზამთარს ელის, რომ ევაჭროს ევროპას ენერგორესურსებით, როგორც ეს წინა ინტერვიუში გვითხარით, თუ გაჩნდა ახალი პირობა?

მე ახალ პირობას ვერ ვხედავ, თუმცა თუ რუსებმა სამხრეთ მიმართულებაზე მოახერხეს უკრაინელების შეტევაზე გამკლავება, ეს შეიძლება იყოს მათთვის დამატებითი რესურსი. თუმცა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი ემზადება თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჰესებზე დარტყმებიც კიდევ უფრო გაართულებს უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობას ზამთრის პირობებში.

  • თუმცა უკრაინისთვის უკვე საცეცხლე ზემოქმედების ქვეშაა ხერსონი. 

დიახ, ხერსონი მიწვდომის მანძილზეა, უკრაინელები სწვდებიან ხერსონის ოლქს… აქ კიდევ ერთი მომენტია ხაზგასასმელი: როდესაც ჯარს აქვს წარმატებები, აქტიურდება წინააღმდეგობის მოძრაობაც და მათ უჩნდებათ ახალი იმპულსი, მოტივაცია ეს მოძრაობა გააქტიურდეს. რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სადივერსიო მოქმედებებს უნდა ელოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: