ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

25.08.2022
ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია.

კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ 261 ათას 725 ლარია.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 სექტემბერს დაიწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.

პირველი ტენდერის შემთხვევაში, სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 387 დღეა, ხოლო ხელვაჩაურის სოფლების შემთხვევაში – 403 დღე.

[სატენდერო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ვადებში, გამარჯვებულებმა შემსყიდველს უნდა მიაწოდონ „შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს]“.

ტენდერებში ასევე აღნიშნულია, რომ:

  • „შესასყიდი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების ვადის დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევა განხორციელდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2022 წლის 12 ივლისიდან 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
  • ბაზრის გამოკვლევის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაეგზავნა 15 კომპანიას, რომელთა შერჩევა განხორციელდა გამოსაცხადებელი ტენდერის პირობების გათვალისწინებით. ასევე, ბაზრის კვლევის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მათ ვებგვერდზე განთავსების მიზნით.“

გაზიფიცირების სამუშაოები ამ შემთხვევაში მოიცავს დასახლებული პუნქტების გაზსადენით სრულად დაქსელვას [შემდგომში, უშუალოდ მოსახლეობას კი, განცხადების საფუძველზე ბუნებრივ აირს მიმწოდებელი კომპანია მიაწვდის].

აღნიშნულ დასახლებებში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2020 წლის განკარგულების საფუძველზე უნდა ჩატარდეს.

ამ თემაზე ვრცლად, „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: