„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე

ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, მომავალ არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით ჩაატარებენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო.

მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბათუმში საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ციალა შავაძე ბათუმის #79 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)კონკურსის წესით მას შემდეგ შეარჩია, რაც საოლქო კომისიის წინა თავმჯდომარეს კახა ჯაიანს ოლქის წევრობის ვადა ამოეწურა. ოლქის უფრო გამოცდილმა წევრებმა ახალ, მაგრამ გამოუცდელ წევრს თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს. პროფესიით გერმანისტი ციალა შავაძე სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა ოლქში წევრად და შემდეგ თავმჯდომარედ არჩევამდე მას არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ ჰქონია.

ციალა შავაძე ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებზე ბათუმში არ იმყოფებოდა. „ამ დროს თბილისში ბიზნესსკოლაში ვსწავლობდი“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციალა შავაძე ბათუმში დაბრუნდა და სამსახური ქალაქის მერიაში დაიწყო – თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში რწმუნებულის თანაშემწედ დასაქმდა. „ბათუმელებთან“ ციალა შავაძე ამტკიცებდა, რომ საარჩევნო მოხელეობამდე მას არც სახელისუფლებო და არც სხვა პარტიასთან შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა, სხვას ამტკიცებს ინფორმაცია და ფოტოკადრები, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა:

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]

დადასტურებული ფაქტია, რომ ციალა შავაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ და ამავე პოლიტიკური გაერთიანების ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის სასარგებლოდ მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ შტაბში გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე კოალიციის სარეკლამო მაისურითაა დაფიქსირებული. ის დაფიქსირებულია ასევე ფოტოკადრებში, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის გამარჯვებას შამპანურით აღნიშნავენ.

თავად ციალა შავაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „აირაის“ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ დაქირავებული ტრენერი იყო და „ქართული ოცნების“ შტაბში ტრენინგების ჩასატარებლად დადიოდა. კითხვაზე, რატომ ეცვა „აირაის“ ტრენერს „ქართული ოცნების“ სარეკლამო მაისური? – მას ასეთი პასუხი აქვს: „ყველას აქვს თავისი შეხედულება.ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან პარტიული ხარ, ან პარტიულ ინტერესებს ატარებ.“

ციალა შავაძემ არც ის იცის, ორგანიზაციამ, რომელსაც მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია, რატომ მისცა უფლება მის მიერ დაქირავებულ ტრენერს ევლო კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების მაისურით წინასაარჩევნო პერიოდში. „ეს კითხვა აირაის დაუსვით“, – უთხრა ციალა შავაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელებმა“ მართლაც ჰკითხა „აირაის“ ამის შესახებ. ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყვეს თვითმმართველობის არჩევნებზე ციალა შავაძის ტრენერად დაქირავების შესაძლებლობა. „ჩვენ რეგიონებისთვის ტრენერები საერთოდ არ დაგვიქირავებია. არც ციალა შავაძესთან გვქონია საქმიანი ურთიერთობა. შეიძლება მან გაიარა ჩვენი ტრენინგი“, – უპასუხეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში.

შესაბამისად, უცნობია, რატომ სცადა ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ მოტყუება.

მიუხედავად მმართველ ძალასთან „ძველი ახლობლობისა“, ციალა შავაძე მიიჩნევს, რომ ის შეძლებს დაემორჩილოს მხოლოდ ცესკოს და საარჩევნო კოდექსს. ამტკიცებს, რომ მასზე გავლენას ვერ მოახდენენ ნაცნობები „ნაცნობი პოლიტიკური შტაბიდან“, რომლებიც ახლა თანამდებობის პირები არიან. ის ამბობს, რომ შეძლებს კანონის ფარგლებში დარჩეს: „მიუხედავად იმისა, რომ ცესკო ღია, საჯარო და გამჭვირვალეა, ხალხში მაინც მუსირებს მცდარი შეხედულება ბევრ რამეზე. ცესკო ბევრ სამუშაოს ატარებს, რომ იყოს სწორი ინფორმირებულობა, მაგრამ ასეთი კითხვები მაინც ჩნდება. სისტემა შეიცვალა ოლქში, საერთოდ მიუღებელია ასეთი რამე. პარტიული დაკვეთები… ჩვენ საარჩევნოდ ვემორჩილებით მხოლოდ საარჩევნო კოდექსს და ცესკოს განკარგულებებს, დადგენილებების მიხედვით ვმუშაობთ. როდესაც კომისიაში შედის დროებითი წევრი, ის უკვე პარტიის ინტერესებს აღარ ატარებს“.

ვალერი ბერიძე ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ის ოლქის წევრად წინა ხელისუფლების დროს შეარჩიეს, ახლა კი დაწინაურდა – მას თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს. მისი მუშაობის პერიოდში ვალერი ბერიძე საარჩევნო კომისიებში მნიშვნელოვან დარღვევებს ვერ იხსენებს.

კომისიის მდივნის თანამდებობა ნანი ვაშაყმაძეს აბარია, ისიც წინა ხელისუფლების დროს აირჩიეს. კომისიის „ძველი“ წევრები არიან ასევე მარინა კვასხვაძე და დავით თოდრია. არჩევნებზე მათ კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები და ცესკოს მიერ შერჩეული ერთი დროებითი წევრი შეემატებათ.

სამი ახალი წევრი ჰყავს ქედის #80 საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. „ბათუმელებმა“ ასევე დაადასტურა ორი მათგანის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი. თემურ ბერიძე წინა არჩევნებში ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიაში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ირინა ბერიძე კი ასევე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიიის „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი იყო. არ გვაქვს ინფორმაცია მესამე ახალი წევრის, გელა ფარტენაძის შესაძლო კავშირებზე პოლიტიკურ პარტიებთან. ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიას ძველი, მაგრამ ახალარჩეული თავმჯდომარე ჰყავს. ალი ნაკაშიძეს ამ თანამდებობაზე მეორე შანსი მისცეს.

სამი ახალი წევრი ჰყავს ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიას, ესენი არიან: მაია პაპიძე, ლია აბუსერიძე და ლილე ტეტემაძე.

ახალი თავმჯდომარე ჰყავს შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. ამ თანამდებობაზე თამაზ ტაკიძე დათა ზოიძემ ჩაანაცვლა. წინა არჩევნებზე ის შუახევის ოლქში კოალიციაში შემავალ პარტია „მრეწველებს“ წარმოადგენდა. შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი წევრები გახდნენ ასევე გიორგი მაკარაძე და ნერიმან დიასამიძე. გიორგი მაკარაძე წინა არჩევნებზე ამავე ოლქის კოალიციაში შემავალი პარტიიდან – „რესპუბლიკელებიდან“ წარდგენილი წევრი იყო, ხოლო ნერიმან დიასამიძე ოლქის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ორი ახალი წევრი ჰყავს ხულოს საარჩევნო ოლქს. თამარ ქამადაძე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამავე ოლქის წევრი იყო „კონსერვატორებიდან“ და გოჩა აბულაძე.

ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის არცერთი წევრი არ შეცვლილა.

რამდენად ობიექტური და სანდოა საარჩევნო მოხელე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სახელისუფლებო პარტიის აქტივისტი იყო? რამდენად მყარია გარანტია, რომ ყოფილი პარტიული აქტივისტი, რომელიც ახლა საარჩევნო მოხელეა, გადამწყვეტ მომენტში საარჩევნო კოდექსს არ დაარღვევს? ხომ არ დადო სასწორზე ცესკომ საკუთარი რეპუტაცია, როცა უმეტესწილად არჩევანი სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ კანდიდატებზე გააკეთა? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ უპასუხა:

„საოლქო-საარჩევნო კომისიებში მთელი საქართველოს მასშტაბით 380 მუდმივმოქმდი წევრია, მუდმივმოქმედ წევრს ცესკო ხუთი წლის ვადით ირჩევს. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის პოზიციაზე 182 პირი შეარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანს გაუვიდა უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. აქედან 55 პირი ოლქის მოქმედი წევრი იყო, მათ ცესკომ მეორე შანსი მისცა.

რაც შეეხება დანარჩენებს, რომელთა დაკავშირებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება აპელირება, ეს ადამიანები სხვადასხვა დროს 2012-2014 წლებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილები შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნების დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ საარჩევნო მოხელეები და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც არის საოლქო-საარჩევნო ან საუბნო კომისიის წევრი, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა პარტიამ წარადგინა, ის ატარებს მხოლოდ საოლქო-საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანონმდებლობის ინტერესებს, ანუ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით და არ ატარებს მისი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესებს. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ადამიანებთან დაკავშირებით რომ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, ამას ცხადყოფს წინა არჩევნების სადამკვირვებლო მისიების მიერ მომზადებული ანგარიშები, სადაც ამ ადამიანების მიკერძოებასთან დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული ერთი საჩივარიც კი“.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის #79 საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი დაფიქსირდა, მათ შორის 11 საჩივრით ოლქს „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა, 3 საჩივარი კი „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა დაწერეს. ამ მონაცემებში არ შედის ის საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში დაწერეს. საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო მოხელეების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხებოდა.

ირაკლი ჭეიშვილი [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე], ციალა შავაძე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარე [მარჯვნიდან პირველი]

ირაკლი ჭეიშვილი [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე], ციალა შავაძე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარე [მარჯვნიდან პირველი]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი