მთავარი,სიახლეები

ყველაფერი, რაც ზელენსკის ავარიაზეა ცნობილი

15.09.2022
ყველაფერი, რაც ზელენსკის ავარიაზეა ცნობილი

იზიუმიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი ღამით კიევში ავარიაში მოყვა. მსუბუქი სამოქალაქო ავტომობილი ზელენსკის კორტეჟის იმ მანქანას შეეჯახა, რომელშიც თავად პრეზიდენტი იჯდა. შემთხვევა ღამის 11 საათზე, კიევში, გამარჯვების მოედანზე მოხდა.

პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ დაშავებულ მძღოლს პირველადი დახმარება ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

პრეზიდენტის სპიკერმა დასძინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს სამართალდამცველები არკვევდნენ.

სოციალურ ქსელებში ღამითვე გაჩნდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, თუმცა ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მართლაც პრეზიდენტის კორტეჟის ავარიას ასახავს თუ არა ეს ვიდეოები.

მომხდარიდან მალე უკრაინის პრეზიდენტმა თავისი საღამოს ვიდეომიმართვა ჩაწერა. მან ისაუბრა გათავისუფლებულ ხარკოვზე, კრივოი როგში რუსების თავდასხმაზე, მადლობა გადაუხადა სამხედროებს და 15 სექტემბერს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის ჩასვლაც დააანონსა. ზელენსკის ავტოავარია არ უხსენებია.

უკვე 15 სექტემბრის დილით სოციალურ ქსელებში გაჩნდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც საკმაოდ დაზიანებული ავტომობილი ჩანს და ასევე ჩანს, როგორ უწევენ დაშავებულ მძღოლს დახმარებას სამხედრო ექიმები.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ავარიის დროს კიევში უკვე კომენდანტის საათი მოქმედებდა და დასვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა ავარიაში მოყოლილი მანქანის მძღოლს სპეციალური საშვი. უკრაინული მედიის ცნობით, ამ კითხვაზე პოლიციას ჯერჯერობით არ უპასუხია.

ზელენსკის პრესმდივანმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მედიას, რომ წუხანდელ ავარიას პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკზე და მის შრომისუნარიანობაზე არ უმოქმედია.

„დილიდან მუშაობდა, შეხვედრებისა და ღონისძიებების გრაფიკი არ შეცვლილა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის,“ – უთხრა 24-ე არხს ნიკიფოროვმა და დასძინა, რომ ზელენსკის მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

კითხვას, პრეზიდენტის ოფისი მომხდარს შემთხვევითობად მიიჩნევს თუ დაგეგმილ თავდასხმად, ნიკიფოროვმა არ უპასუხა და მედიას ურჩია, გამოძიებას დაელოდონ.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ საქმე უკვე აღძრა.

„ტარდება აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგებს აუცილებლად შევატყობინებთ საზოგადოებას,“ – უთხრეს მედიას ბიუროში.

პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 24-ე არხის ეთერში განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ავარია იყო.

„ღამე იყო. საჭესთან მჯდომ ადამიანს „ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა“. ხომ გესმით – გარკვეული „სტიმულატორები“ იყო,“ – თქვა პოდოლიაკმა ღიმილით, თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა „სტიმულატორებში“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ხარკოვის ოლქში, გათავისუფლებულ იზიუმში იმყოფებოდა. ის ჯარისკაცებს შეხვდა და დროშის საზეიმოდ აღმართვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ავარია სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც კიევში დაბრუნებული კორტეჟი პრეზიდენტის ოფისისკენ მიემართებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: