მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა ჯანდაცვის საბჭომ „თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე“ სასამართლოში წაგების შემდეგ

16.09.2022 • 2981
რა გადაწყვიტა ჯანდაცვის საბჭომ „თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე“ სასამართლოში წაგების შემდეგ

იმის მიუხედავად, რომ ყველა ინსტანციის სასამართლომ ცალსახად უკანონოდ მიიჩნია ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება „თემურ გაბაიძის საქმეზე“, საბჭომ სასამართლო დავის შემდეგაც არაფერი შეცვალა.

„პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ადმინისტრაციული წარმოების ზერელე ჩატარებას, ასეთი მძიმე უფლებრივი დარღვევისადმი გულგრილობას და სასამართლოსადმი უხეშ უპატივცემულობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა გაბაიძე, რომელიც გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დაა და გარდაცვლილის ცოლის – ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინტერესებს იცავს.

საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2018 წელს მიიღო – ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი.

ამ უკანასკნელი ექიმის ხ.გ.-ს მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სასამართლოში ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ. მისი აზრით, ექიმს სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ უნდა გაუუქმდეს.

სასამართლოს შეფასებით, ეს საკითხი ხელახლა უნდა განეხილა პროფესიული განვითარების საბჭოს და „საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ“ მიეღო ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭო ხელახლა 2022 წლის 27 ივლისს შეიკრიბა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ წინა აქტი უკანონოდ მიიჩნია, ჩათვალა, რომ არაფერი არ უნდა შეცვალოს.

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ რამდენიმე დღის წინ – 13 სექტემბერს ხელახლა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამჯერად მან სასამართლოში უნდა ამტკიცოს, რომ საბჭოს ახალი გადაწყვეტილება რეალურად ფიქტიური იყო. გარდაცვლილის მეუღლე სასამართლოში ასევე ითხოვს, ბათილად ცნოს 27 ივლისის გადაწყვეტილება და დაავალოს საბჭოს, გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც გაუუქმებს ექიმის სერტიფიკატს ხ. გ.-ს.

გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დამ, თამილა გაბაიძემ, რომელიც პროფესიით იურისტია, საბჭოს სხდომის ჩანაწერი გვაჩვენა იმის საილუსტრაციოდ, რომ რეალურად საბჭო არც ამჯერად დაინტერესებულა საქმის დეტალების გამოკვლევით. ამ საბჭოს ამჯერად ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობს, მოადგილეა თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. საბჭოს შემადგენლობაშია, მაგალითად, ზაალ მიქელაძეც, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ახლა უკვე პარლამენტის წევრი.

„საბჭოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ საბჭომ გვერდი აუარა სასამართლო გადაწყვეტილებებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და განმარტებებს, საერთოდ არ შეაფასა შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის გამოკითხვის ოქმი, არც საქმის მასალები შეუსწავლია, არც პაციენტ თემურ გაბაიძის ტრავმისთვის განსაზღვრულ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ პროტოკოლს გასცნობია და არც სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსს. დაეყრდნო მხოლოდ საბჭოს წევრების ზეპირსიტყვიერ (მტკიცებულებებით გაუმყარებელ) მტკიცებულებებს, მოისმინა რეცენზენტ გიორგი ბერიაშვილის განმარტებები იმ საკითხზე, რომელიც მისი განმარტებების საპირისპიროდ დაადგინა სასამართლომ (მაგალითად, რეცენზენტი ამბობდა, რომ ექიმ გ.-ს არ დაუმძიმებია პაციენტის მდგომარეობა, სასამართლომ კი, დაადგინა, რომ დაამძიმა),“ – ამბობს თამილა გაბაიძე.

პროფესიული საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საბჭომ იმსჯელა პაციენტის საკითხზე, რაც ექსპერტიზის შეფასებითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო – პაციენტის ვერტმფრენით გადაყვანა „გოდერძიდან“ ბათუმში, რასაც დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდებოდა და რაც ექსპერტის დასკვნით შესაძლო გამოსავალი იქნებოდა.

ამ ნაწილში საბჭოს სხდომაზე მოსაზრება ზაალ მიქელაძემ გამოხატა, რომელიც თემურ გაბაიძის ტრაგედიის დროს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

„გოდერძის უღელტეხილიდან, ამბულატორიიდან მიღებული შეტყობინებებიდან არ იკვეთებოდა პაციენტის საგანგაშო მდგომარეობა… ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ამბულატორიასთან არ იყო და კლიმატური პირობების გამო ვერანაირი ვერტმფრენი ვერ მიაღწევდა,“ – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ეს სიმართლეა?

საქმის მასალების თანახმად, ექიმს, რომელმაც პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია თემურ გაბაიძეს, არ დაურეკავს 112-ში და არ გაურკვევია, შესაძლებელი იყო თუ არა მძიმე პაციენტის კლინიკაში ვერტმფრენით გადაყვანა.

ამ საქმეში ტრანსპორტირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია – თემურ გაბაიძე კურორტზე დაახლოებით დღის 2 საათზე დაშავდა, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კი, ის 23 საათსა და 45 წუთზე შეიყვანეს, ანუ მის ტრანსპორტირებას ხულოდან ბათუმამდე დაახლოებით 9 საათი და 40 წუთი დასჭირდა.

„იმ პერიოდში იყო 1 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი, ამბულატორიასთან იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა, მძღოლის მოძებნა დაიწყო შემდეგ, გზა გასაწმენდი იყო, მხოლოდ ექიმზე რატომ არის აქცენტი, გაუგებარია…“, – ესეც აღნიშნა საბჭოს სხდომაზე ზაალ მიქელაძე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ხულოს კლინიკაში პაციენტის მიყვანა მართებული იყო, იქ კატასტროფის ჯგუფისთვის მოხდა პაციენტის რეფერირებაო, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, ხულოს კლინიკაში თემურ გაბაიძე ზუსტად 1 საათი და 50 წუთი გააჩერეს.

საბჭოს სხდომაზე კითხვა გაუჩნდა თამარ გაბუნიასაც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს: „ოჯახის ექიმი შესაბამისი საშუალებების გარეშე როგორ შეაჩერებდა სისხლდენას?“ – იკითხა მან და აქცენტი რეცენზენტის დასკვნაზე გააკეთა, სადაც წერია, რომ „ექიმს უნდა მოეხდინა სისხლის შეჩერება და დაუყოვნებელი ტრანსპორტირება სპეციალიზებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“.

„ექიმი გარემო პირობების და კლიმატური პირობების მიმართ იყო არაადეკვატური, მან ანამნეზი არასწორად და არასრულყოფილად შეკრიბა,“ – მიმართა პროფესიული საბჭოს წევრებს სხდომაზე თამილა გაბაიძემ, გარდაცვლილი თემურ გაბაიძეს დამ. მან საბჭოს წევრებს სთხოვა გამოეკვლიათ, შეასრულა თუ არა ექიმმა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, ამ კუთხით არსებული პროტოკოლის რეკომენდაციები, ან რატომ არ შეფასდა, მაგალითად, პაციენტის ცნობიერების დონე „გლაზგოს შკალის“ მიხედვით?

„გასაგებია, რომ როდესაც თავიდან სდის სისხლი პაციენტს, ჭრილობა ვერ იქნებოდა მსუბუქი,“ – დასძინა სხდომაზე თამილა გაბაიძემ.

„თემურ გაბაიძის საქმეზე“ 2017 წელს დაიწყო გამოძიება, სავარაუდოდ ექიმების გულგრილი დამოკიდებულების გამოსავლენად. თამილა გაბაიძემ გვითხრა, რომ გამოძიებას არაფერი დაუდგენია და გარდაცვლილის მეუღლეს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს.

რა გაარკვია პროკურატურამ „თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე“ ძიების დაწყებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი პროკურატურის პრესცენტრისგან ვერ მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: