სკვერი – მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში. ასეთია სკვერის განმარტება ლექსიკონში. ბათუმის მერიის „ლექსიკონში“ კი ხშირ შემთხვევაში სკვერი ჰქვია ადგილს, სადაც შესაძლოა ერთი პატარა საქანელა იდგეს, თუნდაც ქუჩის განაპირა კუთხეში.
მერიის მიერ რეაბილიტირებული სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – საქანელა, 2-3 სკამი, მცირე ზომის სათამაშო მოედანი და იშვიათ შემთხვევაში, წყლის პატარა შადრევანიც დგას.
ბათუმის მერია ამბობს, რომ წელს, ქალაქში 10 სკვერი გააკეთა, რისთვისაც 3 მილიონ 863 765 ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდეც ამდენივე სკვერის მოწყობაა დაანონსებული, რაშიც ასევე 3 მილიონ 642 741 ლარი უნდა დაიჯარჯოს. ჩვენს მიერ აღწერილი სკვერების ნაწილიც იმ სიაშია, რომელზეც მერია წერს, რომ გასულ წელს გააკეთა. თუმცა დღეს, მათი უმრავლესობა ასე გამოიყურება:
ქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული სკვერები ძალიან ხშირად ვიწრო გამწვანებული ზოლია, მრავალსართულიანი კორპუსების წიაღში, სადაც რამდენიმე ხის სკამს და ერთ პატარა სასრიალოს შესაძლოა გადააწყდეთ.
დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმის რამდენიმე სკვერი მოვიარეთ და იქ არსებულ მდგომარეობას გავეცანით. სკვერების უმრავლესობა დანაგვიანებულია, ზოგიერთ სკვერში დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
მაგალითად, ინასარიძის ქუჩაზე, 12/14 ნომერში არსებული სკვერი, მრავალსართულიანი სახლების შუაგულშია განთავსებული. სკვერში განთავსებული სკამების ნაწილი ხისაა, ნაწილი კი ქვის. ეს ქვის სკამები ადრე ცენტრალური პარკისთვის შეიძინეს, თუმცა როგორც ვხედავთ, ისინი ქალაქის სხვადასხვა ნაწილშიც განათავსეს.
მოსახლეობა ყველა მეტად იმაზე წუხს, რომ სკვერი თვეების განმავლობაში არ სუფთავდება. სკვერში განთავსებული ნაგვის ყველა ურნა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა გადავსებული.
სკვერის ერთ ნაწილში ახალი ატრაქციონია განთავსებული, თუმცა მეორე მხარეს დგას პატარა სასრიალო, რომელიც დაზიანებულია.
„მთავარი, რაც ამ სკვერს აკლია, არის სისუფთავე, რომელიც არ არის, ჩვეულებრივი საღორეა, ყველგან არის ნაგავი. არ ვიცი ვისი ბრალია. მერიის ცხელ ხაზზეც ბევრჯერ დავრეკეთ, ფეისბუკშიც მოვნიშნე მერია, მაგრამ არავინ გამომეხმაურა.
არ გააქვთ ნაგავი, ისე გადის დღეები, თვეები, არავინ მოდის. ივსება ურნები, შემდეგ ამოვარდება ქარი და მიმოიფანტება მთელ ეზოში ეს ნაგავი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჩანტლაძე.
ნინოს თქმით, სკვერს არც მოსახლეობა უფრთხილდება. „ნახეთ, ჭამეს-სვეს და ყველაფერი აქ დატოვეს. ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია, არავინ უფრთხილდება გარემოს. ყველაზე ცუდი ეს არის. გაზონსაც სეზონში ერთხელ კრეჭენ. კარგი იქნება, რომ გარემო მოვლილი იყოს, რადგან ბავშვები გამოდიან. მე უკვე ვეღარც გამომყავს, ისეთი სიბინძურეა ზოგჯერ სკვერში“, – ამბობს ნინო.
„ჩვენ ხომ ვიხდით დასუფთავების გადასახადს, უნდა მოვიდნენ და დაალაგონ“, – გვეუბნება ზაზა თოფურია, რომელიც ამავე სკვერში ისვენებს.
ინასარიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი სკვერი ვნახეთ, რომელიც ახალი გაკეთებულია, თუმცა ისეთივე დანაგვიანებულია, როგორ მისი მეზობელი სკვერი. აქაც, სკვერში განთავსებული ყველა ნაგვის ურნა გადავსებულია. ნაგავი ყრია როგორც მწვანე გაზონზე, ასევე ბილიკებზე.
„მერიას აქვს ვალდებულება, რომ სკვერს მოუაროს და ნაგავი გაიტანოს. თუმცა, აქ მცხოვრებმაც უნდა იზრუნონ გარემოზე“, – ამბობენ სკვერში მსხდომი ახალგაზრდები.
სკვერში პატარა, მრგვალი შადრევანიცაა დამონტაჟებული, თუმცა ხშირად გამორთულია. „ზოგჯერ კი იმხელა წყალი ამოდის, ირგვლივ სკამებსაც კი ასველებს“, – გვეუბნება ზურიკო ნაკაშიძე და გოჩიკო ფურცხვანიძე. მათი თქმით, კარგი იქნება თუ სკვერში ველოსიპედების სადგომებიც გაკეთდება.
„ხალხმაც უნდა იზრუნოს სკვერზე და მერიამაც. თუ არავინ აქცევს ყურადღებას, განცხადება დაწერონ. მე, პირადად, „ყირამალას“ გვერდით ვცხოვრობ და იქაც, ცალკე საშინელი სიბინძურე გვაწუხებს და ხმაური ცალკე. ჩვენთან, კვირაში ერთხელ შემოდიან მეეზოვეები და ალაგებენ, მაგრამ არ არის საკმარისი, ამიტომ ხალხმა უნდა მოუაროს“, – ამბობს სუსანა ფერცელიძე.
ბაგრატიონის ქუჩის კუთხეში კორპუსებს შორის არსებულ სივრცეს სკვერს ვერც კი უწოდებ, რადგან ერთი პატარა საქანელა დგას ბავშვებისთვის და იქვე რამდენიმე ტრენაჟორიცაა დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორია კი ავტომანქანებს უკავიათ.
„ეს სასრიალოები დიდი ხანია, რაც დამონტაჟებულია. ადრე აქ 1-2 კორპუსი იყო და გვყოფნიდა, მაგრამ ახლა, ირგვლივ ახალი კორპუსები ააშენეს, ყველას აქ მოჰყავს ბავშვი და საკმარისი არ არის. ბავშვები ჩხუბობენ ხოლმე, რადგან არ ხვდებათ საქანელა. გვინდა, რომ გააფართოონ ეს სკვერი და ატრაქციონებიც დაგვიმატონ“, – ამბობს ნელი ჩხიკვაძე.
ერთი პატარა სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზეც ვნახეთ, სადაც ინფრასტრუქტურა განსაახლებელია. დაზიანებულია სასრიალო, ამოყრილია ქვაფენილი. ფანჩატურის სახურავიც ძველი და ალაგ-ალაგ ამოხეულია.
ერთი პატარა სკვერი ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისშიცაა, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას, გადახურული სკამებიც, მაგრამ აქ მსხდომი მოზარდების უკმაყოფილებასაც დანაგვიანებული გარემო იწვევს.
„ხშირად მოვდივართ აქ, რადგან სკოლაა აქვე და გადმოვდივართ. არ მოგვწონს, რომ დანაგვიანებულია. არც დიდებისთვისაა რაიმე გასართობი. მაგალითად, მოედანი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ასეთ პატარა სკვერებში ჩვენთვის ნაკლებადაა გასართობი, ამიტომ ბულვარში, სკეიტპარკში გავდივართ. სკვერში სიწყნარე თუ იქნება, რომ არ შემოაღწიოს მანქანების და ქუჩის ხმაურმა, ასევე იქნება უფრო მეტი სიმწვანე, კარგი იქნება“, – გვეუბნებიან ახალგაზრდები.
ერთადერთი ადგილი, სადაც ამ დღეს მეეზოვე ვნახეთ, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული პატარა სკვერი იყო.