მთავარი,სიახლეები

ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

16.09.2022
ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის შერატონში კრეატიული სფეროს წარმომადგენლები, მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რეკლამით დაინტერესებული ადამიანები შეიკრიბნენ.

ფესტივალის პროგრამაშია: სემინარები, ვორკშოპები, პანელური დისკუსიები და საღამოს პროგრამა. ფესტივალის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური, 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან.

ფესტივალის პირველ დღეს კრის ამბიჯი იყო პირველი მომხსენებლები ფესტივალზე, რომელმაც ისაუბრა რეკლამის პოზიტიურ, ნეგატიურ, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებზე.

კრის ამბიჯი

” შენ შეგიძლია ამოაყირაო კულტურა, სტანდარტები და აქციო ის რაღაც განსაკუთრებულად, შეგიძლია ამოაყირაო კონტექსტი, გამოცდილება. შეგიძლია გამოიყენო ბრენდები სრულიად ახალი კატეგორიების შესაქმნელად. და რაც მე ყველაზე უფრო მეტად მომწონს ამაში ისაა, რომ შენ შეგიძლია ამოაყირაო ის თუ როგორ მუშაობ.  ეს პროცესები დაგეხმარება კრეატიულად აზროვნებაში სტრატეგიული კუთხით და ასევე სტრატეგიებზე კრეატიული კუთხით.  ამგვარად ჩვენ ყველას შეგვიძლია დიდებული იდეების გენერირება, რომელიც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს.” – ასე დაასრულა გამოსვლა კრის ამბიჯმა, რომელიც TYPE. UK-ს დირექტორი და თანადამფუძნებელია.

შემდეგმა გამომსვლელებმა, სამი კოენმა, ანა კოენმა და გიორგი ბურჭულაძემ ისაუბრეს ტვინზე, როგორც რეაქციულ ორგანოზე, როგორ ვიფიქროთ “ყუთის მიღმა”, როცა გვგონია, რომ ახალს ვერაფერს შევქმნით. ასევე მსმენელები ჩართეს ინტერაქციულ გამოკითხვაში.

გიორგი ბურჭულაძე, ანა კოენი, სამი კოენი

რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული არიან დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ დელეგატებს და განიხილავენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, Ad Black Sea აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე წელს 1000-ზე მეტ დელეგატს ელოდებიან. ნამუშევრები კი უკვე მიღებულია და საერთაშორისო ჟიური ამ წუთებშიც მუშაობს გამარჯვებულების გამოსავლენად.

მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქის ღონისძიების სექციაში .

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.