მთავარი,სიახლეები

ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ უსკოს წევრობის კანდიდატებად

15.09.2022 • 1539
ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ უსკოს წევრობის კანდიდატებად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 პირი წარადგინა. კანონის მოთხოვნით, მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის თითო ვაკანტურ პოზიციაზე 2-2 პირი უნდა წარადგინოს. უმაღლესი საბჭო კი მათგან თითოს დაამტკიცებს.

ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს ახალ წევრს ერთი გარდაცვლილი წევრის ნაცვლად [უკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა] და 2 დამატებით წევრს კანონში შესული ცვლილების თანახმად. ახალი წესით, უსკოს კომისიაში ნაცვლად 6 წევრისა, 8 წევრი იმუშავებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა ზაალ ზაალიშვილისა და სოფიო კახაძის კანდიდატურები.

ზაალ ზაალიშვილი გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო. ის ცესკომ შეარჩია.

ზაალ ზაალიშვილს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი. იყო ცესკოს ტრენერიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს].

2018-2021 წლებში ზაალ ზაალიშვილი იყო ასევე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი. 2014-2015 წლებში ის ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის ადმინისტრაციული ერთეულების გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, შემდეგ კი 2015-2018 წლებში თბილისის საკრებულოს საფინანსო კომისიაში მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნეს. ის პროფესიით ფინანსისტია.

სოფიო კახაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანია, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა. გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისიც ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო. სოფიო კახაძე აჭარის განათლების სამინისტროში მუშაობს, კულტურის დარგში კონსულტანტის პოზიციაზე.

უსკოს კომისიის კიდევ ერთი წევრის თანამდებობაზე დავით ფარტენაძისა და თამარ ქამადაძის კანდიდატურები წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ. დავით ფარტენაძე 2022 წლის ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო.  მანამდე კი ხელვაჩაურის საოლქო კომისიაშიც იყო არჩეული. სხვადასხვა დროს ის სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზეც.

ამ დროისთვის დავით ფარტენაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ -ში [„ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“]  მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.

თამარ ქამადაძე ხულოს საოლქო კომისიის წევრია.

კომისიის წევრის მესამე ვაკანტურ პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საოლქო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ციალა შავაძე წარადგინა, მისი კონკურენტი კი სოფიო შაქარიშვილი იქნება. სოფიო შაქარიშვილი აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილება მასაც აქვს.

საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილავენ და მას დიდი ალბათობით მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: