მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

23.06.2022
ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

ცვლილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერი ვალდებული იქნება შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს. მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს.

სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. იქნება თუ არა რაიმე დათქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ საბჭოს წევრი, ან ექნება თუ არა მერს ვალდებულება საბჭოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეიყვანოს, ამის შესახებ პროექტში არაფერი წერია. ამის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია საბჭოს დაკომპლექტების წესში, თუ ამას მოინდომებს.

პროექტში ცვლილების მიხედვით, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით
უნდა დაამტკიცოს დროებითი ხელშეწყობითი ღონისძიებისა და მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების წესი.

ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: