მთავარი,სიახლეები

ხარკოვში მარცხმა რუსეთს ფარული მობილიზაციის დაწყება აიძულა – ISW

16.09.2022 • 1244
ხარკოვში მარცხმა რუსეთს ფარული მობილიზაციის დაწყება აიძულა – ISW

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევისა და ხარკოვში რუსეთის ძალების მარცხის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ფარულ მობილიზაციას აძლიერებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა აზრითაც, რუსეთის არმიას ძალიან გაუჭირდება თავდაცვის პოზიციების შენარჩუნება, თუკი უკრაინელი მებრძოლები აღმოსავლეთისკენ წინსვლას გააგრძელებენ.

„კრემლი ხარკოვის ოლქში დამარცხებას ფარული მობილიზაციის გაძლიერებით პასუხობს და კვლავ თავიდან იცილებს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას,“ – წერენ ექსპერტები და ამის მაგალითად ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება მოჰყავთ.

კადიროვმა რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტს მოუწოდა, დაიწყონ „თვითმობილიზაცია“ და არ დაელოდონ კრემლისგან საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. კადიროვის თქმით, ფედერაციის თითოეულმა სუბიექტმა „უნდა დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, დაეხმაროს რუსეთს“ და სულ მცირე 1000 სამხედრო შეკრიბოს.

ISW-ის ინფორმაციით, მსგავსი მოწოდებებით გამოდიან კრემლის პროპაგანდისტები და სამხედრო ბლოგერებიც, ოკუპირებული ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა მეთაურმა სერგეი აქსენოვმა კი მოხალისეთა ორი ბატალიონის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

„ეს ადასტურებს, რომ უკრაინაში მარცხმა აიძულა კრემლი, დაიწყოს გადაბირების კამპანია მთელი რუსეთის მასშტაბით,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთმა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში თავისი ბაზებიდანაც გამოიყვანა სამხედროები და უკრაინაში გადაისროლა, რამაც ამ ქვეყნებში კრემლის გავლენა შეასუსტა.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსული და უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინგულეცის მახლობლად და ხერსონის ოლქის სამხრეთით;
  • რუსეთის ძალებმა შეზღუდული შეტევები აწარმოეს და აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამაგრებას ცდილობენ;
  • ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობს, ოლქიდან თავისი ადმინისტრაციული კადრების გადინება შეაჩეროს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი გუშინდელი ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში თავისი ძალების გასაძლიერებლად ომში ახალი ჩეჩნური ბატალიონების ჩართვას აპირებს, თუმცა ეს ბატალიონები დაუკომპლექტებელია და დაქირავებული მებრძოლებისა და რუსეთის ეკონომიკურად დეპრესიული რაიონების მცხოვრებლებისგან შედგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: