მთავარი,სიახლეები

მიხაილო და მისი ასეული – როგორ შეაჩერეს უკრაინელებმა ჩერნიგოვზე რუსების თავდასხმა

16.09.2022
მიხაილო და მისი ასეული – როგორ შეაჩერეს უკრაინელებმა ჩერნიგოვზე რუსების თავდასხმა

საბრძოლო მომზადების ასმეთაური მიხაილო, უკრაინას რუსების შემოსევის პირველი დღიდანვე იცავს.

„24 თებერვალს, 4:20 საათზე, ოფიცერმა მიიღო შეტყობინება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე და მაშინვე მივიდა სამხედრო ნაწილში იარაღის მისაღებად, სამშობლო რომ დაეცვა.

მისი მოვალეობა ქვეშევრდომების ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგება და უზრუნველყოფა იყო“, – წერს უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“-ი, რომელიც მიხაილოს შესახებ აქვეყნებს მასალას.

ოფიცრის თქმით, მისმა ქვედანაყოფმა ომის დაწყების მეორე დღიდანვე, 25 თებერვლიდან მიიღო დავალება. დავალება მარტივი არ იყო: დანაყოფს მტრის ტექნიკის მთელი კოლონა უნდა გაენადგურებინა.

„ქალაქის მიდამოებში მტრის ნაღმები გვხვდებოდა. თავიდან გავანადგურეთ ჩვენს წინ მიმავალი მტრის ქვეითი ჯარის დანაყოფი, შემდეგ მათი სადაზვერვო მანქანა. ხელში ჩავიგდეთ მტრის გადარჩენილი ტექნიკა“, – იხსენებს ოფიცერი გამოცემა „Armyinform“-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

მიხაილოს მეთაურობით მისი თანამებრძოლები თებერვალ-მარტში ყოველდღიურად იგერიებდნენ ოკუპანტების შეტევებს და მტერს უსაფრდებოდნენ.

მისი ქვედანაყოფი ტანკისტებთან ერთად მრავალჯერ ჩაერთო ბრძოლაში დამპყრობლების წინააღმდეგ.

„ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ბრძოლა ქალაქის გარეუბანში, სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრის“ მახლობლად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩვენი სატანკო დანაყოფის ერთ-ერთი მეთაურის სიმამაცე და ოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საბრძოლო მანქანა დაზიანდა, ეს მეთაური მაინც აგრძელებდა ბრძოლას მტერთან.

მან დაზიანებული ტანკიდან ორი ზუსტი გასროლით გაანადგურა მტრის ორი სამიზნე“, – იხსენებს ოფიცერი.

მიხაილოს მსგავსი ასმეთაურებისა და ჯარისკაცების ძალისხმევით ჩერნიგოვზე რუსების ალყა მოიხსნა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო ქალაქის უსაფრთხოების გარანტია.

მიხაილოს თქმით, მას შემდეგ, რაც ჩერნიგოვის რეგიონულ ცენტრს ალყა მოხსნეს, სამხედროები მისი მეთაურობით საგუშაგოებზე მსახურობდნენ, ჩერნიგოვის შესასვლელთან. ერთხელ მანქანა გააჩერეს, რომელსაც ქალი გადაჰყავდა. ქალი ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქალაქში რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას ცდილობდა.

დამნაშავე დააკავეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.

ომში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, თავგანწირვისა და სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის მიხაილოს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენი გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: