მთავარი,სიახლეები

ვაშინგტონი მომდევნო თვეებში უკრაინაში დაძაბულ ბრძოლებს ელის – WP

16.09.2022
ვაშინგტონი მომდევნო თვეებში უკრაინაში დაძაბულ ბრძოლებს ელის – WP

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ უკრაინაში მომდევნო თვეებში დაძაბული ბრძოლები გაგრძელდება – გამარჯვებებითა და დამარცხებებით ორივე მხარისთვის.

ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევისას ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ამას შტატებში მოელოდნენ, თუმცა ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძლიერება ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავს.

„მათ აქვთ ტექნიკა, შეიარაღება და საბრძოლო მასალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც რუსეთში აქვთ. ამიტომაც იმპულსის მიუხედავად, ეს ჯერ დასასრული არაა,“ – ეუბნება გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ამერიკელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ მწვავე ბრძოლები შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება – ორივე მხარე ეცდება, ზამთრის დადგომამდე შეძლოს და დაიკავოს საუკეთესო პოზიციები.

პენტაგონში ასევე აცხადებენ, რომ ეძებენ გზებს, როგორ დაეხმარონ უკრაინას მზარდი საბრძოლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, თუმცა როგორც გამოცემა წერს, უკრაინის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიაწოდონ უფრო თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, აშშ სამხედრო დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივ გაფართოებას არ აპირებს.

სამუელ ჩარაპი, Rand Corp-ის რუსეთის საკითხების ექსპერტი ფიქრობს, რომ კონტრშეტევამ კონფლიქტის დინამიკა განსაზღვრა და აჩვენა უკრაინის უნარი, წარმატებით განახორციელოს სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციები.

„მანამდე ამის მტკიცებულება არ გვქონია. თავისთავად ეს ფაქტი შეამცირებს უკრაინელთა სურვილს, რაიმე კომპრომისი ეძებონ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მეტის გაკეთება შეუძლიათ“, – ამბობს ჩარაპი უკრაინის არმიის მოქმედებების შეფასებისას.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა „ბევრად უკეთ წარიმართა, ვიდრე ელოდნენ“, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა. თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა კონტრშეტევაზე გადასვლა სცადოს, ამიტომაც უკრაინა თავდაცვისთვის უნდა მოემზადოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: