მთავარი,სიახლეები

რატომ არ შეღებეს ბათუმში ველობილიკები

16.09.2022 • 1141
რატომ არ შეღებეს ბათუმში ველობილიკები

გადაშლილი, გადამძვრალი საღებავი, სამ-ოთხ ფერად აჭრელებული ველობილიკები იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმში ველობილიკები რამდენიმე წელია არ გადაღებილა.

ველობილიკების შეღებვა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაა, ამიტომ მერიის ამ შპს-ში ვიკითხეთ, რატომ არ გადაიღება ბოლო წლებში ველობილიკები და როდის აპირებენ მოწესრიგებას.

ასე გამოიყურება ველობილიკები მემედ აბაშიძის ქუჩაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ ქალაქის რომელ ქუჩებზე გეგმავს წლის ბოლომდე ველობილიკების გადაღებვას. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ორ ქუჩაზე – გოგებაშვილსა და გრიბოედოვზე გადაუღებავს ველობილიკები, დარჩენილ 3 თვეში კი 10 ქუჩაზე აპირებს ველობილიკების შეღებვას.   

ველობილიკი ლუკა ასათიანის და აბაშიძის ქუჩების კუთხეში.

ქუჩები, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ველობილიკების გადაღებვას აპირებს არის:

ლუკა ასათიანის, მიხეილ ლერმონტოვის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, ჰაიდარ აბაშიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის.

ველობილიკი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე

ამ ქუჩებზე არც ფეხით გადასასვლელებია განახლებული.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არ გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რა თანხებია გამოყოფილი ველობილიკების გადასაღებად და რატომ ვერ მოხერხდა ბილიკების მოწესრიგება თუნდაც ტურისტული სეზონისთვის.

ბათუმის ბიუჯეტში ველობილიკების შესაღებად ცალკე თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან ორი თვის წინ [19 ივლისს], ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 200 ათასი ლარი გამოუყეს „ქალაქ ბათუმში ველობილიკების რეაბილიტაციისთვის“.

კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ამ შემთხვევაში ველობილიკების რეაბილიტაცია მათ გადაღებვას არ ითვალისწინებს. გადაღებვა მოვლა-პატრონობის სამუშაოებში შედის, რაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრეროგატივაა.“

გადაბეჭდვის წესი