მთავარი,სიახლეები

იზიუმთან ტყეში მასობრივი სამარხი და 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

16.09.2022
იზიუმთან ტყეში მასობრივი სამარხი და 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

ახლახან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად, ტყეში, აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია – ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა.

„აუცილებელია თითოეული ცხედრის ექსჰუმაცია, როგორც ეს ბუჩაში გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი ტრაგიკული გამოცდილება – დავადგენთ ყოველი მათგანის სიკვდილის მიზეზსა და გარემოებას,“ – განაცხადა გერაშჩენკომ.

მისი ინფორმაციით, იზიუმში უამრავი საცხოვრებელი სახლია ნანგრევებად ქცეული, ამიტომ მოსალოდნელია, რომ დაღუპულები მომავალში ნანგრევებშიც იპოვონ.

„ერთ-ერთ სამსართულიან სახლში რუსული საავიაციო რაკეტის დარტყმისგან ორი სადარბაზო ჩამოიშალა. ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ როდესაც ოკუპაციის დროს, რუსებმა მათ ნანგრევები გააწმენდინეს, იქ 47 დაღუპული იყო,“ – ამბობს მინისტრის მრჩეველი.

მისი ვარაუდით, იზიუმში ოკუპაციის დროს სულ მცირე 1000 ადამიანია დაღუპული.

„და ეს რიცხვი გაიზრდება, ორჯერ მეტი იქნება ვიდრე ბუჩაში. ცხადია, ყველაფერს გადავამოწმებთ,“ – დასძენს გერაშჩენკო.

იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენაზე უკვე გააკეთა კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა.

„იქ უკვე დაიწყო აუცილებელი პროცესუალური მოქმედებები. უფრო მეტი ინფორმაცია – გადამოწმებული ინფორმაცია უკვე ხვალ იქნება. ხვალ იზიუმში ჩავლენ ჟურნალისტებიც – უკრაინელებიც და უცხოელებიც. ჩვენ გვინდა, მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში და რა მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი და ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს რუსეთს ამ ომისთვის. და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის ოლქში რუსებისგან გათავისუფლებულია 400 დასახლებული პუნქტი, რომლებშიც დაახლოებით 150 000 უკრაინელი ხუთი თვის განმავლობაში ოკუპაციაში ცხოვრობდა.

მთავარი ფოტო: unian.net

ყურებმოჭრილი და ნაწამები სხეულები – რა ხდება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: