მთავარი,სიახლეები

ვაგნერი „შეტევის ოპერაციებისთვის“ მებრძოლებს პატიმრებში ეძებს – ბრიტანეთის დაზვევრა

16.09.2022 • 910
ვაგნერი „შეტევის ოპერაციებისთვის“ მებრძოლებს პატიმრებში ეძებს – ბრიტანეთის დაზვევრა

რუსეთი სამხედრო დანაკარგებისა და პირადი შემადგენლობის დეფიციტის შევსებას ცდილობს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ მეთოდებზე, რომლებითაც მოსკოვი უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად მოხალისეების მობილიზებას ახდენს.

16 სექტემბრის რელიზში უწყება მიუთითებს, რომ კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სულ მცირე ივლისიდან აწარმოებს კამპანიას რუსი პატიმრების უკრაინის ომში გასაგზავნად. პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებას და ფინანსურ სარგებელს სთავაზობენ.

„თუმცა ამ ტენდენციამ ცოტა ხნის წინ ახალი იმპულსში შეიძინა. ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ რა წინადადებას სთავაზობს „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მსჯავრდებულებს. ვიდეოში პრიგოჟინი ხაზს უსვამს, რომ ის მებრძოლებს მხოლოდ „შეტევის ოპერაციებისთვის“ეძებს,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვევრა.

უწყების ცნობით, ამის პარალელურად, რუსეთის სამხედრო აკადემიები სწავლის ხანგრძლივობას და კურსანტების გამოშვების ვადებს ამცირებენ.

„კადრების პრობლემა რუსეთისთვის უფრო და უფრო სერიოზული ხდება. კადეტების სწავლების დაჩქარება და „ვაგნერის“ მოთხოვნა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შეიარაღებული ძალების კრიზისისას ყველა მწვავე დეფიციტი დაკავშირებულია საბრძოლო ქვეითებისა და უმცროსი მეთაურების ნაკლებობასთან,“ – ასკვნის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ხარკოვის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგებს მიმოიხილავდა და ადასტურებდა უკრაინული მხარის ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ოლქის ტერიტორიიდან არაორგანიზებულად გავიდნენ და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა მიატოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: