მთავარი,სიახლეები

წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში

16.09.2022 • 2471
წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში

ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ.

ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

„აქტივობების შესახებ ვერც კი ვიგებთ. დაბა ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩვენამდე ნაკლებად მოდის ინფორმაცია, შესაბამისად, ნაკლებად ვართ ჩართული.

ჩვენთან არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ვერ ექცევა – ცუდი გზებია და ტრენერები მხოლოდ დაბა ხულოში, ისეთ ადგილებში მიდიან, სადაც მარტივად მიისვლება. ჩვენ, ალბათ, ცუდი გზების გამო ვავიწყდებით. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა“, – გვითხრა ლიამ.

ლია ფიქრობს, რომ ბოძაურის და მისი მეზობელი სოფლის ახალგაზრდებს სჭირდებათ არაფორმალურ განათლებაში მონაწილეობა, ლექციების მოსმენა.

ბოძაურში მცხოვრები მოზარდები და თინეიჯერები კი სკოლის შემდეგ სახლებში ბრუნდებიან, ოჯახს სამეურნეო საქმეებში ეხმარებიან, ხოლო საღამოს მეცადინეობენ და ეს ყველაფერი დილით ისევ თავიდან იწყება. ლია გვიყვება, რომ ეს რუტინა ბევრი მისი თანასოფლელისთვის არასდროს იცვლება.

მე „პრივილეგირებულად“ მივიჩნევ თავს, რადგან ჩემი ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შემიწყოს სხვადასხვა აქტივობაში რომ ჩავერთოო.

„ხშირად ჩავდივარ მუნიციპალიტეტში, ჩართული ვარ პროექტებში, მაგრამ ჩემი მეგობრები ამას ვერ ახერხებენ და ეს ძალიან მტკენს გულს. მეც მიწევს შრომა, აქ ყველა შრომობს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, გადაუდებელი საქმე გვქონია სახლში და ამის მიუხედავად მაინც წავედი შეხვედრაზე“, – გვეუბნება ლია.

ლია გვიყვება, რომ ბოძაურში ახალგაზრდები გართობას ვერ ახერხებენ.

„სოფელში სპორტდარბაზი გვინდა. ცუდ პირობებში გვიწევს თამაში. ყოველთვის საძებნელია ფრენბურთის ბურთი, ბადე. გვაქვს სოფლის მოედანი, მაგრამ გაკეთება სჭირდება.

ძალიან გვინდა ფეხბურთისა და ფრენბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებიც ვისწავლოთ, მაგალითად, კალათბურთი, მაგრამ ამის პირობები არ გვაქვს“, – ამბობს ლია.

ლიას და მისი მეგობრებს ასევე სჭირდებათ სივრცე, სადაც შეკრებას და მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს შეძლებენ. „ძირითადად, „ბირჟაზე“ ვიკრიბებით სასაუბროდ, კონკრეტული შეკრების ადგილი [ახალგაზრდებს] არ გვაქვს“, – გვითხრა ლიამ, ამიტომაც, რიყეთის თემის ახალგაზრდებმა ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში პროექტი დაწერეს სოფელში სივრცის მოსაწყობად, სადაც წიგნის წაკითხვას და დისკუსიას შეძლებენ. პროექტის ფარგლებში 500-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს, რითაც პუფები და სხვა საჭირო ნივთები უკვე შეიძინეს.

ახლა ამ სივრცის გახსნის სამზადისი აქვთ – ადგილი სოფლის სკოლაში გამოუყვეს. სოფელში ცარიელი ოთახი ვერ ვიპოვეთ, ამიტომ ბოძაურის სკოლის დირექტორს ვთხოვეთ და დაგვეხმარაო.

სექტემბრიდან ამ სივრცეში შეკრებას ხშირად გეგმავენ – „მოვიწვევთ ტრენერებს, წიგნებს ჯგუფურად წავიკითხავთ და ჩვენი ცხოვრება ცოტათი უფრო გამრავალფეროვნდება“.

ლია ამბობს, რომ სივრცე არაფორმალურია, ოთახის გასაღები კი ახალგაზრდებს ექნებათ.

„აქ ბევრ ახალგაზრდას უჭირდა აზრის საჯაროდ დაფიქსირება, განა სიტყვის მარაგი არ ჰქონდათ ან რამე მსგავსი, უბრალოდ ხალხში აზრის დასაფიქსირებლად სითამამე აკლიათ. ეს პატარა ოთახია და სხვა უფრო დიდი მსგავსი სივრცე გვჭირდება, სადაც აზრებს გავცვლით“, – გვიხსნის ლია.

ლია წელს აბიტურიენტია. მშობლები ურჩევენ, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ბათუმში წავიდეს, თუმცა ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა.

„გონებაში ვამბობ, რომ არსად არ უნდა წავიდე. უნდა ვიყო ჩემს სოფელში, ოჯახთან ერთად უნდა გავატარო ეს ერთი წელი. ადრე არავინ არ ემზადებოდა და ისე აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ ახლა, რატომღაც, მოთხოვნადი გახდა რეპეტიტორი. ყველას უნდა წავიდეს და რეპეტიტორთან მოემზადოს.

კლასში სულ სამნი ვართ. ჩემი კლასელები [ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის] მოსამზადებლად ბათუმში აპირებენ წასვლას. აღარავინ დარჩა, მხოლოდ მე ვარ და ვფიქრობ, რომ ბავშვებს მაგალითი უნდა მივცე, რომ არ არის აუცილებელი სხვაგან წასვლა – მთავარია მონდომება და დამოუკიდებლადაც გაართმევ ამ ყველაფერს თავს. მინდა, რომ რეპეტიტორების გარეშე ჩავაბარო ეროვნული გამოცდები“, – გვეუბნება ლია.

ლიას ერთი მიზეზი კიდევ აქვს საიმისოდ, რომ სოფიდან წასვლა არ უნდოდეს – მცირე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მშობლებმა აჩუქეს, სრულიად მარტომ ჟოლოს ნერგები გაახარა.

„წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა. ნამდვილად არ ველოდი და უზომოდ ბედნიერი ვარ. აქამდე ყველაფერი მარტომ გავაკეთე, მაგრამ უკვე ოჯახის წევრების დახმარება მჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი მოსავალია და მარტო ვერ გავუმკლავდები“, – ამბობს ლია.

__

მთავარ ფოტო: ლია ხოზრევანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: