ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

16.09.2022 • 2309
ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი.

ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 33 მილიონ 29 ათას 100 ლარს – ოღონდ, დღგ-ს და სხვა მომსახურების გარეშე [ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსი 2021 წელსაც შეიძინეს]

ტენდერში გამარჯვებულმა ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 65 ერთეული ავტობუსი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 240 დღეში [8 თვეში]. ამავე ვადაში მიმწოდებელი ავტობუსების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმება და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნები] ხარჯების ჩათვლით.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2022 წლის 21 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს, 22 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის; ახალი; არაუადრეს 2022 წლის გამოშვების; მარცხენა საჭიანი; ექსპლუატაციაში არმყოფი; მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 6 000 კმ; ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; განბაჟებული.

სრული საგარანტიო პერიოდი იქნება არანაკლებ 200 000 კმ გარბენი, ან არანაკლებ 24 თვე [რომელიც ადრე დადგება].

დასადები ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში [ლარში].

ამასთან, „ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ან მთლიანად, ავტობუსების საბოლოო მიწოდების, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ:

  • 2023 წელს, დარჩენილი გადასახდელი თანხის ჯამის ნახევარი ორ თანაბარ ტრანშად: არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისი – 50%, არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბერი – 50%.
  • 2024 წელს, დარჩენილი თანხა სრულად ორ თანაბარ ტრანშად: არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისი – 50%, არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბერი – 50%.“

ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნით ლარში, არაუმეტეს 7 000 000 ლარის ოდენობით.“

მთავარი ფოტო: არქივიდან / ავტობუსების პრეზენტაცია ბათუმში / 29.08.2018 / ბათუმის მერიის ფოტო

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად, სწორედ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „2022-2024 წლებში 65 ერთეული ავტობუსი იქნება შეძენილი“. ამასთან, „მუნიციპალური ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია (2022-2024 წ.წ.), რომლის ღირებულება – 45 884 533 ლარია“.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/432082/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: