ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

17.09.2022
11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია.

შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია გამარჯვებულის გამოვლენის ვადებმა, შესაბამისად, გადაიწევს გაზიფიცირების დაწყების სამუშაოებიც. ეს ვადები კიდევ გადაიწევს, თუ ხელახალი ტენდერებიც არ შედგა.

ამ შემთხვევაში არის თუ არა გამოსავალი შესყიდვის სავარაუდო თანხების გაზრდა და, ტენდერებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პრეტენდენტები, ეს შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ, 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოჩნდება.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აჭარის ორი დაბისა და 11 სოფლის გაზიფიცირებაზე ორი ტენდერი ქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 16 სექტემბერს დასრულდა. არცერთ ტენდერში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაწილეობა არავინ მიიღო:

ერთი ტენდერი – ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე, სადაც სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარი იყო.

  • ხელახალ ტენდერში ეს თანხა 1 122 967 ლარით არის გაზრდილი და 6 163 287 ლარია.

მეორე ტენდერი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ 261 ათას 725 ლარი იყო.

  • ხელახალ ტენდერში ეს თანხა 1 227 153 ლარით არის გაზრდილი და 5 488 878 ლარია.

ამავე თემაზე:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: