მთავარი,სიახლეები

ევროპის გეგმა ზამთრის გადასატანად – ვინ როგორ აპირებს რუსეთის გაზის კრიზისის დაძლევას

16.09.2022 • 925
ევროპის გეგმა ზამთრის გადასატანად – ვინ როგორ აპირებს რუსეთის გაზის კრიზისის დაძლევას

ევროკომისიამ 14 სექტემბრის სხდომაზე ახალი გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გადაიტანონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარი გაზის ბლოკადის პირობებში და სად უნდა მოიძიონ რესურსი ხალხის და ბიზნესის მხარდასაჭერად.

BBC-ის ინფორმაციით, გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ნახევარ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნებს.

ბლუმბერგის ეკონომისტების გათლით, ევროკავშირის მხოლოდ 19 ქვეყანა დახარჯავს დამატებით ნახევარ ტრილიონ ევროს 2022 წლისთვის გაზის შესასყიდად და თუ ზამთარი ძალიან მკაცრი იქნება, დანახარჯიც გაიზრდება.

„ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და გაზის ფასი შარშანდელთან შედარებით უკვე 10-ჯერ მაღალია“ – წერს BBC.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში 2022 წლის ენერგეტიკულ კრიზისთან საბრძოლველად ბიუჯეტის ხარჯებმა უკვე 350 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

„რუსეთმა არამხოლოდ უკრაინას გამოუცხადა ომი. ეს არის ომი ჩვენი ენერგეტიკის, ეკონომიკის, ჩვენი ღირებულებების და მომავლის წინააღმდეგაც“, – ასე მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 14 სექტემბერს ევროკავშირის 450 მილიონ მოქალაქეს ევროპარლამენტიდან.

გამოცემა წერს, რომ ევროპისთვის მიწოდებული რუსული გაზის რაოდენობა სამი წლის განმავლობაში განახევრდა დღე-ღამეში 250 მილიონ კუბურ მეტრამდე.

2022 წლის ივლისის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 80 მილიონზე დაბლა, ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც გაზპრომმა „ჩრდილოეთის ნაკადის“/„Nord Stream“ მთავარი მილსადენი ჯერ პრევენციისთვის, შემდეგ კი მთლიანად გათიშა.

გაზის კრიზისთან გასამკლავებლად ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი გეგმა 14 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ფონ დერ ლაიენის გეგმა ეხება იმას, თუ როგორ უნდა დაიზოგოს ელექტროენერგია და როგორ უნდა გადანაწილდეს ენერგეტიკოსთა ჭარბი მოგება ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც ელექტროენერგიისა და გათბობის რეკორდული გადასახადებით ზარალდებიან.

ევროკომისიის საზაფხულო გეგმა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა: 1) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიება; 2) გაზის დაზოგვა ოქტომბრამდე საცავის 80%-ით შესავსებად 3) ინვესტიციების განხორციელება ახალ ენერგეტიკაში.

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იყო ევროპის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი, რომელიც თითქმის 60%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. რუსული ნავთობი, ნავთობპროდუქტები, გაზი და ქვანახშირი შეადგენდა ევროპის ენერგომოხმარების თითქმის 25%-ს, განსაკუთრებით მაღალი გაზის წილია – 40%-მდე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი და გაზპრომის წილი ევროპულ ბაზარზე 40%-დან 9%-მდე დაეცა.

BBC-ის ინფორმაციით, გაზის დაზოგვის გეგმაც, ოქტომბრამდე საწყობის 80%-ით შესავსებად, ევროპამ შეასრულა და საცავი 84 პროცენტითაა შევსებული.

„რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან, ძალიან ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ უნდა შევცვალოთ რუსეთი სანდო მომწოდებლებით, როგორიცაა შეერთებული შტატები, ნორვეგია, ალჟირი და სხვა“, – თქვა 14 სექტემბერს ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის ახალი გეგმა სამი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად:

  • როგორ უნდა შეამციროს ევროპამ ელექტროენერგიის მოხმარება
  • როგორ უნდა შენარჩუნდეს ფასები
  • საიდან უნდა მოიზიდონ ფინანსური რესურსი მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად.

ევროკომისიაში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიერმა ისაუბრა იმ სამ ძირითად გეგმაზე, რაც გასულ კვირას ენერგეტიკის მინისტრმა უკვე დაამტკიცა, თუმცა ბრიუსელის ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად სხვა წინადადებებიც, ყველა მათგანი ბლოკის 27 სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

ენერგეტიკის მინისტრების მიერ დამტკიცებული  სამი გეგმა ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ასეთია:

  1. ენერგეტიკულ კომპანიებს ჭარბი მოგების შემთხვევაში დაუწესდებათ გადასახადი, ე.წ. „სოლიდარული წვლილი“. „ამ კომპანიებმა ჩვეულებრივზე ხუთჯერ მეტი გამოიმუშავეს, მაგრამ არა ბიზნესსტრატეგიების და სწორად დაგეგმვის, განსაკუთრებული გონიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ პუტინმა ჯერ გაზმომარაგება შეუზღუდა ევროპას, შემდეგ კი ომი გააჩაღა უკრაინასთან, რის გამოც მას სანქციები დაუწესდა“ – წერს BBC
  2.  მეორე გეგმა მოიაზრებს შემოსავლის ზღვრის დაწესებას კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ არა გაზისგან, არამედ ბირთვული და განახლებადი ენერგიებისგან. ასეთი კომპანიების პროდუქტის თვითღირებულება დაბალია, ისინი გაზს არ ყიდულობენ, თუმცა ენერგიას გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე უფრო ძვირად ყიდიან, რადგან ბაზარი საერთოა.
  3. მესამე გეგმა გულისხმობს 2023 წლის მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის დაზოგვის საყოველთაო ვალდებულებას. ამ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობამ ელექტროენერგიის მოხმარება პიკის საათებში 5%-ით, ხოლო ზოგადად – 10%-ით უნდა შეამციროს. ეს გეგმა, ევროკომისიის გათვლით, დაზოგავს 1,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც ზამთარში მოხმარების 4%-ია.

ევროკავშირი დაახლოებით 140 მილიარდი ევროს შეგროვებას მოელის (117 მილიარდს მოელიან კომპანიებისგან, რომლებიც გაზს არ აწარმოებენ და 25 მილიარდს გადასახადების ჭარბი მოგებიდან).

ეს თანხა სოციალურად ყველაზე ნაკლებად დაცულ მოქალაქეებს გადაეცემათ, რესურსი მოხმარდება ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესკომპანიების, საავადმყოფოებისა და სკოლების გადასახადებსა და გაზის სუბსიდირებას.

ევროკომისიაში გეგმებზე მსჯელობისას არ უსაუბრიათ რადიკალურ წინადადებებზე, კერძოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესებაზე.

რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესებას ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილად დამოკიდებული უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია, არამედ გერმანია, ნიდერლანდები და დანიაც.

შესაბამისად, ევროკომისიამ წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზღვრის დაწესების შესახებ ვერ დაამტკიცა, რადგან წინადადება კანონად და რეგულაციად რომ იქცეს ის ევროკავშირის 27-მა წევრმა უნდა დაამტკიცოს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობის აუცილებლობას ნიშნავს, ანუ კავშირის მოსახლეობის 65%-ის თანხმობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: