ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო შექმნა, თუმცა მერიაში მალავენ, რამდენ წევრიანია ეს სათათბირო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, მერი ვალდებულია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს.
მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს. ამ საბჭოს შექმნის წესი საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა.
მისი დამტკიცებიდან მალევე „ავარიული სახლების პროგრამასთან“ დაკავშირებული ცვლილება კანონში სახალხო დამცველმა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. ომბუდსმენმა საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
სახალხო დამცველი ითხოვდა ასევე არ ამოქმედებულიყო ცვლილება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო. როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჯერ ცნობილი არ არის.
მერიაში საბჭოს წევრების ვინაობას არ ასახელებენ. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მერიიდან საჯარო ინფორმაციას იმის გამო არ გვაწვდიან, რომ „აპარატის უფროსმა ასე გადაწყვიტა.“ როგორც ჩანს, ნუკრი დეკანაძეს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული საჯაროობის შესახებ არაფერი სმენია.
საინტერესოა, რატომ მალავენ საბჭოს შემადგენლობას მერიაში, რა ლოგიკას შეიძლება დაექვემდებაროს მისი გასაიდუმლოება, მაგალითად 10 სამუშაო დღით, რომელსაც მერია ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად გამოიყენებს? – უბრალოდ ნუკრი დეკანაძემ ასე გადაწყვიტა, სხვა პასუხი არ არსებობს.
„ბათუმელებს“ საბჭოში შესვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე პირმა თავად დაუდასტურა. მათ შორის არიან ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი. ზვიად ბურჭულაძე – არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელშეკრულებით მუშაობს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ საბჭოში მთავრობას არ წარმოადგენს.
ჩვენთვის ასვე ცნობილია, რომ საბჭოში შედიან: დავით კოპინაძე – მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა რამიშვილი მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი. ზაურ ახვლედიანი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
საბჭოში არ მიუწვევიათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ არცერთი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე ათ წელზე მეტია ქალაქის განაშენიანების, განსაკუთრებით კი კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობს.
საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო საკრებულოს ოპოზიციამ, ამაზე საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, დღეს კი გვითხრეს, რომ მერის ბრძანება ოფიციალურად გამოითხოვა და პასუხს ელოდება.