მთავარი,სიახლეები

არესტოვიჩის თქმით, ლიმანში ალყაშია რუსეთის 5 500-მდე ჯარისკაცი

01.10.2022 • 1679
არესტოვიჩის თქმით, ლიმანში ალყაშია რუსეთის 5 500-მდე ჯარისკაცი

დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა რუსი ოკუპანტებისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლონ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩი კონკრეტულ ვადებსაც ასახელებს – 2 დღეს.

არესტოვიჩი სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლიმანში მოწინააღმდეგის  2,5-დან 5,5 ათასამდე ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა დრეს, პირველ ოქტომბერს „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სრული მონაცემები არ არსებობს, ერთის [მონაცემის] მიხედვით, ის უკვე მთლიანად ალყაშია მოქცეული, მეორის მიხედვით – ისინი ინარჩუნებენ ზარეჩნოეს გავლით უკანდახევის შესაძლებლობას… მხოლოდ აღმოსავლეთით, მაგრამ ამ გზას სულ მცირე უკრაინელების საარტილერიო ცეცხლი აკონტროლებს. იქ ვითარება დინამიურად ვითარდება…“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.

არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ალყა – ეს ყოველთვის დამღუპველია“.

„ვფიქრობ, ერთ-ორ დღეში დავხურავთ ლიმანის საკითხს, გასაგებია, რომ ბრძოლები შეიძლება ჯერ არ დასრულდეს, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში გაჩერება, მაგრამ მისი [ქალაქის] ბედი უკვე გადაწყვეტილია. მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა.

ფოტო: War Mapper. ალყა ლიმანთან, პირველი ოქტომბერი

ფოტო: War Mapper. ალყა ლიმანთან 29 სექტემბერი

რუსეთის ჯარების მიერ ლიმანის აღების შესახებ პირველი ცნობები 26 მაისს გაჩნდა, რაც მოგვიანებით  დადასტურდა.

აგვისტოს ბოლოს უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა, თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლა.

___

გადამდგარი გენერლის, ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, „ლიმანზე გასვლით უკრაინელებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ ლუგანსკის მიმართულებაზე. გარდა ამისა, ლიმანს აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა – ეს აშორებს რუსების ძალებს უკრაინელების თავდაცვის კვანძს სლავიანკი-კრამატორსკის ხაზზე და ზრდის უკრაინელების თავდაცვითი რაიონის ფართობს. ამავე დროს, ლიმანის გათავისუფლება რუსებს ურთულებს აღმოსავლეთ დაჯგუფებაში ერთ-ერთი მომარაგების მიმართულებს.

ვინაიდან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიმანი უნდა აიღონ, სამხედროები ვალდებული არიან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მოიყვანონ სისრულეში. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან თუ რუსებმა ლიმანიც დაკარგეს, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ მიდის მათ სასარგებლოდ, დანაკარგებს განიცდიან. თანაც, ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან“.

გადაბეჭდვის წესი