მთავარი,სიახლეები

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

19.07.2022 • 2412
ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის.

ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, ვინც მას ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდა.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა. 20 წლის ვიყავი, ომში რომ წავედი, საავიაციო დაბომბვებშიც მოვყევი და შშმ სტატუსით დავბრუნდი შინო, გვიყვება ის.

6 ივლისს გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტისთვის ხვიჩა შაქარიშვილი 14 ივლისს დააკავეს. დაკავების ოქმის გრაფაში „დაკავების მოტივი“ ვკითხულობთ: „ხვიჩა შაქარიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოლიციის თანამშრომლის გამიზნულად, უხეშად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფებები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 14 ივლისს ხვიჩა შაქარიშვილი დაკავებულ იქნა…“ – აღნიშნულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.

დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც კანონის და გამოხატვის თავისუფლების დამცველი უნდა იყოს, არ განუმარტავს: რატომ ჩათვალა შსს-მ ფეისბუქპოსტი სამართალდარღვევად? შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს, დაიწყო თუ არა მოკვლევა ამ საქმეზე. უპასუხოდ დატოვეს კითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, სადაც სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს უნდა იძიებდნენ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გენინსპექციასაც ხვიჩა შაქარიშვილმა უკვე მიმართა.

ხვიჩა შაქარიშვილი გვიყვება, რომ ფეისბუქპოსტამდე, სადაც მან პოლიციელებს აგინა, რამდენჯერმე ჰქონდა კონფლიქტი პოლიციელებთან.

„პოლიციელებმა სტადიონიდან ჩემი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცეს და სცემეს“ 

„მაშინვე მივედი პოლიციაში და მოვითხოვე უფროსთან შეხვედრა, როცა ვნახე, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო,“ – ხვიჩა შაქარიშვილი დაახლოებით 2 თვის წინანდელ შემთხვევას გვიყვება, როცა, მისი თქმით, მისი შვილი – 16 წლის საბა პოლიციელებმა სცემეს.

„ფეხბურთის საყურებლად იყო სტადიონზე და იქიდან გაიტაცეს პოლიციელებმა, გატაცება ჰქვია ამას და არა დაკავება, როცა არაფერს გიმარტავენ, მშობლებს არაფერს ეუბნები, ბავშვს ძალით მანქანაში სვამ და განყოფილებაშიც არ გადაგყავს…

ჩემმა შვილმა თქვა, რომ სადღაც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე წაიყვანეს მანქანით, ხელბორკილები დაადეს… მცემდნენ, მირტყამდნენ, მაფურთხებდნენ, ხომ გითხარით, სტადიონზე არ უნდა შესულიყავიო…  მერე მანქანიდან ფეხი ჰკრეს და გადმოაგდეს.

სამი, თუ ოთხი საათის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს შემახვედრეს მთავარ სამმართველოში [ბათუმის პოლიციის უფროსი]. მან მითხრა, რომ მე თვითონ ვიყავი იქ, სტადიონზე, თქვენი შვილი არავის უცემია, უბილეთოდ იყო შეპარული, განვარიდეთ და მერე ისევ შეპარულაო.

ექსპერტიზა ჩატარდა, გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობაზე, მაგრამ არაფერი არ გამოუძიებიათ ამ დრომდე…“ – ხელს იქნევს უიმედობას ნიშნად ომის ახალგაზრდა ვეტერანი.

ხვიჩა შაქარიშვილის თქმით, მის არასრულწლოვან შვილს დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა

ხვიჩა შაქარიშვილის თქმით, საბა სკოლაში მეორე წელია აღარ დადის და მოზარდს რამდენიმე საქმეზე აქვს კონფლიქტი საგამოძიებო ორგანოებთან. ომის ვეტერანი საყვედურობს სკოლასაც, რომელმაც მისი შვილი სკოლის მიღმა დატოვა.

„ეს ის სკოლაა, რომლის ეზოშიც მარიხუანა იპოვეს დარგული და მოშენებული, გემახსოვრებათ…“ – დასძინა ხვიჩა შაქარიშვილმა.

  • „არასრულწლოვანის მშობელი ვარ-მეთქი და განერიდეთ აქაურობასო“ 

აგვისტოს ომის ვეტერანი სადარბაზოდან გვაჩვენებს, რომ მისი, ანუ ეკომიგრანტების და ომის ვეტერანების საცხოვრებელ კორპუსის მეზობლადაა პოლიციის მე-5 განყოფილება. იგი გვიყვება, რომ „სტადიონის საქმიდან“ რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციელებისგან ქუჩაში ითხოვდა განმარტებას, რატომ აკავებდნენ მის არასრულწლოვან შვილს.

„ვადასტურებ, რომ პოლიციელებს მივმართე უხეში სიტყვებით, რადგან გამოვედი მწყობრიდან. ვეუბნებოდი, რომ ვიცავდი ჩემს არასრულწლოვან შვილს, დამასწარით-მეთქი და განერიდეთ აქაურობასო… ომში წასვლამდე იურიდიულზე ვსწავლობდი, მართალია, სწავლის დასრულება ვერ მოვასწარი, მაგრამ ვერ მასწავლიან ესენი მე კანონს. გამოდის, რომ ჩემი შვილის დაცვისთვის მსჯიან…

პოლიციის თანამშრომელია ვინმე ლაბაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენა, საბოლოოდ დამაკავეს,“ – გვიყვება ხვიჩა შაქარიშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვიჩა შაქარიშვილს პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინდა და ის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ კი, ხვიჩა შაქარიშვილს ჯარიმა სიტყვიერი შენიშვნით შეუცვალა.

  • 14 ივლისს ფეისბუქპოსტის გამო საბავშვო ბაღში დამაკავეს, სადაც ვმუშაობ“ 

ხვიჩა შაქარიშვილი პოლიციელებმა 14 ივლისს ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში დააკავეს. ომის ვეტერანი ბაღის დაცვის თანამშრომელია.

„პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსმა მითხრა, ცენტრალური კრიმინალურ დეპარტამენტში როცა გადამიყვანეს, შენ ჩაჯ..ლი ვეტერანი ხარ, დედა მოტ..ლი ხარო, თურმანიძე მემუქრებოდა კიდეც, მე ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას და გაიღადავეს, ამას ბიძინასთან ხომ არ დავარეკინოთ პირდაპირო,“ – გვიყვება ხვიჩა შაქარიშვილი.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ვახტანგ თურმანიძეს ადანაშაულებენ მოქალაქისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მუქარაში: „ბათუმელები“ 2021 წლის ნოემბერში წერდა ალექსანდრე მეკეიძის შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში დაემუქრა ვახტანგ თურმანიძე.

„მეც მომიტაცეს, როგორც ჩემი შვილი, ასე გამოდის, არც უფლებები განმიმარტეს, არც სატელეფონო ზარის უფლება მომცეს, დაკავების ოქმიც, საია რომ ჩაერთო და 48 საათის მერე გამათავისუფლეს, მერე გადმომცეს. ეს არის პირდაპირ დევნა კრიტიკული აზრის გამო, რასაც ხშირად ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში.

ხვიჩა შაქარიშვილის დაკავების ოქმი, სადაც პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ მოქალაქე ფეისბუქპოსტის გამო დააკავეს

„როგორც მე ვიცავდი ჩემს სამშობლოს, მინდა ჩემმა სამშობლომაც დამიცვას… არ ვიცი, რას გააკეთებენ, არ მოგვივარდეს ვინმე, ვთხოვ ჩემს სახელმწიფოს ჩვენს უსაფრთხოებას,“ – გვითხრა ხვიჩა შაქარიშვილმა.

ხვიჩა შაქარიშვილი ბათუმში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახელმწიფო მას თვეში 450 ლარს უხდის, როგორც ომის ვეტერანს და „მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს“.

„საკონტაქტოზე ვიყავი დაახლოებით სამი თვე, როცა ომი დაიწყო და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, მაშინ 20 წლის ვხდებოდი,“ – საუბრის ბოლოს აგვისტოს ომის გახსენებაც ვთხოვეთ ომის ვეტერანს, – „წავედი ბრძოლის ველზე, უკან არ დამიხევია.

ცხინვალის მისადგომებთან ვიყავით, როცა საავიაციო დაბომბვა დაიწყო. მე მივიღე მწვავე კონტუზია, თავის ტვინის ბაროტრამვა, გორის ჰოსპიტალში ჩამიწერეს ასე,“ – დაასრულა ხვიჩა შაქარიშვილმა.

  • საია: „გენისპექცია აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას“

„გენინსპექცია აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს იცავს. მას ვკითხეთ, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქპოსტის შემდეგ გაკავებენ და გენინსპექცია მოკვლევასაც არ იწყებს?

პაატა დიასამიძის აზრით, გენინსპექციამ უნდა დაადგინოს პოლიციელთა „სამსახურებრივი დარღვევები“, რაც ამ საქმეში ცალსახად იკვეთება, რადგან შეუძლებელია, მაგალითად, ახსნა, როგორ აღკვეთეს სამართალდარღვევა [ფეისბუქპოსტი სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო], როცა ის დაკავებამდე ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა?

„სამწუხაროდ, დღეს სასამართლო არ განიხილავს, რამდენად კანონიერი იყო დაკავება. სასამართლომ მხოლოდ ის უნდა შეაფასოს, იყო თუ არა სამართალდარღვევა ხვიჩა შაქარიშვილის ფეისბუქპოსტი,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ ხვიჩა შაქარიშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ომის ვეტერანს შეეძლება დაკავება უკანონოდ მიიჩნიოს და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს შსს-ს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ზიანის ანაზღაურება ითხოვა სასამართლოში თამარ კურატიშვილმა 2022 წლის აპრილში, იგი მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და სუს-ის წინ აქციაზე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ვიდეოს იღებდა. თამარ კურატიშვილი სასამართლომ გაამართლა, თუმცა საქმე ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 თვით გადაუდია თემურ გორგაძის სარჩელის განხილვაც, ის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და ისიც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ უკანონოდ დააკავეს. თემურ გორგაძეც სუს-ის წინ დააკავეს საპროტესტო აქციაზე.

2022 წლის 16 მარტის განჩინების მიხედვით, მოსამართლე კობა გოცირიძემ თემურ გორგაძის სარჩელი დასაშვებად ცნო, თუმცა იქვე აღნიშნა: „საქმის განხილვის ვადა გაგრძელდეს 5 თვემდე“.

„ეს აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რომელიც დაჩქარებული წესით უნდა განიხილებოდეს… ჩანს, როგორი მიდგომაა ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

„ბათუმელებმა“ დაკავშირება სცადა ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილების ხელმძღვანელთან. ვახტანგ თურმანიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: