ნეტგაზეთი • RU

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც აჭარის მთავრობის გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც უნდა ყოფილიყო, გამოკეტილი შენობა დაგხვდებათ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, შენობაში კი ჯერ არც ყინულის არენაა გაკეთებული და არც აუზი. აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს. ყინულის არენის და საცურაო აუზის ასაშენებლად, ჯამში, ბიუჯეტიდან 19 990 002 აშშ დოლარი [მაშინდელი კურსით დაახლოებით 50 მილიონი ლარი] გამოყვეს. მშენებლობისთვის კომპანია Westincor Limited-ს ხელშეკრულება პირდაპირი წესით 2018 წელს გაუფორმეს.

„ვერ შეგიშვებთ,“ – კატეგორიულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც მთავარ შესასვლელთან დაგვხვდა. შენობას რამდენიმე კარი აქვს, ჭუჭრუტანებიდან მხოლოდ რამდენიმე დაშლილი ხის დაფა მოჩანს ერთმანეთში არეულ-დარეული. შესასვლელთან ამოსული ბალახის სიმაღლეც აჩვენებს, წელს რომ ამ ობიექტისთვის არავის მოუცლია.

„რომც შეგიშვათ, სანახავი არც არაფერია,“ – დასძენს დაცვის თანამშრომელი და ხელების მოძრაობით გვაჩვენებს, რომ იქ არაა ყინულის მოედანი, აუზი – მით უმეტეს: „ზოგჯერ მოდიან, დაათვალიერებენ და მიდიან, დამთავრდა. 8 თვეა აქ ვმუშაობ, მეტი არაფერი ხდება.“

ყინულის არენა და ახალი ყინულის არენისთვის აშენებული კონსტრუქცია. ახალი ყინულის მოედნისთვის და საცურაო აუზისთვის 2018 წელს თითქმის 20 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. მას შემდეგ, რაც ახალი ყინულის არენა გაიხსნებოდა, არსებული ყინულის სახლი უნდა დაეშალათ და მის ნაცვლად უნდა მოეწყოთ საცურაო აუზი.

იქ, სადაც ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა დაგხვედროდა, მხოლოდ გამოკეტილი შენობაა, რაშიც ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარია დახარჯული.

ეს უნდა ყოფილიყო ახალი ყინულის მოედნის შესასვლელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ ყინულის არენა და საცურაო აუზი მართლაც ვერ მოეწყო და ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და პროექტის ღირებულება სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება,“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის შემდეგ მოგვაწოდეს.

დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რაში გადაიხადა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ [ეს შპს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის] 29 მილიონ 150 ათას 449 ლარი. გასულ წელს თვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც კი მიიჩნევდა, რომ კომპანიამ Westincor Limited-მა სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების [საქართველოს კანონმდებლობის] შესაბამისად. ამის გამო კი, სამინისტროს ინფორმაციით, ავანსად გადახდილი 9 მილიონ 659 ათას 968 ლარიც სრულად უკან დაიბრუნეს.

ობიექტს Westincor Limited აშენებდა, კანადური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმეს, შემდეგ კი შეუწყვიტეს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ის ხელშეკრულებას ასრულებდა, თუმცა 29 მილიონის აღება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

სამინისტრო დავის ნაცვლად კომპანიას მოურიგდა და თანხის გადახდას დასთანხმდა.

  • რა ხდებოდა დავის დაწყებამდე? 

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა არ დაუსრულებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის აჭარის მთავრობამ მაინც ვერ მოასწრო 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

მაშინ გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ [ძველ ყინულის სასახლეს კი დაშლიდნენ].

ახალი ყინულის არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.

ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.

მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.

ასე გამოიყურებოდა ყინულის არენას შენობის ინტერიერი 2018 წელს, როცა აქ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ყინულის არენად დაწყებული და ამ დრომდე დაუსრულებელი ობიექტი ლ. ასათიანის 27-ში / 26.09.2022

  • რა ჩანს დოკუმენტებიდან? 

მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის პირველ აპრილს შეწყდა, 2021 წლის 17 დეკემბერს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა Westincor Limited – ისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ  კომპანია აპირებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.

„პირველი ფაზის მშენებლობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება თქვენს მიერ დღემდე არ განხორციელებულა… ნებისმიერი მოსაზრება იმის შესახებ, რომ Westincor-მა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები მცდარია, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ხელშეკრულების პირობები, ხარჯთაღრიცხვის შეფასების მოქმედი რეჟიმი და საქართველოს მთავრობის 52-ე და 55-ე დადგენილებები.

თქვენ არა მხოლოდ არ გადაიხადეთ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საპროექტო მომსახურების საფასური, რამაც არ მოგვცა საშუალება მიგვეღო კუთვნილი თანხა, ასევე უსაფუძვლოდ იქნა გამოთხოვილი ხელშეკრულების შესრულების და წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის გარანტიები, რამაც განგვაცდევინა მნიშვნელოვანი დანაკარგები,“ – აღნიშნულია Westincor Limited-ის წერილში.

ამავე წერილით კომპანია სამინისტროსგან 2020 წლის ინვოისით გათვალისწინებული 11 281 547 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვას ითხოვდა.

„Westincor Limited“ იქვე მიუთითებდა ანალოგიურ დავაზე საქართველოს მთავრობასთან, როდესაც კომპანია „Behlen Industries LP“-მა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო შპს „სპორტმშენსერვისს“ [სახელმწიფო შპს, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდების სამინისტროს მმართველობაშია – ავტ]. „Westincor Limited“-ი ახსენებდა აჭარის ფინანსთა სამინისტროს, რომ ტექნიკური აღჭურვილობა თავადაც სწორედ Behlen Industries LP“-ისგან შეიძინა.

„დავის ძირითადი ნაწილი შეეხებოდა Behlen Industries LP-ს მიერ წარმოებული ფოლადის დიდმილიანი მოდულური კონსტრუქციის ე.წ ,,კაფსულის“ მიწოდების და მონტაჟის ღირებულებას…

აღნიშნული გამოცდილების და საქმის ანალოგიურობის გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დავის დაწყების შემთხვევაში მოვიგებთ მოცემულ საკითხზე ნებისმიერ საარბიტრაჟო საქმისწარმოებას, რომელიც იძულებული შეიძლება გავხდეთ დავიწყოთ თქვენს წინააღმდეგ ამ საქმეზე,“ – ეწერა Westincor Limited -ის წერილში.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო არც გასული წლის დეკემბერში და არც ახლა არ ასაბუთებს, რატომ არჩია მორიგებაზე წასულიყო კომპანიასთან, თუკი მიიჩნევდა, რომ ამ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობები არ შეასრულა.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ კომპანიისთვის 29 მილიონის ჩარიცხვამდე მიიჩნევდნენ, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და „ასევე ხარჯთაღრიცხვის მონაცემები არ იძლევა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე“.

 

ესკიზის მიხედვით ასეთი უნდა ყოფილიყო ყინულის არენა ბათუმში. პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო

  • რატომ ჩაურიცხეს კომპანიას 29 მილიონი, როცა ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამინისტრო თვლიდა, რომ თანხა საერთოდ არ უნდა გადაეხადა? – მინისტრის პასუხი

„როდესაც ოლიმპიადა გაიმართა ჭადრაკში, სულ ორი შენობა იყო და ერთ-ერთი შენობა სწორედ „ვესტინკორის“ მიერ იყო აშენებული, მათ შორის, განათებები, კონსტრუქციული ნაწილი, გაგრილების სისტემა…“ – ამ ჩამონათვალით სცადა აეხსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ის, თუ რაში გადაიხადა ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი, როცა პროექტით გათვალისწინებული და 2019 წელს დასამთავრებელი ყინულის არენა და საცურაო აუზი ბათუმში არ მოუწყვიათ.

ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, სამინისტრომ არჩია მორიგებაზე წასვლა, რადგან კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უპირებდა ჩივილს. მინისტრმა ვერ გვითხრა, რატომ გაუწია ანგარიში ამ მუქარას, თუ ის მანამდე კანონის დაცვით მოქმედებდა.

„ჩვენ გავაფორმეთ მორიგების ხელშეკრულების გაფორმება იმიტომ, რომ არ მომხდარიყო საერთაშორისო დონეზე დავა, რასაც დამატებით თანხები დასჭირდებოდა… ჩვენ მოვურიგდით კომპანიას, რომ ავუნაზღაურებდით მხოლოდ და მხოლოდ იმ თანხას, რაც კომპანიამ შეასრულა… მანამდე იყო რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებოდით კომპანიასთან, გავწყვიტეთ ხელშეკრულება და მიდიოდა პროცედურები იმისთვის, რომ მომხდარიყო შესაბამისი დავის დაწყება. ამ პროცედურის ფარგლებში მოვახდინეთ კომპანიასთან მორიგება, შევთანხმდით იმაზე, რომ ავუნაზღაურებდით თანხას, რის სამუშაოებიც განახორციელეს.

მათ უნდა წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია. როგორც კი, წარმოადგინეს ეს დოკუმენტაცია, ჩვენ ეს ავუნაზღაურეთ,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წარმოადგინა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია.

თუ ეს ასეა, მაშინ რის გამო აღარ განაგრძობს ამ პროექტს კომპანია Westincor Limited? – „აღარ გვინდოდა ამ პროექტის გაგრძელება ვადებიდან გამომდინარე,“ – მოკლედ გვიპასუხა ამ კითხვაზე მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

რა დოკუმენტაცია წარმოადგინა კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რამაც გადააწყვეტინა სამინისტროს, რომ კომპანიისთვის 29 მილიონი უნდა გადაეხადა?

„ეს საჯარო ინფორმაციაა, ეკონომიკის სამინისტროს არ გვქონია დარღვევა და შეფერხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, რომელსაც შევახსენეთ, რომ ყინულის არენის საქმეზე საჯარო ინფორმაცია მას შემდეგ მივიღეთ, როცა ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, რადგან კანონით განსაზღვრულ ვადებში საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

„საკითხი არის ვესტინკორნი, თუ საჯარო ინფორმაციის მოწოდება? თქვენ ინფორმაცია გჭირდებათ?… თუ ჯერ არ მოუწოდებიათ, აწი მოგაწვდით,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

საჯარო ინფორმაცია და ყველა სამართლებრივი აქტი ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 28 ივნისს გამოითხოვა. მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს ადმინისტრაციული საჩივრით 21 ივლისს მივმართეთ, რადგან კანონით განსაზღვრულ დროში საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. საბოლოოდ, საჯარო ინფორმაცია 25 ივლისს მოგვაწოდეს.

თუმცა საჯარო ინფორმაციით არ მოგვაწოდეს ის დოკუმენტი, რაზეც ჯაბა ფუტკარაძე საუბრობს – რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წარადგინა ისინი კომპანიამ. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც დაადასტურებდა კომპანიისთვის Westincor Limited-თვის 29 მილიონის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს: ვინ შეაფასა შესრულებული სამუშაოები? რა ახალი დოკუმენტები წარმოადგინა კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მოეწოდებინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მინისტრის ნათქვამს. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ხელახლა უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია.

აქ ასევე არ გვიპასუხეს კითხვაზე: რა დაჯდება ყინულის არენა და საცურაო აუზი ამჯერად? – ტენდერი უკვე დასრულდა ახალ საპროექტო ხარჯთაღრიცხვაზე.

პასუხგაუცემელი დარჩა კიდევ ერთი კითხვაც: რატომ არ გამოცხადდა ტენდერი 2022 წლამდე, როცა ხელშეკრულება Westincor Limited-თან 2020 წლის აპრილში შეწყდა და საქმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სივრცის მოწყობას ეხებოდა ბიუჯეტის ხარჯზე?

  • რა ეტაპზეა ახლა ყინულის არენის და აუზის მშენებლობა? 

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელმაც [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით] 30 მილიონამდე უკვე დაიხარჯა, ამჯერად პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელახლა შეისყიდა, რაშიც დამატებით 719 ათას 800 ლარი უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანია BWC-ისთან გაფორმდა 2022 წლის მაისში.

ამ ახალი პროექტით უნდა აშენდეს ყინულის არენა და საცურაო აუზი ლ. ასათიანის 27-ში.

  • „მიმდინარე ეტაპზე შესყიდვის ობიექტი, კერძოდ ყინულის არენა წარმოადგენს დაუსრულებელ მშენებლობას, სადაც დასრულებულია ყინულის არენის შენობის ძირითადი ლითონის კონსტრუქციები, ცალკეული რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. ასევე მოწყობილია სპორტული განათება, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, კვამლგამწოვის სისტემების ნაწილი. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს დაუსრულებელი მშენებლობის დეტალური აღწერა-შესწავლა;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი,“ – აღნიშნული იყო საკონკურსო დოკუმენტაციაში.

ყინულის არენა დღეს – 2022 წლის 26 სექტემბერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი