განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე

22.07.2022 • 11927
სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. მიმოზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, თანამდებობიდან მაინც გაუშვეს. კითხვაზე – „რატომ?“ – მას პასუხი დღემდე არ მიუღია. გოგაშვილის ფაილებში დირექტორების დოსიეების მოხვედრამ კი მას დამატებითი კითხვები გაუჩინა.

როგორია ასწავლო სკოლაში, სადაც სისტემა დირექტორებს აკონტროლებს და როგორ შეიძლება იბრძოლო თავისუფლებისთვის? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მიმოზა, როცა ბოლოს გესაუბრეთ, გქონდათ უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ 2020 წელს თანამდებობა თქვენი წარმატებების მიუხედავად მაინც დაგატოვებინეს. როცა სუს-ის დოსიეების შესახებ წაიკითხეთ, სადაც ეწერა, თუ ვინ უნდა დაეტოვებინათ სკოლის დირექტორად და ვინ არა, რა განცდა დაგეუფლათ?

დიახ, გუშინ პირველად ვნახე ეს დოკუმენტები. არ მეგონა თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, მაგრამ აბსოლუტური შოკი მივიღე, დიდხანს ვერ ვაანალიზებდი ამ ყველაფერს. შემდეგ ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, იმ 112 დირექტორიდან ნეტა მე რომელ კატეგორიაში ვიყავი მეთქი. კომპეტენციას ვერ დამიწუნებდნენ, ანუ სხვა კატეგორიაში ვიქნებოდი, ალბათ.

  • როგორც ფიქრობთ, თქვენ რის გამო შეიძლება ყოფილიყავით სისტემისთვის მიუღებელი?

რა თქმა უნდა, მე ჩემი შეხედულებები მაქვს ზოგადად ქვეყნის პოლიტიკის მიმართ და  პოლიტიკური პარტიების მიმართაც, თუმცა ამ შეხედულებებს თავზე არავის ვახვევ. არ ვიცი, რატომ ვიყავი მიუღებელი, იმდენად აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით, რომელ კატეგორიაში შეიძლება ვყავდი სუს-სს მოაზრებული.

  • იმ დოკუმენტის მიხედვით, გამოდის რომ სუს-ი წყვეტს ვინ უნდა დაინიშნოს სკოლის დირექტორად და ვინ არა. ვინ მოსწონს პარტიას და ვინ არა. შეიძლება ვენდოთ სკოლას, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიშნავს ხელმძღვანელს?

იცით, მე გამიჩნდა განცდა, რომ როცა ამ დოკუმენტს მოქმედი დირექტორები ნახავენ, კიდევ უფრო მეტად არ შეშინდნენ, კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ არ მოექცნენ. არ მინდა რადიკალური ვიყო, მაგრამ უფრო მეტად მორჩილები არ გახდნენ.

მაგრამ ფაქტია, რომ ეს სისტემა არ ანებებს სკოლას თავს და ყველაფერი აქეთ უნდა წავიდეს, რომ სკოლა გათავისუფლდეს ყველანაირი ზეწოლისგან, ძალოვანი სტრუქტურების კონტროლისგან.

მე როცა არ გადამიყვანეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა უმრავლესობა დირექტორებისა დატოვეს თანამდებობაზე, მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა, – „რატომ?“. იგივე კითხვა ჰქონდა 210 მშობელსაც, რომლებიც სამინისტროში გაგზავნილ განცხადებას აწერდნენ ხელს. ითხოვდნენ, „დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ და მათ ამ კითხვაზე დღემდე არ მიუღიათ პასუხი.

როცა ამას ხედავს ბავშვი, მოსწავლე, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება მასზე. ნდობა ეკარგებათ. სად არის მაშინ აქ გამჭვირვალობა და დემოკრატია?!

  • სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ. თუკი რომელიმე უფროსკლასელი წაიკითხავს სუს-ის ფაილებს, ხომ შეიძლება გკითხოთ – თქვენ, მასწავლებლები, გვესაუბრებით უფლებებზე, გვასწავლით, რომ უნდა ვიყოთ მებრძოლები, მამაცები,  როგორ გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, ამ დროს, არაფერს აკეთებთ საკუთარი თავისუფლებისთვის. რას იტყვით ამაზე?

მე მისვამდნენ ჩემი მოსწავლეები კითხვას – „რატომ მიდიხართ?“

მე ვთვლი, რომ არ გავჩუმებულვარ, ხმამაღლა ვთქვი ჩემი სათქმელი და თუ ასე არ მოვიქცეოდი, ვეღარ შევხედავდი ჩემს მოსწავლეებს თვალებში. დუმილი იქნებოდა დანაშაულის ტოლფასი. მაშინ როგორ უნდა ველაპარაკო მათ სწორ ღირებულებებზე, თუკი გავჩუმდები.

მე ჩემი სათქმელი ვთქვი საქართველოს გასაგონად, ჩემი მოსწავლეების გასაგონად, ამიტომ მე მათ სუფთა თვალებით ვუყურებ. რომ გავჩუმებულიყავი, დავდუმებულიყავი, ხმა არ ამომეღო, პროტესტი არ გამომეხატა, მაშინ გასაგებია.

  • 60 ათასი მასწავლებელი ხართ ამ ქვეყანაში, რეალურად, დიდი ძალა გაქვთ ხომ?! როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მაინც სკოლა სისტემის წინააღმდეგ გაერთიანებას, რატომ არ შეუძლია პარტიულ დავალებებზე თქვას „არა“?

ეს კითხვა მეც ბევრჯერ დამისვამს ჩემი თავისთვის, შიდა საუბრებში ჩემი კოლეგებიც გამოხატავენ ხოლმე თავიანთ აზრს, უკმაყოფილებას, მაგრამ ხმამაღლა მაინც უჭირთ ამაზე საუბარი.

  • რა აშინებთ მასწავლებლებს, უღირთ თავისუფლების დაკარგვა ხელფასის გამო?

მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, რადგან მე პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე ის, თუ როგორი შეიძლება იყოს ღალატი, როგორია იმედგაცრუება, როგორია ცილისწამება, ამიტომ მე ვერავის ვერაფერს მოვთხოვ. ალბათ მაინც უნდა დადგეს დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ პრობლემებზე ღიად საუბარი.

სისტემურად უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ძირეული ცვლილება თუ არ მოხდა და სკოლები არ გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან, თუ არ მიეცათ თავისუფლება სკოლის ხელმძღვანელებს გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაფერი ასე დარჩება.

  • თუ პედაგოგები არ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, სისტემა რატომ გაგათავისუფლებთ?

არ ვიცი, ალბათ არ არიან მზად დღეს მასწავლებლები ამ ბრძოლისთვის.

  • მაშინ როგორ გაზრდიან ისინი თავისუფალ თაობას, რას ეტყვიან ბავშვს – მე მჩაგრავენ, მაგრამ შენ უნდა იბრძოლო თავისუფლებისთვის? ვის მაგალითზე დააჯერებენ ამას?

ეს ძალიან ინდივიდუალურია. მე, პირადად, როგორც ერთი მასწავლებელი, ამას ვცდილობ, ამისთვის ვიბრძვი და იმედი მაქვს, რომ ჩემ წვლილს შევიტან იმაში, რომ მოსწავლეები თავისუფლები გაიზარდონ და არასდროს არავის მორჩილი მონები არ იყვნენ.

ბუნებრივია, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ხვდები, ეს უკვე გიზრდის პასუხისმგებლობას, რადგან ამ მასწავლებლებს რაღაცნაირად, იმედის თვალით შეჰყურებს საზოგადოება, მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ძირეული ან რაღაც ტიპის ცვლილებები მაინც შეიტანონ განათლების სისტემაში.

მე ბევრ მასწავლებელს ვიცნობ, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ თავიანთი მოსწავლეებისთვის, თუნდაც სკოლების დეპოლიტიზირებისთვის და ეს მნიშვნელოვანია. მეც მომეცა უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიფიქრო ამ პრობლემებზე, რადგან 2020 წელს, მე პირადად  უდიდესი დარტყმა მივიღე სისტემისგან.

მასწავლებელი მოდელი უნდა იყო ბავშვებისთვის. თუ შენ ვერ აკეთებ, მაშინ როგორ ასწავლი. არ გაქვს უფლება ელაპარაკო დემოკრატიაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, თუ შენ თვითონ არ შეგიძლია ამ ყველაფრის დაცვა.

  • რას ანიჭებთ ხოლმე სწავლების დროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას?

იცით, დირექტორობა წარმავალია. დღეს ხარ, ხვალ არა. მთავარია დარჩე ადამიანად და აკეთო საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.

როცა პირველად სოფელ ხიდისთავის სკოლაში მოვედი დირექტორად, საათები არ მქონდა. სულ მაკლდა რაღაც, მქონდა დისკომფორტი, თავიდან ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ბავშვებთან ურთიერთობა და საგაკვეთილო პროცესი მაკლდა.

მასწავლებლისთვის  მთავარია, უყვარდეს ბავშვი. ეს არის ყველაზე მთავარი პირობა, განურჩევლად იმისა, როგორი მოსწავლეა, როგორი აკადემიური მოსწრება აქვს, როგორი სოციალური ფენიდანაა, როგორი ქცევისაა. ყველაზე ცელქია და იკლებს კლასს თუ არა. ბავშვები კატეგორიებად არ უნდა დაყო, მათთან ინდივიდუალურად უნდა გამონახო საერთო ენა.

  • როგორ ახერხებთ ამას? ეს უნარია თუ მოწოდება?

მე სულ მაქვს ეს განცდა, რომ მასწავლებლებად იბადებიან. ალბათ აღზრდასაც აქვს რაღაც გავლენა, რადგან მე, პირადად, უაღრესად თბილ ოჯახში გავიზარდე, ზაფხულობით 12 ბავშვი ისვენებდა ჩვენს სახლში და ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა.

  • თქვენი საგანი ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლის. როგორ მუშაობთ ამ საკითხებზე ბავშვებთან?

სულ ვამბობ ხოლმე, რომ მოწამლული ვარ ამ საგნის სწავლებით, იმიტომ, რომ შესაძლებლობა მომცა ბავშვებთან ერთად მეკეთებინა ბევრი საქმე.

პირველ რიგში, მინდა სწორი ღირებულებების მატარებელი თაობა გავზარდო. მინდა ტოლერანტები იყვნენ, შეეძლოთ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა, განსხვავებულის მიმღებლობა ჰქონდეთ, გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა ისწავლონ, ეს ყველაფერი კი ქმნის პირობას, რომ შემდეგ ბავშვებმა ცხოვრებაშიც გამოიყენონ ეს ცოდნა.

ცხოვრება არ არის მარტივი, სირთულეებითაა სავსე, ვეუბნები, რომ ექნებათ წარმატება, წარუმატებლობა, იმედგაცრუებაც და მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები მზად იყვნენ ამისთვის.

  • შეგიძლიათ კონკრეტული ამბები მოგვიყვეთ, თუ რას ნიშნავს ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება?

ჩემი ძლიერი მხარე, ვფიქრობ ფორმალურთან ერთად, არაფორმალური განათლებაა. ამ ეტაპზე 6 კლუბი მაქვს, შევქმენით თეატრალური დასი „ნატვრის ხე“, სადაც ბავშვები სიმულაციებით და თეატრალური მეთოდებით ცდილობენ სამოქალაქო განათლების გაძლიერებას. ამ თემაზე ბერლინშიც ვიყავი, სადაც საოცარი გამოცდილება მივიღე. თავად შევქმენით სიმულაცია, ინსცენირებები, სპექტაკლები, ახლაც გვაქვს ზაფხულის სკოლა და გავდივართ რეპეტიციებს.

ბავშვებმა თვითონ შექმნეს ინსცენირება ნაადრევ ქორწინებაზე და კარგად აჩვენეს, თუ რა პრობლემებს იწვევს ეს, რომ ბავშვები განათლების მიღმა რჩებიან ასეთ დროს, ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ორგანიზმი არ არის მზად შვილოსნობისთვის და ასე შემდეგ. საინტერესოა ისიც, რომ ბავშვებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს ამ თემაზე და სიურპრიზად მაჩვენეს.

სკოლაში შექმნილი გვაქვს ეკო თოჯინების თეატრიც და გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურ წიგნიერებას და გარემოს დაცვას ვასწავლით, ამზადებენ თოჯინებსაც, თავად ქმნიან სცენარებს და თავადვე ასახიერებენ. ამ ცოდნას კი უზიარებენ სხვა ბავშვებს და სტუმრებსაც.

ბავშვთა უფლებების თემაზე პირველი პრემია მივიღეთ, მოვიწვიეთ მშობლებიც და ვაჩვენეთ ჩვენი სპექტაკლები. აი, ამას ჰქვია ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება.

ნარჩენების მართვაზეც მინდა გითხრათ. იცით, რომ სოფელში ვცხოვრობთ და აქ ხშირია შემოდგომაზე ფოთლების დაწვა, რაც ძალიან მავნეა როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ერთხელ მოირბინეს ბავშვებმა და მითხრეს, ერთი კაცი წვავდა ფოთლებს და ავუხსენით, რომ ეს მავნეაო. იმ კაცმა უთხრა – თქვენ ვინ გეკითხებათო. ბავშვებმა კი უთხრეს, რომ ვსწავლობთ და ვიცით, ამიტომ გეუბნებით და სხვათა შორის, ჯარიმაცაა 500 ლარი ფოთლების დაწვაზეო. ასე ცდილობენ ბავშვები მიღებული ცოდნის გამოყენებას და გაზიარებას.

  • ჩვენთან ხშირად გაიგონებთ ხოლმე გამოთქმას – „პოლიტიკაში არ ვერევი“. როგორც ვიცით, სამოქალაქო განათლება მოიცავს ისეთი თემების სწავლებას, როგორიცაა დემოკრატია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მართვა და ასე შემდეგ. როგორ უხსნით ხოლმე იმას, თუ რატომ არის პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილი და რატომ უნდა ვიყოთ თანამონაწილე ყველა პროცესის, რაც ჩვენ გვეხება?

რა თქმა უნდა, ისწავლება ეს საკითხები. დემოკრატიული მმართველობა, ერთ-ერთი საკითხია სასწავლო მასალაში. ბავშვებს ვუხსნი, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და ისინი, ვისაც ხელისუფლებაში ვირჩევთ, ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.

ვასწავლი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემით არ სრულდება და აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მთავრობას იმის ანგარიში, რაც დაგვპირდნენ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლება მათ უნდა ემსახუროს და არა პირიქით და რომ „პოლიტიკაში არ ვერევი“ – ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია.

ბუნებრივია, მასწავლებელი გაკვეთილზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიას არ უნდა ახვევდეს თავს, რადგან ეს დანაშაულია, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეები, აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში – ეს უნდა იცოდნენ ბავშვებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: