განათლება,მთავარი,სიახლეები

დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

30.09.2022 • 6850
დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განაცხადა დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

მისი თქმით, სკოლის დირექტორმა სასწავლო რესურსების გამოყენების დროს დაარღვია კანონმდებლობა. საუბარია, სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოების დროშების სტიკერების გვერდით რუსეთისა და აფხაზეთის დროშის სტიკერიც იყო განთავსებული.

მინისტრის თქმით, დირექტორმა სტენდზე აფხაზეთის დროშის სტიკერი განათავსა, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სტენდზე აფხაზეთის სტიკერიც იყო განთავსებული გარკვეული პერიოდით, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, მიუღებელი ჩვენი კონსტიტუციით. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული და აღნიშნული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისი თქმით, სკოლის დირექტორის მხრიდან რამდენიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა სხვა დარღვევების შესახებ ის დეტალებს არ აკონკრეტებს.

„აქ რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად და მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ჩვენ შევისწავლეთ, თუ ვინ დაამზადა სტიკერი და როგორ მოხდა მისი სასკოლო სივრცეში განთავსება.

მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას.

სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე, ვსაუბრობთ ბავშვების მომავალზე და აქედან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს მინისტრი.

გუშინ TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის მეშვიდე სკოლის ფოიეში კედლიდან მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც დირექტორმა მოსწავლის წინააღმდეგ სანქციები გაატარა. TV25-მა მოგვიანებით, ინფორმაციის დაზუსტებაში დაწერა, რომ სკოლაში ჩამოხიეს არა რუსეთის, არამედ აფხაზეთის დროშა.

„ბათუმელებმა“ მეშვიდე სკოლაში ინფორმაცია გადაამოწმა გადაწყვეტილების მიმღებ ერთ-ერთ ინფორმირებულ პირთან. მას ვკითხეთ, ნამდვილად აფხაზეთის დროშის სტიკერი ჩამოხია მოსწავლემ სტენდიდან, თუ რუსეთის? მან თქვა, რომ „ნამდვილად რუსეთის დროშა იყო“.

„ეს სტენდი გავაკეთეთ სექტემბერში, სწავლა რომ იწყებოდა, შევუკვეთეთ. საქართველოს დროშა იყო შუაში და მსოფლიოს დროშები იყო ირგვლივ. 180 დროშა იყო გაკრული, პირადობის მოწმობებისხელა იყო ეს სტიკერები. სასწავლო პროცესი რომ დაიწყო, ხომ იცით, დავრბოდით იქეთ-აქეთ და არ მიგვიქცევია ყურადღება.

სტენდი მოიტანა ერთ-ერთმა სტამბამ, ვერ გეტყვით რომელი სტამბაა. შეგნებულად, ან დირექტორი, ან სასწავლო ნაწილი მაგას ვერ გააკრავდა. რომ შეგვემჩნია, ჩვენ მაგას დავუშვებდით და გავაკეთებდით? იმ სტენდთან არაერთხელ ჩამივლია, მაგრამ რომ გავჩერებულიყავი და წამეკითხა რამე, არა. ყველა დროშაზე იყო წარწერა, მაგრამ აქამდე არ წამიკითხავს, გუშინ წავიკითხე მხოლოდ ამ ამბების შემდეგ.

დამიჯერეთ, აქ აფხაზეთის დროშაზე არ ყოფილა ლაპარაკი, ბავშვმა ჩამოხია რუსეთის დროშა და საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლის ინვენტარი რატომ დააზიანეო. ან გარიცხვაზე, ან რამეზე ლაპარაკი არ ყოფილა“, – ამბობს აღნიშნული პირი.

მისი თქმით, რუსეთის დროშის სტიკერი სტენდიდან მეთერთმეტეკლასელმა ჩამოხია.

„ბათუმელებმა“ საკითხის დაზუსტების მიზნით დამატებით მიმართა აჭარის განათლების სამინისტროს, სადაც დაადასტურეს, რომ მოსწვლემ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში ნამდვილად რუსეთის დროშის სტიკერი ჩამოხია.

TV25-ის ინფორმაციით, დირექტორი სავარაუდოდ მოსწავლის მშობელზე ზეწოლას ახდენდა, რომ მას ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა.

მინისტრი არც ამას ადასტურებს და არც მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ბავშვის მშობელს არ დაუდასტურებია სკოლის დირექტორის მხრიდან ზეწოლის ფაქტი, თუმცა მოკვლევა გაგრძელდება“, – თქვა მაია ხაჯიშვილმა.

მოქმედი კანონმდებლობით, სკოლის დირექტორს აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტზე სამეურვეო საბჭო მხოლოდ არჩეული დირექტორის შემთხვევაში მსჯელობს.

„ბათუმელებმა“ სცადა მეშვიდე სკოლის ყოფილ დირექტორთან, შორენა ქონიაძესთან დაკავშირება. მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, რომ შორენა ქონიაძე არ იყო არჩეული დირექტორი, ამიტომ მინისტრს ერთპიროვნულად შეეძლო მისი გათავისუფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: