მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიაში არ იციან, რამდენი მეორადი ფილა აქვთ და არც სხვა ქონებას აღრიცხავენ 

30.09.2022
ბათუმის მერიაში არ იციან, რამდენი მეორადი ფილა აქვთ და არც სხვა ქონებას აღრიცხავენ 

ბათუმის საკუთარი ქონება ისევ არ აქვს აღწერილი და ეს ქონების მართვის სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე დაადასტურა. დავით კოპინაძის ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია და გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მერიამ გადაწყვიტა შესაბამისი მომსახურება ტენდერით შეისყიდოს.

ქონების აღწერასთან დაკავშირებული მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას მოყვა. მერიამ ნუსხაში ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც გასაყიდად გაიტანს გრანიტის მეორად ქვაფენილს და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ დაძველებულ ავტომანქანებს.

საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი დაინტერესდა, იცის თუ არა მერიამ ზუსტად რა ოდენობის მეორადი ფილა აქვს განთავსებული საწყობში. ქონების მართვის სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ დაზუსტებულ ციფრს ვერ დაასახელებს:

„ეს არ არის დღეს და გუშინ შესყიდული, რომ ზუსტი რაოდენობა გითხრათ. ეს წარმოადგენს მეორად ფილებს და მისი ამოღება ხდება ტექნიკის საშუალებით, შემდეგ კი გადააქვთ საწყობში.“

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ქონება აღწერილი უნდა იყოს. მათ მეორადი ფილების ქალაქისთვის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

რეზო ხარაზმა თქმითვე, ის ფლობს ინფორმაციას, რომ „ვიღაცებს ეს ფილები ეზოებში აქვთ დაგებული.“

„ეს არის სახელმწიფო ქონება ამას ნებისმიერი სხვა ქალაქი იყენებს, შეიძლება აღარც ვარგა არაფრად, ხომ უნდა ვიცოდეთ. ვიღაცებს სახლებში აქვთ წაღებული და დაგებული და ამას ვნახავთ ამ დღეებში აუცილებლად. მე ძალიან მინდა, სანამ რაღაცის გაყიდვას დავაპირებთ, მანამდე ვიცოდეთ, რა რაოდენობაა. ამას მერია არ აკეთებს, ამიტომ ვაპირებ მივმართო აუდიტს, შეისწავლოს ქონების შესაძლო დატაცების ფაქტები“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

კოლეგების მოსაზრებას „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე დაეთანხმა:

„ერთხელ ჩატარდეს სერიოზული ინვენტარიზაცია და შემდეგ არსებობს პროგრამები, რომლითაც მარტივად გაკონტროლდება ეს პროცესი. მარაგების ნაშთების პროგრამები მაქვს მხედველობაში.“

მერიის ბალანსზე არსებული ქონების აღწერის აუცილებლობაზე 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გამოაქვეყნა. აუდიტი წერდა, რომ  მერიას რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე მას [აუდიტს] არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის სიზუსტე და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური არსებობაც კი.

მერიაში ვერ აზუსტებენ რა თანხაა გამოყოფილი ტენდერისთვის, რომლითაც ქონებას აღწერენ: „ჯერ ბაზრის იკვლევენ“.

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: