მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მოკლეს „ვაგნერის“ წევრი, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

30.09.2022
უკრაინაში მოკლეს „ვაგნერის“ წევრი, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მოიერიშე დანაყოფის მეთაური, 41 წლის ალექსეი ნაგინი, მეტსახელად „ტერეკი“, ბახმუტთან 20 სექტემბერს მოკლეს.

ნაგინი რუსეთში რამდენიმე ორდენით იყო დაჯილდოებული – „სიმამაცისთვის“, „ყირიმის დაცვისთვის“. მას სიკვდილის შემდეგ გადასცეს რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების გმირის წოდება.

როგორც ინტერნეტრესურსი InformNapalm-ი წერს, „ტერეკი“ უკრაინაში დონბასშიც იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა ბრძოლებში ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და ლიბიაში.

Кавказский Узел-ის ცნობით, ნაგინი დიდი პატივით დაკრძალეს მშობლიურ ვოლგოგრადში, სადაც დაკრძალვის ცერემონიას ოლქის გუბერნატორი და „ვაგნერის“ დამფუძნებელი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ესწრებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნაგინი ევგენი პრიგოჟინთან ერთად არის ავტორი ფილმისა „საუკეთესოები ჯოჯოხეთში“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მიუძღვნა და რომლის ტრეილერიც ტელეკომპანია „კონკორდის“ საიტზე და სოციალურ ქსელებეშია გამოქვეყნებული.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში  BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე დაახლოებით 10 ათას ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან”.

უკრაინაში ომის 7 თვის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ბრძოლებში დაჯგუფების დანაყოფების ლიკვიდაციისა და მათი სამხედრო შტაბების აფეთქების შესახებ.

ევგენი პრიგოჟინი, რომელიც „ვაგნერის” დამფუძნებელი და ამავე დროს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრემლის „სამხედრო ოპერაციის“ სახედ იქცა.

მთავარ ფოტოზე: ალექსეი ნაგინი, ფოტო: InformNapalm

ჩვენ ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით – როგორ აგროვებს პრიგოჟინი პატიმრებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: