ნეტგაზეთი • RU

ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან – ზელენსკი

დღეს უკრაინამ NATO-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ გამოაცხადა ვიდეომიმართვაში, რომლის თარგმანსაც „ბათუმელები“ გთავაზობთ:

უკრაინელებო!

ჩვენო მეგობრებო და მოკავშირეებო!

დე-ფაქტო მოკავშირეებო. ჩვენ დღეს აქ, კიევში, ჩვენი ქვეყნის გულში ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს თავისუფალი ხალხების მთელი თანამეგობრობის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ვხედავთ, ვინ გვემუქრება. ვინაა მზად მოგვკლას და დაგვასახიჩროს. ვინ არ ერიდება არანაირ სიმხეცეს, ოღონდ კი თავისი კონტროლის ზონა გააფართოოს.

24 თებერვალს პირველი სრულმასშტაბიანი დარტყმა მიაყენეს უკრაინას. პირველი! რუსეთი არ გაჩერდებოდა ჩვენს საზღვრებთან, თუ მას ჩვენ არ შევაჩერებდით. სხვა სახელმწიფოებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ – ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა და საქართველო, ყაზახეთი…

რუსეთს პრეტენზია ჰქონდა ევროპისა და აზიის ხალხების დამორჩილებაზე. პრეტენზია ჰქონდა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ. ეს დანაშაულებრივი ამბიცია უკრაინაში ტყდება. ის გატყდა კიევთან და ჩერნიგოვთან. „აზოვსტალში“, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ზმეინიზე.

ის დაიმსხვრევა დონბასში და უკრაინის სამხრეთში, როდესაც ჩვენ მათ გავათავისუფლებთ. აუცილებლად – ყირიმში, თავისუფალ უკრაინულ ყირიმში.

ჩვენი სახელმწიფოს ყველა ტერიტორია გათავისუფლდება ამ მტრისგან – არამხოლოდ უკრაინის, არამედ თავად სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონისა და სიმართლის მტრისგან.

რუსეთმა ეს უკვე იცის, გრძნობს ამ ძალას. ხედავს, რომ სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ღირებულებების სიძლიერეს.

სწორედ ამიტომაც ჩქარობს. აწყობს ამ ფარსს ანექსიის მცდელობით. ცდილობს მოიპაროს ის, რაც მას არ ეკუთვნის. სურს მკვლელობით, დამცირებით, შანტაჟითა და სიცრუით გადაწეროს ისტორია და გადახატოს საზღვრები.

უკრაინა ამას არ დაუშვებს.

დღეს მე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გავმართე. ახლახან დასრულდა ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაც.

ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს.

პირველი – მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ყველა ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის გზით დაბრუნდება მშვიდობა. ჩვენ ამ გზას გავივლით.

მეორე – უკრაინა იყო და რჩება ლიდერად, ვინც მოლაპარაკებებს ცდილობს. სწორედ ჩვენი სახელმწიფო სთავაზობდა რუსეთს ყოველთვის შეთანხმებას თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, რუსეთის ამ პრეზიდენტის პირობებში ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომაც ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, ოღონდ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.

და მესამე – ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ იურიდიულად ის ყველაფერი, რასაც ფაქტობრივად უკვე მივაღწიეთ.

ტირანიასთან ბრძოლით სწორედ უკრაინაში წყდება დემოკრატიის ბედი.

სწორედ აქ, ჩვენი სახელმწიფო საზღვრების განმტკიცებით, შეგვიძლია გავამყაროთ ყველა ევროპული სახელმწიფოს საზღვარი. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ომის დაბრუნება ჩვენს კონტინენტზე.

სწორედ აქ, უკრაინაში შეიძინა ნამდვილად ცოცხალი ენერგია ჩვენი ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებებმა. ძალა იმ ხალხის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ძალა იმ ხალხების, რომლებიც მას ამ ბრძოლაში ეხმარებიან.

ჩვენ დე-ფაქტო მოკავშირეები ვართ. ეს უკვე მიღწეულია. დე-ფაქტო, ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-მდე. დე-ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი თავსებადობა ალიანსის სტანდარტებთან, ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთკავშირის ყველა ასპექტში.

ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, ჩვენ ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ალიანსი. დე-ფაქტო.

დღეს უკრაინა გზავნის განაცხადს, რომ ეს დე-იურედ აქციოს. პროცედურით, რომელიც პასუხობს ჩვენი ერთიანი თანამეგობრობის უსაფრთხოების მნიშვნელობას. დაჩქარებული წესით.

ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწყეს წელს ფინეთმა და შვედეთმა ალიანსთან შეერთება წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე.

ეს სამართლიანია. სამართლიანია უკრაინისთვისაც. ეს არის შეთანხმების დონეზე იმის გაფორმება, რაც ისედაც მიღწეულია ცხოვრებაში და რაც ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს.

ჩვენ გვესმის, რომ ეს  ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა წევრისგან კონსენსუსს მოითხოვს. გვესმის, რომ საჭიროა ასეთი კონსენსუსის მიღწევა. და ამიტომაც, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ გთავაზობთ ჩვენი წინადადებების განხორციელებას უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის „კიევის უსაფრთხოების შეთანხმების“ თანახმად, რომელიც ჩვენს პარტნიორებს უკვე წარვუდგინეთ.

უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა იმისთვის, რომ ის გარანტირებული იყოს, გამბედაობაა საჭირო.

ჩვენ ვდგამთ ჩვენს გადამწყვეტ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს NATO-ში დაჩქარებული წესით გაერთიანებაზე.

დღეს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაციონალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს სანქციები რუსეთის იმ მნიშვნელოვანი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებმაც ვერ იპოვეს საკუთარი თავში გამბედაობა კაცობრიობისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად დამდგარიყვნენ ან რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული არიან უკრაინისა და დემოკრატიული ხალხების თანამეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებთან.

ამავე დროს, მივმართავ უკრაინის სახალხო დეპუტატებს: უმაღლესი რადის მომდევნო სხდომაზე განიხილება რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელმაც პროცედურა უნდა დააჩქაროს. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ პროექტს.

ვასრულებთ უკრაინაზე, ევროპასა და მსოფლიოზე რუსეთის გავლენის დემონტაჟს.

დიდება უკრაინას!

წყარო: President.gov.ua

თარგმნა: თამარ რუხაძემ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.