Batumelebi | ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა.

აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების [კონსოლიდირებული ტენდერების გარდა] 54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა ან უმნიშვნელოდ შემცირდა.

„ათი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება [26 506 578 ლარი], მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა [26 380 067 ლარამდე]“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ბათუმის მერიის ათი ყველაზე მაღალფასიანი შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი (ლარებში):

ბათუმის მერიის შესყიდვები / აუდიტის ანგარიშიდან

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ ტენდერებზე კონკურენციის არარსებობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია, შემსყიდველ ორგანიზაციებში ბაზრის ეფექტური კვლევის პრობლემის გათვალისწინებით.

აუდიტის თქმით, განსხვავებულ შედეგს იძლევა მინიმალური კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერები: „ათი, შედარებით მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება – 7 054 887 ლარი, 5 840 788 ლარამდე შემცირდა, რამაც საბიუჯეტო სახსრების 17,2%-იანი ეკონომია გამოიწვია“.

ბათუმის მერიის ათი შედარებით მაღალფასიანი შესყიდვა, რომელში მონაწილეობა მიიღო ერთზე მეტმა პრეტენდენტმა (ლარებში):

ბათუმის მერიის შესყიდვები / აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ კვლევა არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად: „მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება და ა. შ.“

აუდიტის რეკომენდაცია ბათუმის მერიას:კონკურენტუნარიანი ტენდერების მოსამზადებლად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის მიზნით, მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები სატენდერო დოკუმენტაციის სწორად ჩამოყალიბების, პოტენციური მიმწოდებლების დაინტერესებისა და ბაზრის კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.

ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com