მთავარი,სიახლეები

პოლონეთიდან ისევ ემიგრაციაში – საქართველოს მოქალაქეები ახალ ქვეყნებს ეძებენ

30.09.2022 • 1461
პოლონეთიდან ისევ ემიგრაციაში – საქართველოს მოქალაქეები ახალ ქვეყნებს ეძებენ

„როდესაც ლარზე გადაანგარიშდება ჩვენი ხელფასები, გამოდის ზუსტად ნახევარი იმასთან შედარებით, რაც იყო გასულ წელს. ზლოტი არის ძალიან გაუფასურებული, ლარი კი გამყარებული. ამიტომ ძალიან ცოტა გამოგვდის“, – ამბობს პოლონეთში მცხოვრები ქართველი თამარ გელაშვილი.

თამარი საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქის მსგავსად საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ წავიდა და კვების სფეროშია დასაქმებული.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ლეგალურად დასაქმების ყველაზე დიდი ბაზარი პოლონეთია. პოლონეთში წასვლა და ლეგალურად მუშაობის დაწყება გაცილებით ადვილია, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. თუმცა ინფლაციამ და გაუფასურებულმა ვალუტამ პოლონეთში დასაქმებული საქართველოს ბევრი მოქალაქე ბევრი  აიძულა სხვა ქვეყანაში წასვლაზე, ან საქართველოში დაბრუნებაზე ეფიქრა.

„თუ 1 ზლოტი 0,83 თეთრი ღირდა ახლა ღირს 0,56 თეთრი. 100 ზლოტად 56 ლარს ყიდულობ. როცა საქართველოში აგზავნი, არაფერი არ გრჩება. ანაზღაურება რაც იყო, ისევ იგივეა,“ – ამბობს თამარი.

ფეისბუქში რამდენიმე ჯგუფია შექმნილი, სადაც პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან გაწევრიანებული. ამ ჯგუფებში ბოლო დროს მომრავლდა პოსტები, სადაც მოქალაქეები საქართველოში ავტომობილით წასვლის მსურველებს ეძებენ, საწვავის ხარჯის გასაზიარებლად.

პოლონეთში მყოფი ემიგრანტების ნაწილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, ნაწილი ევროპის სხვა ქვეყნებს უმიზნებს, ნაწილი კი პოლონეთში რჩება ცვლილებების მოლოდინში. ამ უკანასკნელთა რიგებშია თამარიც. მას პოლონეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვს.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებს შეხვდებით მომსახურების თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, შრომითი მიგრანტები საქმდებიან შოკოლადის, თევზის, ხორცისა და საავტომობილო ქარხნებში, საწყობებსა და სწრაფი კვების ობიექტებში. ასევე დიდია იმ პირთა რიცხვი, ვინც ტაქსის კომპანიებში – „უბერსა“ და „ვოლტშია“ დასაქმებული.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რასაც პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებს უხდიან, საათში 21 ზლოტს არ აღემატება. მაგალითისთვის, მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის საათში ანაზღაურება 18-20 ზლოტამდეა. ამასთან მკაცრად გაწერილია გრაფიკი, თუ რამდენი საათი შეუძლია იმუშაოს დასაქმებულს – დღეში მაქსიმუმ 10 საათი, კვირაში 5 დღე.

შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე – კვების ობიექტებზე ან მომსახურების სფეროში ანაზღაურებაც უფრო დაბალია – საათში 15-16 ზლოტი.

თამარ გელაშვილი საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლონურ შრომით ბაზარზე უფრო და უფრო რთული ხდება სამსახურის პოვნა საქართველოს მოქალაქე კაცებისთვის. მისი თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი ის, რომ მაღალია უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი პოლონეთში და პოლონეთის მთავრობა პრიორიტეტს სწორედ მათ დასაქმებას ანიჭებს. მეორე მიზეზი კი ქართველი კაცების პრეტენზიულობა.

„შუამავალ კომპანიებს ისევ აქვთ ვაკანსიები, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი კომპანია უარს აცხადებს ეროვნებით ქართველების მიღებაზე სამსახურში. ძირითადი მიზეზი არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც.

ქართველი მამაკაცები ცოტა პრეტენზიულები არიან. მაგალითად, უკრაინელი კაცი ბევრ რამეზე პრეტენზიას არ გამოთქვამს. ქართული მენტალობიდან გამომდინარე ქართველები გამოთქვამენ ხშირად ბევრ პრეტენზიას. ამიტომ ყველა შუამავალს და დამსაქმებელს ურჩევნია აიყვანოს უპრეტენზიო კადრი,“ – ამბობს თამარი.

მისივე თქმით, პოლონეთში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ახალ ქვეყნებს ეძებენ ლეგალური რემიგრაციისთვის. ასეთ ქვეყნებად კი გერმანიას, ჰოლანდიას ან იტალიას ირჩევენ.

გერმანიის შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ტერიტორიული სიახლოვეა. ამასთან, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ პოლონეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის სამწლიან უფლებას, უპრობლემოდ, ლეგალურად გადაადგილდებიან შენგენის ზონის ქვეყნებში.

„ვერც გერმანიაში და ვერც სხვა ქვეყანაში, პოლონეთში აღებული საბუთით ლეგალურად ვერ საქმდები, მაგრამ თუ მოხდა ისე და შეექმნებათ რაიმე პრობლემა, მათ დააბრუნებენ არა საქართველოში, არამედ პოლონეთში. ჩემი საახლობლოდანაც ძალიან ბევრმა ქართველმა უკვე დატოვა პოლონეთი. ბევრი კი ფიქრობს, რომ დატოვოს.

ამის მიზეზი პირველ რიგში გაუფასურებული ვალუტაა. აქაური ხელფასით საქართველოში დატოვებულ პრობლემებს უკვე ვეღარ ძლევს, რასაც ძლევდა მაგალითად ორი წლის წინ.

ჩვენ საქართველოში, ოჯახებში ვაგზავნით ფულს. როცა ხდება ლარში გადაანგარიშება, ძალიან დაბალი ხელფასი გამოდის,“ – ამბობს თამარ გელაშვილი.

პოლონეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა არ გაზრდილა ხელფასები, პოლონეთში გაიზარდა კომუნალური გადასახადები. გაზრდილია ფასები პროდუქტებზე და რაც მთავარია, ორჯერ გაძვირდა საცხოვრებელი ბინების დაქირავების საფასური.

„საკვები პროდუქტები ძალიან გაძვირდა. გაძვირდა კომუნალური გადასახადები და ისევ ამბობენ, რომ გაძვირდება იანვრიდან. პატარ-პატარა მაღაზიები დაიკეტა, რადგან ვეღარ აუდიან გადასახადებს. ხალხს კრიზისი უკვე ძალიან შეეტყო ჯიბეზე. არაფერი აღარაა ისე, როგორც იყო ერთი ან ორი წლის წინ.

ახალჩამოსული ქართველებისთვის უფრო რთულია. რადგან მათ უნდათ დაძლიონ ის პრობლემები, რის გამოც საქართველოდან გამორბიან. ამ დროს აქ ფული გაუფასურებულია, ხელფასები კი არ გაზრდილა,“- ამბობს თამარ გელაშვილი. 

მისივე თქმით, ეს ფაქტორები ემიგრანტ საქართველოს მოქალაქეებს უბიძგებს დატოვონ პოლონეთი და „უკეთესი ცხოვრება“ ევროპის სხვა ქვეყნებში ეძებონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: