მთავარი,სიახლეები

რუსეთში უკვე 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული – უკრაინის გენშტაბი

29.09.2022
რუსეთში უკვე 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული – უკრაინის გენშტაბი

21 სექტემბრის, ანუ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ჯარში უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანია გაწვეული. რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს მობილიზაციის პროცესი.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად გრძელდება სამხედრო გამოცდილების მქონე პირების გაწვევა. ამჟამად გამოცხადებული 300 000 ადამიანიდან 100 000-ზე მეტი უკვე გამოძახებულია. გვესმის, რომ გამოცხადებული 300 000 საბოლოო არ არის. დიდი ალბათობით, მობილიზებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება“, – განაცხადა ალექსეი გრომოვმა.

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გეგმაში აქვთ 300 000 პირის მობილიზაცია.

გრომოვი დარწმუნებულია, რომ მობილიზებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. მანამდე მედია წერდა, რომ რუსეთი 1,2 მილიონ ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს.

__

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ აცხადებს, რომ მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე ეგრევე ფრონტზე მიჰყავთ, „ისინი არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და არ გადიან არანაირი მომზადებას“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან კილომეტრიანი რიგები დგას. გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: