ახალი ყინულის არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს.
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.
გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.
პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და იმავე წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
ახალი ყინულის არენის მშენებლობა კი, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.
მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.
კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა იმისთვის, რაც აშენდა – „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა ახალი კომპანია, რომელიც პროექტს დაასრულებს, თუმცა მანამდე „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ამჯერად მშენებლობის დასასრულებლად საჭირო დეტალურ პროექტს და ხარჯთაღრიცხვას შეისყიდის.
კონკურსის გამოცხადებამდე, აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს იკვლევს, საჭირო დოკუმენტაციის შესასყიდად ფასი რომ დაადგინოს.
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები [თუ რა ფასად მოამზადებენ შესასყიდ დოკუმენტაციას] აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 2021 წლის 19 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.
შესასყიდია:
„ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 24 563 კვ.მ] დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1 500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი [პირველი ეტაპი – კონცეფცია [კონკურსი]; მე-2 ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება]“.
ამავე თემაზე: