ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

30.09.2022
ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.

აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარა.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმის საკრებულომ ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

ამ კონცეფციით:

  • „განვითარების ძირითადი ფაქტორია ზემოაღნიშნული და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთი ფუნქციით დატვირთვა. გეგმარებითი ერთეული წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს, მასზე განთავსებულია სასტუმროს დანიშნულების ობიექტები.
  • გეგმარებითი ერთეული და საპროექტო ტერიტორიები „ნურის უბანში“, ბათუმის ისტორიული ზონის საზღვართან მდებარეობს – შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილის ქუჩებისა და ასევე ბულვარის ვიწრო ზოლს შორის, ზღვის ნაპირთან ახლოს“.
  • აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების ორი მრავალსართულიანი შენობის განთავსება, რომელთა დაახლოებითი სიმაღლე იქნება 180 მეტრი, ხოლო სართულიანობა – 55.
  • ძირითად ნაწილში დაგეგმილია სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების განთავსება, ხოლო ნაწილში (ძირითადად ე.წ. „სტილობატში“ და კომპლექსის ბოლო სართულებზე) სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართობების განთავსება.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიამ წარუდგინა. სააგენტოში შეტანილი იყო სკრინინგის ანგარიშიც:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/436585/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: