მთავარი,სიახლეები

რეზერვისტებს უბრძანეს, პირველადი დახმარების ნივთები თავად შეიძინონ – ბრიტანეთის დაზვერვა

30.09.2022
რეზერვისტებს უბრძანეს, პირველადი დახმარების ნივთები თავად შეიძინონ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსეთის არმიის სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხია, რომელიც უწყების დასკვნით, ომის მეშვიდე თვეს კიდევ უფრო უარესდება.

„ზოგიერთ ახალმობილიზებულ რეზერვისტს უბრძანეს, პირველადი დახმარების აუცილებელი საჭიროებები თავად შეეძინათ, პრობლემის ეკონომიკურად ეფექტიან გადაწყვეტად კი ქალის ჰიგიენური საფენები ურჩიეს,“ – წერს დაზვერვა 30 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, ძალიან დაბალია რუსი სამხედროების სამედიცინო მომზადების დონე, მათ არც ის იციან, როგორ უნდა გაუწიონ დაჭრილს ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარება. ამის დასტურად უწყებას ის ფაქტი მოჰყავს, რომ ზოგიერთმა რუსმა სამხედრომ თანამედროვე, დასავლური ტიპის საბრძოლო ტურნიკეტის მოპოვება მოახერხა, თუმცა ეს ტურნიკეტი აღჭურვილობაზე არა მისივე ასაფხრეწი დასაკრავით, არამედ ალუმინის კაბელით მიიმაგრეს.

„სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ასეთი აღჭურვილობა დეფიციტურია, სამაგიეროდ მისი მოპარვაა შესაძლებელი,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყების დასკვნით, სამხედროებში სამედიცინო მომზადების ნაკლებობა ძალიან გაართულებს და თითქმის შეუძლებელს გახდის მათი მხრიდან სათანადო პირველადი დახმარების გაწევას, მაგალითად, ძლიერი სისხლდენის შეჩერებას.

„სამედიცინო უზრუნველყოფის არქონა ხელს შუწყობს სამხედროების მორალური განწყობის დაქვეითებას და შეამცირებს მათ სურვილს, მონაწილეობა მიიღონ შეტევით ოპერაციებში,“ – წერს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების გუშინდელი სადაზვერვო ცნობარის თემაც მობილიზაცია იყო. რელიზის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული თუ სხვა წყაროებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მობილიზებულ რეზერვისტებს ფრონტზე ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: