მთავარი,სიახლეები

ვასილი „ბარადა” – მეთაური, რომელიც უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იბრძვის

01.10.2022 • 1682
ვასილი „ბარადა” – მეთაური, რომელიც უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იბრძვის

ვასილი უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურია. მისი საბრძოლო სახელია „ბარადა“.

სამხედრო სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს შეუდგა. მსახურობდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-9 სპეცდანიშნულების რაზმში „გეპარდი“, მანამდე კი 2 წელი პოლიციაში მუშაობდა.

მეთაურ ბარადას შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform ავრცელებს.

ვასილი მეშვიდე თვეა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.

ჯერ დონეცკში იბრძოდა, ახლა კი ხერსონში ასრულებს მისიას საძმოსთან ერთად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

„ქვედანაყოფის მეთაურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და გონივრული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარია, რითაც პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ვასილი ბარადა/ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Aryinform

ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ყოველი საბრძოლო ოპერაცია სასიკვდილო საფრთხესთანაა დაკავშირებული და შესაძლოა უკანასკნელიც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰარმონიულად, ერთი მექანიზმივით მუშაობა, მტრისთვის სწრაფად და ზუსტად დარტყმის უნარი“, – ამბობს სამხედრო პირი.

ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვასილიმ გამჭოლი ჭრილობა მიიღო, მტრის ტყვიამ მას ხერხემალი და მენჯის ძვალი დაუზიანა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ სიარულიც კი არ შეიძლებოდა, ვასილიმ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში იმკურნალა, რეაბილიტაცია გაიარა და თავის საჯარისო ნაწილს შეუერთდა ომში.

„ერთ საღამოს სადემარკაციო ხაზთან ვზვერავდი ტერიტორიას და აღმოვაჩინე, რომ არხზე გამავალი ხიდი დანაღმული იყო. მეორე დღეს შევნიშნე, რომ არხის მეორე მხარეს მობილიზებული იყო სამი ტანკისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი. დიდხანს არ გვიფიქრია. როცა ჩვენი „Stugna“ მუშაობს ტანკებს ან ანადგურებს, ან რაც ვერ ნადგურდება, ისინი გარბიან. (Stugna – კიევის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ გამოგონილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია) ახლაც ასე მოხდა, ერთი ტანკი განადგურდა, დანარჩენი ორი გაიქცა.

ჩვენმა ძალებმა მაშინვე დაიკავეს მტრის პოზიციები“, – ჰყვება ვასილი.

იხსენებს ასევე ამბავს, როცა რუსული დაზვერვის მონაცემები ჩაიგდო ხელში:

„21 აპრილი იყო, პოზიციას ვზვერავდით დურბინდით, ვხედავდი სამ ტანკს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავანადგურეთ, ამ ტანკების შორიახლო სამი ადამიანი მიცოცავდა, შორიდან ვერ ვხედავდი ჩვენები იყვნენ თუ არა. როცა მივხვდით, რომ ოკუპანტები იყვნენ, ამ დროს მათაც შეგვნიშნეს.

ძალიან სწრაფად გაიქცნენ, რომ არ დაგვეჭირა. ადვილი იყო მათთვის სირბილი. ზურგჩანთები გადააგდეს. „რუსეთის ფედერაციის გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადის 138-ე დანაყოფი“, – ეწერა ზურგჩანთებზე. შიგ იყო მეხსიერების ბარათები, ტელეფონები, რუსული რუბლი, სტიკერები წარწერით „ყველა რუსეთისთვის“ და რაც მთავარია დაზვერვის მონაცემები“, – იხსენებს ვასილი.

ამჟამად ის თავის ოცეულთან ერთად აგრძელებს საბრძოლო მისიას სამხრეთ უკრაინაში. ამ დანაყოფის ძირითადი ამოცანა მტრის ჯავშანტექნიკის განადგურებაა.

„წვერა“ ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ შინ, ცოლ-შვილთან რაც შეიძლება მალე დაბრუნებაზე ოცნებობს.

„მინდა ასევე უკრაინულ ყირიმში დავლიო ღვინო და ჩემი შვილები უკრაინული დროშებით ვასეირნო წითელ მოედანზე მანქანით“, – ამბობს ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური.


მთავარ ფოტოზე: უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური ვასილი „ბარადა“, გამოცემა Armyinform

გადაბეჭდვის წესი


ასევე: