მთავარი,სიახლეები

ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება

30.09.2022 • 2953
ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ფეისბუქპოსტისთვის. „ხვიჩა შაქარიშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღო.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა. „სამართალდარღვევის დროულად აღკვეთის მიზნით“, პოლიციამ მოქალაქე 8 დღის შემდეგ – 14 ივლისს დააკავა და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, რომ არ უნდა შეიქმნას საშიში ტენდენცია, როცა ადამიანები ვეღარ გამოხატავენ აზრს სოციალური ქსელების საშუალებით. ვთქვი, რომ ასეთი პრაქტიკა არ უნდა შეიქმნას. მოსამართლემ კი მიპასუხა, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი სალომე ღოღობერიძე, რომელიც ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს იცავს.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა დასაბუთებით გაამტყუნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე. სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობით ჯერ მხარეებისთვის არ ჩაუბარებიათ.

საია-ს იურისტის, სალომე ღოღობერიძის თქმით, ხვიჩა შაქარიშვილი მოსამართლემ გაამართლა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, 173-ე მუხლზე კი, იგი სამართალდამრღვევად მიიჩნია.

„ეს მუხლი მოიცავს პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ოღონდ კანონში ხაზგასმით წერია, რომ ეს უნდა ხდებოდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს,“ – დასძინა საია-ს იურისტმა, სალომე ღოღობერიძემ.

ხვიჩა შაქარიშვილი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: