მთავარი,სიახლეები

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

30.11.2022 •
სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი.

ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ.

დაბალი შემოსავლებისა და სიღარიბის მიუხედავად, საქართველოში სპორტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ფუფუნებაა.

მეტიც, ბათუმსა და ქობულეთში ამ დრომდე თითო მუნიციპალური აუზიც კი არ არის, სადაც ბავშვები ხელმისაწვდომ ფასად ცურვას შეძლებენ – ბათუმში 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობა, ამისთვის 29 მილიონი უკვე დაიხარჯა, თუმცა ჯერ არც ყინულის მოედანი მოუწყვიათ და არც საცურაო აუზი.

ესპანეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რამდენად არის ამ ქვეყნებში სპორტული ცხოვრების ფასი ქართულზე იაფი. მათი მონათხრობიდან ჩანს, რას შეიძლება აკეთებდეს მთავრობა იმისთვის, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ხელმისაწვდომი იყოს.

ბათუმში მხოლოდ ფიტნესდარბაზის ფასი თვეში 80-დან 150 ლარია, ფიტნესისა და საცურაო აუზის დარბაზის ფასი კი 200 ლარიდან იწყება და 380 ლარიც ღირს. ეს ულიმიტო აბონემენტის საფასურია. 

საერთაშორისო მონაცემთა ბაზის – NUMBEO.COM-ის მონაცემებით, ბათუმში მხოლოდ ფიტნესდარბაზის საშუალო ფასი 2022 წელს 38,41 აშშ დოლარია, თბილისში – 51.45 აშშ დოლარი. მხოლოდ ფიტნესდარბაზით სარგებლობის საშუალო ფასი საქართველოში თვეში 44. 88 აშშ დოლარია, მაშინ, როცა ამავე მონაცემთა ბაზის მიხედვით, მაგალითად, გერმანიაში, ასევე მხოლოდ ფიტნესდარბაზის საშუალო თვიური ფასი 32.97 აშშ დოლარია, საფრანგეთში – 34.14 დოლარი, ნიდერლანდებში – 31.82 დოლარი, ბელგიაში – 29.25 დოლარი, ფინეთში – 39.70 დოლარი, ესპანეთში კი – 39.42 დოლარი.

NUMBEO.COM-ის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე ძვირი ფიტნესდარბაზით სარგებლობა მხოლოდ შვეიცარიაშია, თვეში 82.15 დოლარი.

მსოფლიო მასშტაბით კი, ფიტნესდარბაზები ყველაზე ძვირი ყოფილა კუვეიტში [107.94 დოლარი] კატარში [107.56 დოლარი] და სინგაპური [104.97 დოლარი].

  • „არ ვიცი ოჯახი, საიდანაც ფიტნესზე არ დადიან“ – ესპანეთში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე

„კერძო ფიტნესდარბაზებში თვიური ფასი 20 – დან 40 ევროა, მუნიციპალურ ფიტნესდარბაზში – 20 ევრომდე,“ – ამბობს ალექსანდრე სანაძე. ის ესპანეთის და საქართველოს მოქალაქეა და ახლა ბილბაოში ცხოვრობს. ალექსანდრე განმარტავს, რატომ არჩია თვითონ კერძო ფიტნესდარბაზით სარგებლობა, რაშიც თვეში თითქმის 32 ევროს იხდის.

„ეს არჩევანი გავაკეთე იმიტომ, რომ კერძო დარბაზში შესაძლებელია შენთვის სასურველი სპორტით დაკავდე, მაგალითად, მსურდა კრივი, წონით ვარჯიში, დარბაზი, სადაც იქნებოდა ცალკე კრივის კუთხე, თორემ მუნიციპალურიც ძალიან კარგად არის მოწყობილი, ჩემი შვილი იქ დადის საცურაოდ.

ალექსანდრე სანაძე

განსხვავება ისაა, რომ მუნიციპალურში მხოლოდ საცურაო აუზი და ჩვეულებრივი ტრენაჟორების დარბაზია. იქ არ არის კრივის ან იოგას ვარჯიშის შესაძლებლობა. ბილბაოში 7 ასეთი მუნიციპალური სპორტული ცენტრია,“ – გვითხრა ალექსანდრე სანაძემ.

ბოლო მონაცემებით, ბილბაოში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ალექსანდრე გვიყვება, რომ დაახლოებით 15 წლის წინ, როცა ის სპორტული აქტივობით დაკავდა, 35 ევროდან იწყებოდა ფიტნესდარბაზის ფასი, შემდეგ კი, ქსელური ფისტნესდარბაზების გახსნამ ეს სერვისი გააიაფა:

„მანამდე იყო ცალკეული უბნის ფიტნესდარბაზები. შემდეგ გაჩნდა ქსელური, სადაც გაცილებით კარგი ხარისხის სპორტული ინვენტარი შეიძინეს, ვიდრე მანამდე სხვა დარბაზებს ჰქონდათ – რადგან ერთიანად ყიდულობენ რამდენიმე დარბაზისთვის, როგორც ჩანს, უფრო იაფი გამოსდით.

ახლა უკვე იხდი 20-დან 40 ევრომდე და ამ ფასში ყველაფერი შედის. 40 ევროს მაშინ იხდი, როცა ინსტრუქტორი გყავს, 20 ევროდ კი თავად შეგიძლია ივარჯიშო ნებისმიერი ინვენტარით,“ – აღნიშნა ალექსანდრე სანაძემ „ბათუმელებთან“.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პოპულარულია ქალაქის ღია სივრცეებში მოწყობილი სავარჯიშო მოწყობილობებიც.

„ბევრი კავდება სპორტით… მე არ ვიცი ოჯახი, საიდანაც მინიმუმ ორი წევრი არ დადის ფიტნესზე კვირაში სამი დღე მაინც.

ფიტნესდარბაზი, საცურაო აუზი და სპაც – ასეთი სპორტული ცენტრის მაქსიმალური ფასი 70 – 80 ევროა, თუმცა მნიშვნელოვანია პროპორცია – ხელფასი საქართველოში და აქ. მაგალითად, თბილისში ცხოვრების დროს, რაღაც პერიოდში ჩემი ხელფასი იყო თვეში 1200 ლარი, ფიტნესცენტრი კი, თბილისში, სადაც დავდიოდი, თვეში 180 ლარი ღირდა,“ – შენიშნავს ალექსანდრე.

ალექსანდრე კიდევ ერთ დაკვირვებას გვიზიარებს – ქალაქის ურბანული დაგეგმარება და მწვანე სივრცეები, სადაც ფეხით სიარულის მოტივაცია ბუნებრივად გიჩნდება.

„თბილისში მე და ჩემს მეუღლეს ფეხით სიარულის დროს გამოგვდიოდა საშუალოდ 2 ათასი ნაბიჯის გავლა, ბათუმში ამისთვის მეტი შესაძლებლობაა, თუმცა ბილბაოში სულ სხვა რეალობაა, აქ დღეში დაახლოებით 14 – 16 ათასი ნაბიჯი გამოგვდის – ქალაქი ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალური უპირატესობა აქვთ ფეხით მოსიარულეებს, მათ, ვინც ველოთი გადაადგილდებიან და ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს,“ – გვითხრა ალექსანდრე სანაძემ.

„და კიდევ ერთი,“ – დასძინა ბილბაოს მაგალითზე საუბრის  დროს ალექსანდრემ, – „აქ არ არის არც ერთი სპორტული ცენტრი ადაპტირების გარეშე, ცენტრი აუცილებლად უნდა იყოს მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე, ამის გარეშე ფიტნესდარბაზს უბრალოდ ვერ გახსნი.“

  • „ახლაც პრივილეგიაა საქართველოში საცურაო აუზზე სიარული“ – გერმანიაში მცხოვრები ნათია ვიტი

ნათია ვიტი წლებია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ცხოვრობს, ის 2017 წლიდან ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში დადის, თუმცა მისი დაკვირვებით, ამ ქალაქში ფიტნესდარბაზებს აქ მცხოვრები ადამიანების დაინტერესება უჭირთ.

„იმის მიუხედავად, რომ აშკარად იგრძნობა სპორტის მიმართ დიდი მიზიდულობა,“ – დასძენს ნათია და შემდეგ განმარტავს, რატომაც ხდება ასე მისი აზრით:

„გარეთ დადიან უფრო ფეხით, ან ველოსიპედით გადაადგილდებიან, ტყეებში დადიან და დარბიან ასევე აქტიურად… ჩემი დაკვირვებით, სპორტი იმდენად ინტეგრირებული აქვთ ყოველდღიურობაში, რომ ბევრს არც კი სჭირდება ამისთვის დარბაზში წასვლა,“ – გვიყვება ნათია ვიტი.

მას ზესტაფონში გატარებული ბავშვობაც ახსენდება ამ თემაზე საუბრისას.

ნათია ვიტი

„მე ზესტაფონში გავიზარდე, იქ მხოლოდ ფეროს აუზი იყო ერთი, არ ვიცი, როგორ უნდა მოგცემოდა შესაძლებლობა, რომ იქ გევლო…

სამწუხარო ისაა, რომ დღემდე პრივილეგიაა საქართველოში საცურაო აუზზე სიარული.

ჩემს მეუღლეს, რომელიც გერმანელია, სკოლაში სწავლის დროს უსწავლია ცურვა და ყვინთვაც. გერმანიაში ახლაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიჰყავთ საცურაო აუზზე, როცა აქვთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები. როგორც ვიცი, სკოლებს აქვთ შეთანხმებები ფიტნესდარბაზებთან“, – გვიყვება ნათია ვიტი.

სპორტული ცენტრი, სადაც ნათიას ულიმიტოდ შეუძლია დაკავდეს ფიტნესით, სხვა სპორტული აქტივობით, საუნით, სპა პროცედურებით, ან საცურაო აუზში შევიდეს, თვეში 75 ევრო ღირს.

„ეს ძალიან ძვირადღირებულ სერვისად ითვლება ფრანკფურტში. აქაურები ყველაფერზე ძვირიაო, იძახიან, თუმცა ეს მართლაც ძვირია. ასე ვარჩიე, რადგან არ მინდოდა ცალკე მევლო საცურაო აუზზე.

ზოგადად, ქალაქში 15 – 20 ევროდან შესაძლებელია შეარჩიო ფიტნესდარბაზი, სადაც საცურაო აუზი არ არის.

არსებობს ასევე კონკრეტული ფასდაკლებები, ცალკეული პროგრამები, მაგალითად, შშმ პირებისთვის. ცალკე აუზიც არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში ზოგადად წყალი ძვირია და გადასახადებიც მაღალია,“ – აღნიშნა ნათიამ „ბათუმელებთან“.

ხელმისაწვდომი სპორტული ცენტრი განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის – მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს ქუჩის ალტერნატივად სპორტით დაკავებას აქტიურად სთავაზობენ: სპორტული მოედნებით სარგებლობა, საცურაო აუზები, ფილმების, ლიტერატურის კლუბები.

დასავლეთში ამ პრაქტიკით მიიღეს პოზიტიური სტატისტიკაც, როცა მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა ყველგან, სადაც მათ სახელმწიფომ კარი არ გამოუხურა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: