მთავარი,სიახლეები

რუსეთის მარცხის გამო იზრდება ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე – ინტერვიუ

30.09.2022 • 1408
რუსეთის მარცხის გამო იზრდება ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე – ინტერვიუ

„რუსეთის წარუმატებლობის დინამიკიდან გამომდინარე, გაიზარდა ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ეს რუსეთს არ აწყობს, მაგრამ პუტინს ახლა მხოლოდ პოლიტიკური კი არა, ფიზიკური განადგურების საფრთხეც აშინებსო, გვიყვება ის.

გადამდგარი გენერალი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთმა ისევ გააჩინოს ახალ მიმართულებებზე დარტყმის საფრთხე და უკრაინელები აიძულოს, ძალების კონცენტრაცია, მაგალითად, მხოლოდ ხერსონის მიმართულებაზე ვერ დატოვონ.

„ბელარუსში დაიწყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სამუშაოებს ასრულებენ რუსული კომპანიები. ამ სამუშაოების შემდეგ ბელარუსები შეძლებენ მიიღონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურით სამხედრო ეშელონები და ეს, როგორც ირკვევა, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრისთვის იქნება მზად,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე, რომლის დაკვირვებითაც, უკრაინის წარმატება დასავლეთიდან აღჭურვილობის დროულ მიწოდებაზეა დამოკიდებული. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ყურადღების მიქცევას ცდილობს პუტინიც.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

ბატონო ვახტანგ, „ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დიდი ალბათობით დაასრულეს ლიმანისთვის ალყის შემორტყმა და რუსულ არმიას ჩაუჭრეს სახმელეთო კომუნიკაციის კრიტიკული ხაზები. თქვენ რამდენად ხედავთ ლიმანის დაბრუნების პირობას?

ჩანს, რომ უკრაინელებმა შეძლეს ლიმანის ე.წ. საცეცხლე ტომარაში მოქცევა, თუმცა ფიზიკურად მთლიანად მოკვეთილი არ აქვთ ლიმანი. მათ თითქმის სრულად აიღეს კუპიანსკი, შეძლეს ზელიონაია დოლინას რაიონში რუსების შევიწროება.

უკრაინელები უტევენ რუსებს ჩრდილო – აღმოსავლეთით, დრობიშჩევო -სტავკის ღერძზე ,ასევე სამხრეთ – აღმოსავლეთიდან, ეს არის სევერსკი-სერებრიანკას მიმართულება, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს არის სრული ალყა, არაა სწორი. იმედია, მალე შეძლებენ ამას უკრაინელები. ჯერ-ჯერობით რუსებს აქვთ ვიწრო, მაგრამ ღია დერეფანი კრემენაიადან.

ჩემი ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებიდან „ვაგნერის“ დაჯგუფების ოთხი საბრძოლო ტაქტიკური ჯგუფი, გაძლიერებული ჯავშანტექნიკით მიემართება ლიმანის რაიონისკენ დახმარების აღმოსაჩენად, ასევე გაძლიერდა რუსების ავიაციის დარტყმებიც უკრაინულ შემტევ დანაყოფებზე ლიმანის გარშემო.

  • სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ლიმანის გათავისუფლებას? 

ამას უფრო აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, ვიდრე ტაქტიკური. ლიმანზე გასვლით უკრაინელებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ ლუგანსკის მიმართულებაზე. გარდა ამისა, ლიმანს აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა – ეს აშორებს რუსების ძალებს უკრაიანელების თავდაცვის კვანძს სლავიანკი-კრამატორსკის ხაზზე და ზრდის უკრაინელების თავდაცვითი რაიონის ფართობს. ამავე დროს, ლიმანის გათავისუფლება რუსებს ურთულებს აღმოსავლეთ დაჯგუფებაში ერთ-ერთი მომარაგების მიმართულებს.

ვინაიდან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიმანი უნდა აიღონ, სამხედროები ვალდებული არიან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მოიყვანონ სისრულეში. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან თუ რუსებმა ლიმანიც დაკარგეს, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ მიდის მათ სასარგებლოდ, დანაკარგებს განიცდიან. თანაც, ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქშიც, სადაც რუსეთის ძალები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კვლავაც დაუცველები არიან.

აქ უკრაინელების მხრიდან დიდი წინსვლა არ არის.

იყო მცდელობა უკრაინელების მხრიდან, რომ ნიკოლაევიდან ჯავშანგუფის ძალებით შეეტიათ ხერსონისკენ, მაგრამ მოხვდნენ ე.წ. „საცეცხლე ტომარაში“ და დანაკარგების მიღების შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისევ პოზიციური დაპირისპირება.

რუსებმა გააქტიურეს ოდესის დაბომბვა ირანიდან მიღებული უპილოტო საფრენი აპარატებით, იბომბება ნიკოლაევი, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინელებმა გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ე.წ.“ანდრეევსკი პლაცდარმი“ , მაგრამ მათი წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია, ვინაიდან კრივოი-როგის ჩრდილოეთით ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობები დაზიანდა და გართულებულია პლაცდარმზე უკრაინელების მხრიდან სამხედრო უზრუნველყოფის ორგანიზება.

  • თქვენი დაკვირვებით, რა სტრატეგიით მოქმედებს ამჯერად უკრაინა, რა მასშტაბის კონტრშეტევის შესაძლებლობა იკვეთება? 

უკრაინას არ აქვს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით – ხარკოვსა და ხერსონში აწარმოოს კონტრშეტევები, ახლა ძირითადი აქცენტი გადატანილია ლიმანის მიმართულებაზე.

თუმცა უკრაინის აქვს სტრატეგიის ინიციატივა, ის თავად არჩევს შეტევის მიმართულებას, დროს და პრინციპს. რუსეთის მხრიდან კი, მობილიზაცია გრძელდება და ავსებს გარკვეულ საბრძოლო დანაკარგებს. არა მგონია, რომ მინიმუმ უახლოეს ორ თვეში რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები გაიზარდოს.

  • „უკრაინის შეიარაღებული ძალები დააბრუნებენ რუს ოკუპანტებს 23 თებერვლის პოზიციებზე უკვე 2022 წლის ბოლომდე, მომავალი წლის შუაში კი, უკრაინის ჯარები უკვე შეიძლება ყირიმში იყვნენ“ – ასეთი პროგნოზი აქვს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

გენერალ ბენ ჰოჯესს თავისი მოსაზრება აქვს, ის გამოცდილი სამხედრო პირია, რომელიც კარგად ერკვევა სამხედრო-ოპერატიულ მოქმედებებში, თუმცა მე ასე თამამად ვერ ვიტყოდი.

ვიტყოდი იმას, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რუსეთი შესაძლოა ერთ თვეშიც ჩამოიშალოს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, არა მგონია – ასეთი მასშტაბური წარმატების პირობა არ ჩანს. წლის ბოლომდე დარჩენილია სამად სამი თვე და ომის დინამიკიდან გამომდინარე, ჰოჯესის მოსაზრება შეიძლება უფრო სურვილად ჩაითვალოს.

  • უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა 100 ათასი ადამიანის მობილიზება მოახერხა უკვე. თქვენი აზრით, რას შეძლებს რუსეთი გაზრდილი ადამიანური რესურსით იმავდროულად გაზრდილი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების პარალელურად?

რუსეთს რაოდენობრივი უპირატესობა ექნება, რაც არ არის მცირე ფაქტორი სამხედრო დაპირისპირებაში, თუმცა ახალი დანაყოფების ხარისხი იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე ეს აქამდე იყო.

აქამდე იბრძოდნენ საკონტრაქტო დანაყოფები, ახლა კი იქნებიან ახალწვეულები, რომლებსაც ძირითადად სამხედრო მომზადება გავლილი აქვთ, მაგრამ დამატებით მომზადებას უტარებენ მხოლოდ 4 – 5 დღე. რაღაც ათ დღეში რუსეთმა შეძლო ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანის მობილიზება, მაგრამ ამას თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს, რაც გამოიხატება ასე მცირე დროში ამ მასის ადამიანების უზრუნველყოფა და მომზადება. მაგალითად, საგაზაფხულო გაწვევის დროს რუსეთმა გაიწვია 130 000-მდე წვევამდელი, მაგრამ ამას მოანდომა თვეზე მეტი.

რუსეთი პროპაგანდით მუშაობს შიდა აუდიტორიისთვის რეფერენდუმის შემდეგ დამატებითი რეგიონებზე საუბრით, რომ დანაკარგი ფუჭი არ იყო და ეს ერთგვარი მიმართვაა, რომ ახლა ეს ტერიტორიებია დასაცავი. თანაც, ადრე თუ არ ჰქონდათ გაწვეული სამხედრო მოსამსახურის სპეცოპერაციის ზონაში, რუსეთის საზღვრებს გარეთ გაგზავნის უფლება, ამ აღიარების შემდეგ პირდაპირ გაგზავნიან ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე და ამას აკეთებენ კიდეც.

  • ამ მობილიზაციის მიზანია მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების დაცვა? 

ამ ეტაპზე ასე ჩანს – ეს დანაყოფები ალბათ უფრო გამოსადეგი იქნება თავდაცვისთვის და ნაკლებეფექტური იქნება შეტევის განხორციელებისთვის.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყეს ის, რომ ბელარუსში დაიწყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სამუშაოებს ასრულებენ რუსული კომპანიები. ამ სამუშაოების შემდეგ ბელარუსები შეძლებენ მიიღონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურით სამხედრო ეშელონებით და ეს, როგორც ირკვევა, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრისთვის იქნება მზად. ასევე, მიმდინარეობს მზადება ბელარუსის საველე ბანაკებში, სადაც ჩემი ინფორმაციით 20 000 რუსი სამხედროს მომზადება მოხდება.

მთლიანობაში, ეს არის ტენდენცია, რომ ბელარუსმა დაიწყო კონცენტრირება. რუსეთის მხრიდან კუმულაცია დაიწყო სამხედრო ძალების  და აჩვენებს, რომ რუსებმა კვლავ განაახლოს ჩრდილოეთის მიმართულებაზე შეტევა.

  • კონკრეტულად რა მიმართულებაზე უშვებთ შეტევის შესაძლებლობას?  

ეს შეიძლება იყოს კიევის მიმართულება, ან უფრო დასავლეთით, ლვოვის მიმართულება. უფრო მოსალოდნელია, რომ რუსეთმა შექმნას საფრთხე, რათა უკრაინელების გარკვეული, მნიშვნელოვანი რესურსი იყოს მიჯაჭვული ამ მიმართულებებზე.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ახალმობილიზებულ რეზერვისტს უბრძანეს, პირველადი დახმარების აუცილებელი საჭიროებები თავად შეეძინათ. ამ რესურსით შეძლებს რუსეთი ისევ შეტევას? 

ეს არის რუსეთისთვის საშუალება, რომ მოახერხოს კუმულაცია გარკვეულ მიმართულებაზე, ძალების დაგროვება.

როგორც ზევით ავღნიშნე, რა თქმა უნდა, რუსებს აქვთ სერიოზული პრობლემა აღჭურვილობასა და აღკაზმულობაში, თუმცა თუ ის მოახერხებს ამ დაპირისპირებაში დროის გაწელვას, ამ აღჭურვილობასაც შეიძენს: დრონები თუ შეიძინა ირანში, ასევე შეიძლება იყიდოს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.

  • თქვენ ახსენეთ, რომ უკრაინის რეგიონების მიერთება არის გზავნილი შიდა აუდიტორიისთვის. რა მიზანს ემსახურებოდა პუტინის კიდევ ერთი სვლა – ლუკაშენკოს გამოგზავნა აფხაზეთში? 

ლუკაშენკოს საქართველოში გამოგზავნაც იყო გზავნილი, რომ ჭკუით ვიყოთ, თორემ ხვალ აფხაზეთსაც მიიერთებენ. სხვათა შორის, ბელარუსში ოფიციალური დოკუმენტების ტერმინოლოგიაში დასახელება შეცვალეს და ჩაწერეს, რომ ლუკაშენკო აფხაზეთში კი არა, შავიზღვისპირეთის ერთ ისტორიულ რეგიონს სტუმრობდა. ფაქტია, ეს არაფერს ცვლის და ბელარუსს არ სურს მის მიმართ ნეიტრალური ქვეყნის მტრად გადაიქცეს.

რეგიონების მიერთებით კი, პუტინი აჩვენებს, რომ რუსეთის გადასახედიდან ახლა უკრაინელები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ამით საერთაშორისო საზოგადოებასაც ეუბნება, რომ თუ ჩემი წინსვლა არ გინდათ, აქ გავჩერდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება.

  • თუმცა მოლაპარაკების ნაცვლად, ამ ეტაპზე რუსეთი ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვოლოდინის განაცხადებით, მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“.

ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს სურს მოლაპარაკება, ეს ძალიან აშკარაა… ვოლოდინის და მედვედევის ლოგიკას მთლად ნუ ჩავეძიებით. რუსეთი ცდილობს, რომ პოლიტიკური ვაჭრობიდან მოგება ნახოს და გარკვეული „ღირსებით“ გავიდეს ამ სიტუაციიდან.

ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეზეც მინდა გკითხოთ: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი, აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი „წარმოუდგენლად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“, თუმცა „ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება არ შემოაბრუნებს რუსეთის მდგომარეობას ბრძოლის ველზე“. 

აქამდე ვთვლიდი და თქვენთან ინტერვიუებშიც ამას ვამბობდი, რომ რუსეთი ატომურ იარაღს იყენებს მხოლოდ სავაჭროდ. ახლა კი, ჩემი გადასახედიდან ტაქტიკურ-ატომური იარაღის გამოყენებაზე 100 %-იანი შკალა რომ ავიღოთ,  30-35 პროცენტამდე არსებობს ამის შანსი. რთულია თქვა, პუტინის თავში რა იხარშება. ასევე ფაქტია, რომ შესაძლებელია დაზვერვის აღმოჩენამდეც ეს საშუალებები ფარულად მიიტანო გასროლის მანძილამდე. დაზვერვისთვისაც კი, შესაძლებელია დაიფაროს ეს მონაცემი, მაგრამ გამოყენებას აქვს გარკვეული ინდიკატორები, მაგალითად, ამ დროს ძალები გამოგვყავს უკან და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ ინდიკატორებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩება.

  • რის გამო მიგაჩნიათ, რომ გაიზარდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე? 

ეს გაიზარდა რუსეთის წარუმატებლობის დინამიკიდან გამომდინარე…. პუტინს წითელი ხაზები გადაკვეთილი აქვს, მან იცის, რომ ახლა შესაძლოა განადგურდეს, როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად. ამიტომაც, ეს ომი პუტინისთვის პირდაპირ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ვიცით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პუტინს დასჭირდება შოიგუს და გერასიმოვის თანხმობაც, თუმცა არ არის ნათელი, არის თუ არა იგივე საჭირო ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებაზე.

შემდეგი კვირიდან გამოჩნდება, რა სურს რუსეთს და რის შესაძლებლობა აქვს ამჯერად, როცა უკრაინას ულტიმატუმს წაუყენებს მიერთებული რეგიონებზე და დარწმუნებული ვარ, მიიღებს შესაბამის პასუხსაც. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა იქნება შემდეგი ეტაპი.

უკრაინისთვის წარმატების მთავარი ფაქტორი ისევ არის დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღება. რა თქმა უნდა, მსოფლიოს პოლიტიკური მხარდაჭერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: