მთავარი,სიახლეები

რუსეთი ხოცავს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებს უწოდებს – ბრიტანეთის დაზვერვა

01.10.2022
რუსეთი ხოცავს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებს უწოდებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, რუსეთის არმიამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით დაარტყა ავტოკოლონას ზაპოროჟიეში. უწყება ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობას, რომლის თანახმადაც, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„რუსეთისთვის ასეთი რაკეტების მარაგი, სავარაუდოდ, შეზღუდულია და წარმოადგენს ძვირადღირებულ სამხედრო რესურსს. ის განკუთვნილია თანამედროვე თვითმფრინავებისა და მოახლოებული რაკეტების გასანადგურებლად და არა სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

მისი გამოყენება სახმელეთო შეტევებისთვის, დიდი ალბათობით, გამოწვეულია საბრძოლო მასალების, კერძოდ კი, შორსმოქმედი ზუსტი რაკეტების დეფიციტით,“ – მიუთითებს უწყება 1 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ზაპოროჟიესა და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

„რუსები ხარჯავენ სტრატეგიულად ძვირფას სამხედრო რესურსებს, რათა როგორმე მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობას და ამ პროცესში ხოცავენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც ახლა საკუთარ მოქალაქეებს უწოდებენ,“ – წერს დაზვერვა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა, ზაპოროჟიედან მიმავალ ჰუმანიტარულ ავტოკოლონას გუშინ დილით დაარტყეს. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, დაღუპულია 30 და დაჭრილია 100-მდე ადამიანი.

_______________________________

ფოტოზე: თავდასხმის ადგილი ზაპოროჟიეში.  ფოტო: EPA-EFE/ATEF

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: