მთავარი,სიახლეები

ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს

30.09.2022 • 1329
ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს

ერთი ტონა გადაუმუშავებელი საოფისე ქაღალდის წარმოებისთვის 24 ხის მოჭრაა საჭირო. გარდა ამისა, ფურცლის წარმოება ძალიან დიდი რაოდენობით წყლისა და ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, დღემდე მსოფლიოში 300-400 მილიონ მეტრულ ტონა ფურცელს აწარმოებენ ყოველწლიურად, აქედან დაახლოებით 85 ტონა საბეჭდი/საწერი ქაღალდია.

„2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე – მთლიან ნარჩენის 8-9 პროცენტი, ანუ 5300-5500 ტონაა ქაღალდი იყო“, – ამბობს ნარჩენების მართვის სპეციალისტი, კახა გუჩმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ერაში ვართ და გარემოსდამცველები ფურცლის გონივრული მოხმარებისა და რეციკლირებისკენ მოუწოდებენ მომხმარებლებს, ქაღალდისა და მუყაოს გლობალური გამოშვება 2010-2019 წლებში 3%-ით გაიზარდა.

წელიწადში 400 მილიონზე მეტი ტონა ქაღალდი და ქაღალდისგან დამზადებული პროდუქცია იწარმოება მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე დიდი წილი აქვს [სხვადასხვა პროდუქციის] შესაფუთ და შემდეგ საკანცელარიო ქაღალდს.

„ასოციაცია ფლორა და ფაუნას“ ეკოლოგი და ნარჩენების მართვის სპეციალისტი, კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი ეკო მიდგომა, პირველ რიგში, იმ უწყებებმა და ორგანიზაციებმა უნდა დანერგონ, რომლებიც საბეჭდი ფურცლის ყველაზე მასიური მომხმარებლები არიან.

„ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში არ ხდება ნარჩენების სათანადო სეპარირება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ნარჩენის, მათ შორის მაკულატურის ფრაქციულ შეგროვებას და შემდეგ მის გაშვებას რეციკლირებაზე, ანუ გადამუშავებაზე. 

რეალურად ჩვენ ქვეყანას, ჩვენ რეგიონს არ აქვს ნარჩენების მდგრადი მართვის რაიმე საგზაო რუკა, ანუ ჩვენ, რეგიონს კონკრეტულ კონცეპტუალურ დონეზე ჩამოყალიბებული დოკუმენტი არ გაგვაჩნია, როგორ უნდა ვმართოთ ხარჯთეფექტურად და ეკომეგობრულად მწვანე ეკონომიკის პრინციპებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ნარჩენები და მათ შორის ქაღალდი, როგორც ნარჩენი.

საკანცელარიო ქაღალდის ძირითადი მომხმარებლები არიან დიდი კომპანიები და სახელმწიფო უწყებები, სადაც ქაღალდს არაეფექტურად, არარესურსმდგრადად მოიხმარენ. თითქმის არც ერთ საჯარო უწყებაში სეპარირების ურნები არ არის განთავსებული“, – ამბობს ის.

ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიერ ფურცლის არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითია ის პრაქტიკა, როგორც ისინი საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იქცევიან. „ბათუმელების“ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ,  ელექტრონულ ფორმატში გამოთხოვილი დოკუმენტებს ხშირად მაინც ამობეჭდილი ფურცლების სახით გვაწვდიან, მათ შორის თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი შავ-თეთრ ფოტოების ჩათვლით.

ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ განმარტებით, იმისთვის, რომ ინფორმაციის მიღება დადასტურდეს და დოკუმენტბრუნვა ჩაითვალოს დასრულებულად, ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტების პარალელურად, იგივე ინფორმაცია მატერიალური სახით ეგზავნება ადრესატს. ხდება ისეც, რომ დოკუმენტაცია ზოგჯერ მხოლოდ მატერიალური სახით იგზავნება.

კახა გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქაღალდის რესურსის ასეთი არაეფექტური ხარჯვის მიზეზი დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერებაა. „არ ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს მწვანე ეკონომიკა, ცირკულარული ეკონომიკა და ნარჩენების მდგრადი მართვა. სწორედაც გარემოს დაცვის ცნობიერების არ ქონაა ის, როდესაც გთხოვენ ელექტრონულად მოწოდებას ინფორმაციის, შენ კი გადაჭარბებული „სიბეჯითიდან“ გამომდინარე აკეთებ იმას, რომ მაინც დასტებად უგზავნი ამ ყველაფერს მატერიალური სახით“, – ამბობს ის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის მუნიციაპლური ინსპექციის მიერ გამოგზავნილი  საჯარო ინფორმაცია ნაბეჭდი დოკუმენტებისა და ფოტოების სახით, რომლებიც მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში იყო გამოთხოვილი.

2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე, სადაც მთლიანი ნარჩენების კომპოზიციური კვლევისას აღმოჩნდა ქაღალდის წილობრივი შემადგენლობა/რაოდენობა მთლიან ნარჩენში, იყო 8-9 პროცენტი, ანუ იმ ქაღალდის წონა, რაც გონიოს ნაგავსაყრელზე სრულიად უსარგებლო ნარჩენებად იქცა, დაახლოებით 5300-5500 ტონას შეადგენდა – კახა გუჩმანიძე.

გარემოსდაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ საბეჭდი ქაღალდის გონივრული მოხმარებისა და რეციკლირების რეკომენდაციებს თავად ითვალისწინებენ, თუმცა ამ მხრივ სხვა უწყებებთან არ მუშაობენ.

გამოყენებულ ფურცლებს სეპარირებულად აგროვებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში.

„დაახლოებით ხუთი წელია, ორივე სართულზე გვაქვს მწვანე ყუთი, სადაც გამოყენებულ ფურცლებს, სხვა ნარჩენებისგან სეპარირებულად ვინახავთ, შემდეგ კი ვატანთ ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ურეხში. ასევეა ჩვენს დაქვემდებარებულ დეპარტამენტებშიც“, – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

მისივე განმარტებით ბოლო პერიოდში, სამინისტროს მიერ დანერგილ, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ დოკუმენტების მატერიალური სახით ბრუნვა საგრძნობლად შემცირებულია. „ჩემს სამსახურში მოდიოდა ნორმატიული დოკუმენტები სპირალებზე, ახლაც მიდევს კარადაში, წელს ეს დოკუმენტები ელექტრონულად შემოვიდა, მწვანე ყუთი რომ ივსებოდა ორ-სამ თვეში ერთხელ, ახლა 6-12 თვეში ერთხელ ივსება. ელექტრონული სისტემის  დანერგვის შემდეგ ფურცლების და ქაღალდების ორომტრიალი აღარ გვაქვს“, – ამბობს ის.

ქაღალდის მოხმარება მსოფლიოში 400%-ით გაიზარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში. მოჭრილი ხეების 35% გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში – formstack.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: