ნეტგაზეთი • RU

დაზვერვის ხელმძღვანელი ასახელებს ვადებს, როდის დასრულდება ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა, ჟურნალისტების კითხვაზე, ოკუპირებულ ყირიმს უკრაინა იარაღით დაიბრუნებს, თუ მის გარეშე, თქვა – „დიახ, ჩვენ დავბრუნდებით იარაღით. სხვა გზა არ არსებობს“.

მან ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ის ჩემი მეორე ოჯახია. მე ყირიმში გავიზარდე. ჩვენ იქ ძალიან მალე დავბრუნდებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან ომი მალე დასრულდება.

„ეს ომი არც ისე დიდხანს გაგრძელდება. ის მალე დასრულდება“, – თქვა მან.

ბუდანოვმა აუდიტორიას შეახსენა მოვლენების ალგორითმის შესახებ, რომელზეც მან ამ წლის მაისში ისაუბრა.

„მე მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ივნისის თვე სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგი არ იქნებოდა. გვექნებოდა დანაკარგები. ივლისში იქნებოდა პირობითად სტაგნაცია, აგვისტოში დავიწყებდით მცირე მოძრაობას ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად“, – განაცხადა მან.

ბუდანოვმა ამჯერად ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ „ზამთარში ომი უმეტესწილად მინელდება“.

„ზამთრის შემდეგ კი დაიწყება ამ კონფლიქტის დასასრული – პირველ ეტაპზე გავალთ 1991 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საზღვრებზე“, – განაცხადა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, მისთვის ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე, ყირიმის გათავისუფლება გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

„შეიძლება ცოტათი ადრეც – დღეებში შეიძლება შეცდე, ალგორითმში – არა“, – დასძინა მან.

___

რუსეთმა,  უკრაინის ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპაციის შესახებ გამოაცხადა.

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – გუშინ, 30 სექტემბერს, ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია გამოაცხადა.

რუსეთმა „საზღვრების გაფართოება“ საზეიმოდ აღნიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.