მთავარი,სიახლეები

„რუსეთში 4 ახალი რეგიონია“ – პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსია გამოაცხადა

30.09.2022 •
„რუსეთში 4 ახალი რეგიონია“ – პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსია გამოაცხადა

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია კრემლში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პუტინის თქმით, ამ ოთხი რეგიონის რუსეთთან მიერთება „მილიონობით ადამიანის ნებაა“ და ეს მათი „განუყოფელი უფლებაა“, როგორც ეს გაეროს წესდებაშია ნათქვამი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის ნგრევამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირი გაწყვიტა, თუმცა „მიუხედავად ყველა სირთულისა, მათ შეინარჩუნეს რუსეთის ეს სიყვარული და განცდა, რომ ამ განცდას ვერავინ მოსპობს”.

ვლადიმერ პუტინის თქმით, იგი „მიზნად არ ისახავს“ წარსულში დაბრუნებასა და საბჭოთა კავშირის აღდგენას, მაგრამ „არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე ამ ხალხის სურვილი, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსვლისას გაიმეორა რუსული პროპაგანდის უსაფუძვლო ბრალდებები უკრაინის მთავრობის მიმართ, თითქოს ოფიციალური კიევი აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას „ტერორში ამყოფებდა“.

კრემლში მიწვეულ სტუმრებს შორის პირველ რიგში სხედან ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.

ვლადიმერ პუტინმა გამოსვლის შემდეგ წუთიერი დუმილით უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დროს დაღუპული ჯარისკაცების და „რუსეთის გმირების“ ხსოვნისთვის პატივის მიგება ითხოვა.

ანექსიის დოკუმენტი დუმას გადაეცა ხელმოსაწერად.

ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაატარეს, არ ცნობს ოფიციალური კიევი და საერთაშორისო საზოგადოება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: