მთავარი,სიახლეები

უკრაინამ რუსეთისგან უფრო მეტი იარაღი „მიიღო“, ვიდრე პარტნიორებისგან – ფორბსი

29.09.2022 • 2094
უკრაინამ რუსეთისგან უფრო მეტი იარაღი „მიიღო“, ვიდრე პარტნიორებისგან – ფორბსი

Forbes-ის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, ნადავლის სახით რუსეთისგან „მიიღო“ თითქმის 400 ტანკი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და 170 საარტილერიო სისტემა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პარტნიორი ქვეყნების მიერ მიწოდებული დახმარება.

გამოცემა წერს, რომ ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა უამრავი ვიდეო, რომლებზეც მიტოვებული რუსული ტექნიკა, საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობები ჩანდა. იქ აღმოჩენილი ტექნიკისა და იარაღის რაოდენობის გამო იზიუმის ტყეებს „შერვუდის ტყეები“ დაარქვეს, მიტოვებულ რუსულ საწყობებს კუპიანსკსა და ბალაკლეაში კი – „ალადინის გამოქვაბულები.“

„კეთილი ნების“ ნიშნად და ნაჩქარევი „გადაჯგუფების“ შედეგად უკრაინისთვის „გადაცემული“ ტანკების, ჯავშანმანქანებისა და საარტილერიო სისტემების რაოდენობით რუსეთმა შეერთებულ შტატებს, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

„ათობით ერთეული ტექნიკა, რომელიც რუსებმა უკრაინაში მიატოვეს, მარტივად შეიძლება შეკეთდეს, ზოგიერთ მათგანს უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი აქვს. საბრძოლო მასალებისა და იარაღის ნაცვლად, რუსები ხშირად ნაძარცვი ტექნიკისა და ფერადი მეტალების წაღებას ამჯობინებდნენ, იარაღს კი საჩუქრად უკრაინის არმიას უტოვებდნენ,“ – წერს Forbes-ი.

საიტ Oryx-ის თანახმად, მხოლოდ ხარკოვში და მხოლოდ ვიდეო და ფოტომასალებზე ასახულის მტკიცებულებებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნადავლის სახით 97 ტანკი, 159 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 55 საარტილერიო სისტემა მიიღო. ეს შეიარაღება სრულიად საკმარისია ერთი სატანკო ბრიგადის ან ორი მექანიზებული ბრიგადის ფორმირებისთვის.

„თუმცა ცხადია, რომ ყველა ნადავლი კამერის ობიექტივში ვერ მოხვდებოდა. ამიტომაც მტრის ტექნიკის რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტი შეიძლება იყოს,“ – აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ საერთო ჯამში, მხოლოდ ხარკოვის კონტრშეტევის შედეგად რუსეთმა უკრაინას 400 მილიონი დოლარის ტექნიკა და იარაღი „აჩუქა“.

ტანკები

პროექტ Oryx-ის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის არმიამ რუსეთის 387 ტანკი ჩაიგდო ხელში. რუსეთის შემდეგ ტანკების ყველაზე დიდი მიმწოდებელი უკრაინისთვის პოლონეთია, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 300-მდე ტანკი გადასცა.

უკრაინას თავისი საბჭოთა ტანკები მისცა ჩეხეთმაც – 70 ერთეული. 8 ტანკით დაეხმარა ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონია.

საერთო ჯამში, უკრაინამ რუსეთისა და პარტნიორებისგან დაახლოებით 750 ტანკი მიიღო. გამოცემა წერს, რომ ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის დასაწყისში ჰქონდათ. The Military Balance-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებაში 2021 წელს 858 ტანკი შედიოდა.

ჯავშანტექნიკა:

ომის 7 თვეში უკრაინის არმიამ ბრძოლაში დაახლოებით 690 ერთეული ჯავშანტექნიკა მოიპოვა. ეს იმაზე მეტია, რაც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას 200 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი M113, 100 სამედიცინო ჯავშანმანქანა, 40 ჯავშანმანქანა M1224 MaxxPro და რამდენიმე ასეული HUAMWEE გადასცა.

თურქეთთან გაფორმებული კონტრაქტით უკრაინა თურქეთისგან 200 ჯავშანმანქანა Kirpi-ს ყიდულობს. მათი ნაწილი უკვე უკრაინაშია.

136 ჯავშანმანქანა M113 უკრაინას დანიამ, ავსტრალიამ, ლიეტუვამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ გადასცეს.

დამატებით, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცეს 200 სახეობის სხვადასხვა ჯავშანმანქანა. კიდევ 200 საბჭოთა ჯავშანტექნიკა კი – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

საბოლოოდ, უკრაინამ მიიღო და ნადავლის სახით მოიპოვა 2 300 ერთეული ჯავშანტექნიკა. ესეც დაახლოებით იმდენივეა, რაც ომის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდა.

არტილერია:

რუსეთმა არტილერიის რაოდენობაშიც გადაასწრო შეერთებულ შტატებს – 167 საარტილერიო სისტემა დატოვა უკრაინის ტერიტორიაზე. მათი მესამედი – უკრაინელთა კონტრშეტევის ბოლო რამდენიმე კვირაში.

დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას დაახლოებით 500 ერთეული არტილერია გადასცეს. ესაა როგორც საბჭოთა ტექნიკა, ისე თანამედროვე სისტემები.

როგორც Forbes-ი წერს, ამჟამად, ბრძოლის ველზე რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით 350 ერთეული NATO-ს კალიბრის არტილერია გამოიყენება. უცნობია, საბჭოთა სისტემების ზუსტი რაოდენობა.

ომის დასაწყისში უკრაინას შეიარაღებაში დაახლოებით 1 540 საარტილერიო სისტემა ჰქონდა.

„ვიდრე დასავლური ბიუროკრატიის გამო ხშირად თვეები სჭირდება იმას, რომ უკრაინამ მძიმე შეიარაღების თანამედროვე სისტემები მიიღოს, რუსეთის არმია გულუხვად ტოვებს უკრაინის ტყეებსა და სტეპებში ათობით და ასობით ერთულ სამხედრო ტექნიკას. მართალია, ეს ძველი და არათანამედროვე ტექნიკაა, თუმცეს მაინც უკეთესია, ვიდრე არაფერი“ – წერს გამოცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: