განათლება,მთავარი,სიახლეები

რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ

30.09.2022 • 2402
რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ

რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაადგინა. სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: გაზიარებული ლიდერობა და სისტემური ლიდერობა. შეცვლის თუ არა რაიმეს სკოლებში ახალი სტანდარტი, ამ თემაზე „ბათუმელები“, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მორის, რას ფიქრობთ ახალ სტანდარტზე, რამდენად განხორციელებადია ის ქართულ სკოლებში?

რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი არ არის მარტივად მისაღწევი, რადგან დირექტორის მხრიდან ყოველდღიურ შრომას საჭიროებს, თუმცა, არც წინ იყო ადვილი.

დოკუმენტის დონეზე, აქ საგანმანათლებლო ლიდერის პროტოტიპია მოცემული, თუ ამას პრაქტიკულადაც ხორცი შეესხმება, ეს იქნება იდეალური.

მაგალითად, პირადად მე, წელს მასწავლებლებს რომ შევხვდი ვუთხარი – „აღარ ვიქნები მენეჯერი დირექტორი“, აღარ მომწონს ეს და მინდა ვიყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჩემი საქმიანობის 99 პროცენტიც მინდა, რომ  სკოლაში ხარისხის განვითარებას დავუთმო.

  • ახალი სტანდარტი ამას უფრო მეტად ითხოვს დირექტორისგან?

კი, უფრო მეტად ორიენტირებულია საგანმანათლებლო ლიდერობაზე. დოკუმენტის დონეზე მოგეწონება, მაგრამ აღსრულების ნაწილში რამდენად იქნება შესაძლებელი, გამოაჩენს დრო.

იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციური ადამიანი იქნება სკოლის დირექტორი და ეყოლება გუნდი, რომელსაც სურს ცვლილებები. მარტო, ეს შეუძლებელია. ამიტომ ასეთი გუნდის შესაკრებად სკოლას თავისი ავტონომია უნდა ჰქონდეს.

  • რაც დღეს ნაკლებად აქვს? ამაზე ხომ ხშირად საუბრობენ განათლების სფეროში, რომ დღეს დირექტორები რეალურად არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები.

ვფიქრობ, თუკი დირექტორს შეარჩევ, შემდეგ მას უნდა ენდო. თუ სკოლაში ისეთი ადამიანი გყავს დირექტორად, რომელიც ამ ეტაპზე იმედებს ვერ ამართლებს, გინდა, რომ გადაამზადო და შემდეგ მისცე დამოუკიდებლობა, ესეც მესმის.

არის შემთხვევები, როცა დირექტორს არ შეუძლია ავტონომიურად მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიძლება სჭირდებოდეს მას დახმარება, მაგრამ არა ის, რომ ვინმემ მის მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება.

  • სკოლების უმრავლესობას დღეს ჰყავს არა არჩეული, არამედ სამინისტროსგან დანიშნული დირექტორები. ბოლოს ჩანიშნული არჩევნებიც გადაიდო. ასეთ პირობებში შესაძლებელია კი, დირექტორი ისეთი იყოს, როგორსაც სტანდარტით ითხოვენ?

მე, პირადად, არჩეული დირექტორი ვიყავი, ერთი ვადა დავასრულე, ახლა ვარ მოვალეობის შემსრულებელი. ჩემი აზრით, არჩევნების გადადება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ კონკურსანტთა რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან დირექტორების ტესტირება 2020 წელს იყო დაგეგმილი და ამას პანდემიამ შეუშალა ხელი.

ტესტირების შედეგად უფრო მეტ ადამიანს ექნება დირექტორების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან მოვალეობის შემსრულებლების ნაწილსაც ტესტირება არ აქვთ ჩაბარებული.

მე, პირადად, არასდროს მიგრძნია, რომ მოვალეობის შემსრულებლობა ხელს მიშლის სკოლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში.

  • თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ დირექტორს, კარგი გუნდის გარეშე, გაუჭირდება ახალი სტანდარტებით მუშაობა. თუმცა ბევრი კრიტიკა ისმის სკოლის კონკურსებთან დაკავშირებით. მარტო ამ კვირაში რამდენიმე ადამიანის პოსტი წავიკითხე იმაზე, რომ არ ენდობიან ამ კონკურსებს, რადგან პედაგოგებად მაინც ნეპოტიზმით საქმდებიან ადამიანები. იქნება ასეთი დირექტორი ლიდერი?

მე მაქვს გამოცდილება, როცა წინა სკოლაში ახალი კადრებით ჩავანაცვლე ძველი კადრები, ამით გავზარდე სკოლის ავტორიტეტი და შესაძლებლობები, რაც წარმატებული გამოდგა.

ამ სკოლაში კი, სადაც 300 მოსწავლე გვყავდა, წლევანდელი წელი 600 მოსწავლით დავიწყეთ, იმდენად გაიზარდა სკოლის ავტორიტეტი. აქ რამდენიმე ახალი კადრი ავიყვანეთ, უფრო მეტად ვიმუშავე ძველ კადრებზე და მათი შესაძლებლობები წამოვწიე წინ.

უამრავი ღონისძიება ჩავატარეთ, განვახორციელეთ ბევრი სხვადასხვა აქტივობა, წარმოვაჩინეთ მათი უნარები, რაც აქამდე არ იყო სათანადოდ დანახული და გამოყენებული.

ეს დაინახეს მშობლებმაც და მათი ნდობაც გაიზარდა. არაერთი კლასი გვყავს, სადაც ადგილი აღარ გვაქვს.

  • რას ნიშნავს ლიდერი სკოლა, მარტო იმას, რომ ბევრი ღონისძიება მოაწყოს, რაღაც აქტივობები გააკეთოს, თუ განათლების ხარისხი უნდა განსაზღვრავდეს ამას?

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს მიდგომა სისტემური ყოფილიყო. გვეზრუნა სკოლის უსაფრთხოებაზეც, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდაზეც, რადგან ფინანსურად ეს მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დააფინანსო საინტერესო პროექტები, რომელიც სასწავლო პროცესში ხორციელდება.

ვიზრუნეთ იმაზეც, რომ მასწავლებლის პროფესია თემში დაფასებული ყოფილიყო, ახლა კი დადგა დრო, რომ უფრო მეტად ხარისხზე ვიზრუნოთ. ამიტომ ვთქვი, რომ მინდა საგანმანათლებლო ლიდერი ვიყო-მეთქი.

ჩვენს სკოლას ბოლო რამდენიმე წელი 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი მოსწავლე არ ჰყოლია, წელს კი 70 პროცენტიანი გვყავს, გაიზარდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა და კომპიუტერის მიმღები ბავშვთა რაოდენობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი რეალურად აისახა მოსწავლეებზე.

  • მასწავლებლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ „ჩემმა მოსწავლემ ჩააბარა“, თუმცა ამ რეალურად, ამ მოსწავლის უკან რეპეტიტორიც შეიძლება იდგეს. ვისი დამსახურებაა მოსწავლის წარმატება, სკოლის თუ რეპეტიტორის, ეს რით იზომება?

ვერ გეტყვით, რამდენი ბავშვი ემზადება ჩემი სკოლიდან რეპეტიტორთან, ვერც იმას ვიტყვი, რომ აბიტურიენტის წარმატებაში მათ არ მიუძღვით წვლილი. თუმცა არა მგონია, ერთი წლის განმავლობაში რომ ემზადა ბავშვმა, ამაზე იყოს მხოლოდ მისი წარმატება დამოკიდებული.

ჩვენ უკვე წლებია მოსწავლეების პორტფოლიოს ვაკეთებთ, სადაც აღწერილია, რა წარმატებას მიაღწია მან სასწავლო წლის განმავლობაში, იქნება ეს საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობები, როგორ იყო ის ჩართული სასკოლო პროცესებში, ეროვნულ ოლიმპიადებზე რა მიღწევები აქვთ. სწორედ ასეთი ბავშვები არიან ეროვნულ გამოცდებზეც უფრო წარმატებულები.

ის რეპეტიტორებიც ხომ მასწავლებლები არიან, მაგრამ თუ მასწავლებელი სახლში უფრო მეტად იხარჯება, ვიდრე სკოლაში, ეს უკვე სკოლის ბრალია. სკოლამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ამაში იგულისხმება სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა.

აბა რას აკეთებს სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფი ან დირექტორი, ამ პულსზე უნდა ედოს ხელი აუცილებლად, რადგან მიმაჩნია, რომ მოსწავლემ ეროვნული გამოცდის ყველა საგანი სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა ჩააბაროს.

  • თუ ეს არ ხერხდება?

მაშინ სხვა მიმართულებით უნდა ვიაროთ. მე მქონია შემთხვევები, როცა მშობელს უთქვამს, რომ მისი შვილი რეპეტიტორთან უნდა წავიდეს, როცა საგაკვეთილო დროა. მე ვეუბნები მშობლებსა, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც, რომ გვითხარი ის, რაც არ მოგწონს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაუმჯობესებელი? ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის უმნიშვნელოვანესი, თუ გინდა რომ მიაღწიო წარმატებას და არა რეპეტიტორი.

მას აქვს თავისი წილი, მაგრამ თუ პროცენტულად შევხედავთ, სკოლის წვლილი უფრო მეტია რეალურად. არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მოსწავლეს ან მშობელს ჰქონდა არგუმენტირებული წინადადება და არ გაგვეთვალისწინებინა.

რა თქმა უნდა, გლობალურია ეს პრობლემა, მაგრამ ლოკალურად, ჩემი სკოლის მაგალითზე თუ გეტყვით, ხშირად მშობელი უფრო დაიმედებულია, როცა რეპეტიტორთან დაჰყავს შვილი, რადგან ჰგონია, რომ უფრო სწავლობს, რაც ასე არ არის.

  • მასწავლებლები ტექნიკურად აღჭურვილ კლასებს ითხოვენ. ბევრი გვეუბნება, რომ კლასში სადაც ინტერნეტი, კომპიუტერი, ან პროექტორი არ არის, იქ რთულია კარგი გაკვეთილის ჩატარება. თქვენს მასწავლებლებს ყველაფერი აქვთ ამისთვის?

ვისაც სჭირდება, ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას ვუქმნით. ყველა რესურსია ხელმისაწვდომია მათთვის. კომპიუტერული ტექნიკის სტრატეგიაც შევიმუშავეთ და „დღეს მე მათხოვეთ რა კომპიუტერი“ – ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს სკოლაში.

მოვიძიეთ რესურსები, ზოგი გრანტით, ზოგიც მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გადმოგვეცა და ახლა ვმუშაობთ, რომ იდეათეკაც გვქონდეს სკოლაში. ვფიქრობ, წელს ამასაც შევძლებთ.

  • სკოლების პოლიტიზებაზეც გკითხავთ. გოგაშვილის ეგრეთ წოდებული ფაილებზე გსმენიათ ალბათ, სადაც  ეწერა, ვინ უნდა დარჩენილიყო დირექტორის თანამდებობაზე და ვინ არა. მაშინ როცა სუს-ის იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, შეძლებს კი ასეთი დირექტორი იყოს დამოუკიდებელი და ლიდერი?

მე მირჩევნია ვისაუბრო საგანმანათლებლო საკითხებზე, ვიდრე ამაზე – ეს არ არის ჩემი სფერო.

  • თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სკოლის დეცენტრალიზაციაზე და დირექტორის ლიდერობაზე ვლაპარაკობთ. სხვა დანარჩენიც ხომ ამაზეა დამოკიდებული?

არ ვიცი რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. ჩემი სკოლა მაგ სიაში არ ყოფილა.

თუ გვინდა, რომ კარგი დირექტორი გვყავდეს, ამ პროცესში განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და სკოლა უნდა მონაწილეობდეს. მათ უნდა შეეძლოთ შეარჩიონ საუკეთესო კადრი.

  • კერზაიას საქმეც ხომ გახსოვთ, შეუძლია მმართველ პარტიას სკოლის აუდიტის ბერკეტი დირექტორის წინააღმდეგ გამოიყენოს?

ვფიქრობ, სკოლების ფინანსური მონიტორინგის ნაწილი სკოლების მხარდასაჭერად არის ჩადებული კანონში და არა დასასჯელად.

მეც გავიარე გასულ წელს შიდა აუდიტის შემოწმება, მაგრამ ყველა რეკომენდაცია, რაც აუდიტმა გასცა, ადეკვატური იყო. ის ცუდი მაგალითები, რაც თქვენ დაასახელეთ, მე არ გამომიცდია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

მე მინდა რომ ჩემზე, როგორც დირექტორზე ადამიანებს დოკუმენტების დონეზე ჰქონდეთ წარმოდგენა და არა აღქმის დონეზე. მე შემიძლია თამამად ვისაუბრო იმაზე, რაც მე გადამხდენია, სხვაზე კი მხოლოდ შემიძლია მოსაზრებები გამოვთქვა.

  • თქვენ რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?

ერთადერთი, შეიძლება ეს იყოს დროის ფაქტორი, რომ დაგეგმილ ვადაში სკოლის დირექტორმა ვერ შეძლოს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება.

სხვა მხრივ, ეს სტანდარტი ძალიან კარგია. უბრალოდ, ვინც ახლა იწყებს დირექტორად მუშაობას, მას შესაძლოა უფრო სწრაფად სიარული დასჭირდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: